პანდემიასთან უკეთესად საბრძოლველად, ჩეხეთის კარიტასმა ESCUAC-ს პულსოქსიმეტრები გადასცა
14. ივლისი 2021 სიახლეები

პანდემიასთან უკეთესად საბრძოლველად, ჩეხეთის კარიტასმა ESCUAC-ს პულსოქსიმეტრები გადასცა

COVID-19-ის პანდემიის დაწყებისთანავე, ჩეხეთის კარიტასმა (CCR) თავისი აქტივობები დაუყოვნებლივ მიმართა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მხარდასაჭერად, რათა მას დროულად და ეფექტიანად ეპასუხა შექმნილი არასტანდარტული სიტუაციისთვის. Visegrad-ის ფონდის მხარდაჭერით, კარიტასმა მნიშვნელოვნად შეამსუბუქა დასავლეთ საქართველოს სოფლის ექიმების სამუშაო პროცესი.

ამ მიზნით, ჩეხეთის კარიტასის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა – იან ბლინკამ ‘საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრს’ (ESCUAC) პულსოქსიმეტრები გადასცა. აღნიშნული სამედიცინო ინვენტარი განკუთვნილია სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონების, ასევე, დუშეთის მუნიციპალიტეტის ამბულატორიებისთვის.

„მოხარული ვარ, რომ იმ სამედიცინო ინვენტარის უზრუნველყოფა შეგვიძლია, რომელიც სისხლში ჟანგბადის დონის განსაზღვრისათვის არის საჭირო. კოვიდპაციენტებისთვის სისხლში ჟანგბადის დაბალი მაჩვენებელი, შესაძლოა, სამედიცინო ინტერვენციის საჭიროების ერთ-ერთი ადრეული ნიშანი იყოს,“ – განაცხადა იან ბლინკამ.

DSC01082

პულსოქსიმეტრების გადაცემა Visegrad-ის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილია. პროექტის დაწყებიდან, 2021 წლის იანვრიდან, ჩეხეთის კარიტასმა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და მიმდებარე რეგიონების ამბულატორიებს დამცავი აღჭურვილობა, სამედიცინო ინვენტარი და კომპიუტერები გადასცა. ამასთან, ე.წ. კოვიდსასტუმროებს პორტატული ჟანგბადის კონცენტრატორები ჩაუტანა, რომლებიც კოვიდპაციენტებში სიცოცხლისთვის საშიში რესპირატორული პრობლემების სამართავად გამოიყენება. პროექტმა მოიცვა 500-ზე მეტი ექიმი და ექთანი სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში.

“ჩვენს ცენტრსა და ჩეხეთის კარიტასს წარმატებული ურთიერთთანამშრომლობის საკმაო გამოცდილება აქვთ. დღეს ჩეხეთის კარიტასმა ჩვენს ცენტრს პულსოქსიმეტრები გადასცა, რომელიც სოფლის ამბულატორიებს და ექიმებს გადაეცემათ, რაც მათ მნიშვნელოვნად დაეხმარებათ COVID-19-ის მართვაში. მადლობას ვუხდით ჩეხეთის კარიტასს ამ მნიშნელოვანი მხარდაჭერისთვის.” – განაცხადა გიორგი თავდიშვილმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ.

ჩეხეთის კარიტასის როლი ESCUAC-ს მხარდასაჭერად

ჩეხეტის კარიტასი საქართველოს ჯანდაცვის სისტემას 2015 წლიდან უჭერს მხარს და მიზნად სისტემური ცვლილებების ხელშესახები შედეგებით მიღწევას ისახავს. COVID-19-ის პანდემიის გაჩენის შემდეგ, კარიტასის გუნდმა დაუყოვნებლივ შეცვალა ტრადიციული სამუშაო კურსი და პროექტების აქტივობები შექმნილი არასტანდარტული სიტუაციის მართვის მხარდასაჭერად მიმართა. ამრიგად, პანდემიასთან ბრძოლა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახდა.

აღსანიშნავია, რომ Visegrad-ის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის კარიტასის ექსპერტებმა ჩაატარეს ტრენინგები კოვიდსასტუმროების სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა ამგვარი პაციენტების მდგომარეობის მონიტორინგსა და მათთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევას. ტრენინგი ასევე ფოკუსირებული იყო დამძიმებული პაციენტების მართვაზე მათი კლინიკაში გადაყვანამდე.

პანდემიის პერიოდში, ჩეხეთის კარიტასმა თავისი აქტივობების ფარგლებში, სოფლის ექიმების მხარდასაჭერად ონლაინტრენინგები COVID-19-ის საეჭვო შემთხვევების, პოსტ-კოვიდ გართულებებისა და ვაქცინაციის გვერდითი ეფექტების მართვის შესახებ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა; ასევე, კლინიკური პრაქტიკის უფრო ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სოფლის ამბულატორიებს 50 ცალი კომპიუტერი გადასცა.

visegrad_fund_logo_blue_800px-1download

უფრო მეტი ამავე თემაზე:

ჩეხეთის კარიტასის პარტნიობა ვიშეგრადის ფონდთან საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის