ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR) ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან ერთად (ხულო LAG) აცხადებს სოფლის განვითარების მესამე საგრანტო კონკურსს ხულოს მუნიციპალიტეტში.
სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსის მიზანია ხულოში საცხოვრებელი და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება ხულოს 2018-2022 წლების ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებისა და საკვანძო ამოცანების შესაბამისად. ასევე, ხელი შეუწყოს ხულოს მუნიციპალიტეტში Covid-19_ის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ ცნობიერების ამაღლების, პოპულარიზაციისა და მოწყვლადი ჯგუფების დახმარების მიმართულებით. ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით ექვსი პრიორიტეტული მიმართულებაა განსაზღვრული:
- ტურიზმი სოფლად;
- სოფლის მეურნეობა;
- კომუნალური და სოციალური ინფრასტრუქტურა;
- კულტურა, ჯანდაცვა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობა;
- არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობები;
- გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა;
სოფლის განვითარების წინამდებარე საგრანტო კონკურსი ვრცელდება ხულოს მუნიციპალიტეტის მთლიან ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე. გრანტები გადაეცემა მხოლოდ იმ პროექტებს, რომლებიც ასახავენ ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრულ პრიორიტეტებს. პრიორიტეტი მიენიჭება პროექტებს, რომლებიც პასუხობს ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ამოცანებსა და სტრატეგიულ აქტივობებს (იხ. ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგია 2018-2022, გვ. 5-6). გრანტი არ გაიცემა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებმაც ENPARD ხულო სოფლის განვითარების კონკურსის ფარგლებში უკვე მიიღეს დაფინანსება ან გამოვლინდნენ გამარჯვებულად. შეზღუდვა ვრცელდება გრანტის მიმღების ოჯახის წევრებზეც. გრანტები ხელმისაწვდომია საჯარო, სამოქალაქო და ბიზნეს პროექტებისთვის.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირველ ეტაპზე, უნდა წარმოადგინონ სრული პროექტის განაცხადის ფორმა 2020 წლის 6 აპრილიდან, 4 მაისი 17:30 საათამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
განაცხადების შევსება და გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: info.enpard.khulo@caritas.cz