2020 წლის 24 სექტემბერს, ზუგდიდის სკრინინგ ცენტრს საქართველოში ისრაელის საგანგებოდა და სრულუფლებიანი ელჩი რან გიდორი ეწვია და მაშავის ცენტრის მხარდაჭრით, საჩუქრად გადასცა გინეკოლოგიურ და ქირურგიულ ხელსაწყოებს ჩეხეთი რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელთან, იან ბლინკასთან ერთად.
ამ აქციით მხარეები შეუერთდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საინფორმაციო კამპანიას „გამოწვევა - კიბოს სკრინინგი 2020!“ და აღნიშნავენ „მეწამულ სექტემბერს“ - გინეკოლოგიურ ორგანოთა კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო თვეს, რითაც კიდევ ერთხელ შეახსენებენ მოსახლეობას ონკოგინეკოლოგიური დაავადებების პრევენციის და სკრინინგის მნიშვნელობას.
წელს ამ კამპანიის მთავარი გზავნილი არის ცნობიერების ამაღლება ონკოგინეკოლოგიური დაავადებების სიმპტომების და ადამიანის პაპილომა ვირუსის (აპვ) პრევენციის შესახებ, რომლის ელიმინაციასაც ისახავს მიზნად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალური სტრატეგია.
ადამიანის პაპილომა ვირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი მიზეზია, რომელიც ქალთა შორის მეოთხე ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2018 წელს საშვილოსნოს ყელის კიბო 570 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ სავალალო სტატისტიკის გასაუმჯობესებლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომპლექსური მიდგომა ითვლება ეფექტურ გზად: დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ვაქცინაცია, მეორეული პრევენცია (სკრინინგი) და დროული მკურნალობა.
ინფორმაციისთვის, საქართველოში 2008 წლიდან არის ხელმისაწვდომი კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამები, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კი 2019 წლის ნოემბერში გაიხსნა ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, რამაც ხელი შეუწყო რეგიონში სახელმწიფო პროგრამების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდას. პროგრამების ფარგლებში უკვე 1000-ზე მეტმა მოქალაქემ შეძლო ესარგებლა სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებით ადგილზე.
ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში ხელმისაწვდომია სახელმწიფოს დაფინანსებით საშვილოსნოს ყელის (25-60 წლის ქალბატონებისთვის), სარძევე ჯირკვლის (40-70 წლის ქალბატონებისთვის), მსხვილი ნაწლავის (50-70 წლის მოსახლეობისთვის), პროსტატის (50-70 წლის მამაკაცებისთვის) სახელმწიფო პროგრამები. ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით კი შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეული გამოვლენის პროგრამაში ჩართვა.