ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი რაჭაში ორ პროექტს განახორციელებს
10. ივლისი 2020 სიახლეები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი რაჭაში ორ პროექტს განახორციელებს

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა სლოვაკურ ორგანიზაცია “SOSNA”-სთან თანამშრომლობით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში, სლოვაკეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს (Slovak Aid) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო ორი პროექტის „კორონავირუსით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შემსუბუქება” და „მწვანე აქტივობების მხარდაჭერა ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების გზით“ განხორციელება.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის წარმომადგენლებმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში შეხვედრები გამართეს სახელმწიფო რწმუნებულთან არჩილ ჯაფარიძესთან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარესთან ასლან საგანელიძესთან, ონის მუნიციპალიტეტის მერთან დავით ჩიკვაიძესთან, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან შუქურა ჯაფარიძესთან და ასევე ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულების წარომადგენლებთან.

მხარეებმა განიხილეს პროექტებით გათვალისწინებული აქტივობები და შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე. პროექტი „კორონავირუსით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შემსუბუქება” ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის საგრანტო მხარდაჭერას და მოწყვლადი ფენების დახმარებას სასოფლო-სამეურნეო საშუალებებით.

პროექტი „მწვანე აქტივობების მხარდაჭერა ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების გზით“, რომელიც ხორციელდება ონის მუნიციპალიტეტში ითვალისწინებს ადგილობრივ დონეზე ნარჩენების მდგრადი მართვის მოდელის შემუშავებას, ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის შექმნას და მართვისათვის საჭირო შესაძლებლობების გაძლიერებას, ბიოდეგრადირებადი ნარჩენების გამოყენების პრაქტიკის დანერგვასა და მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერებას ნარჩენების გადამუშავებასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.