ხულოს მუნიციპალიტეტში, COVID-19 თან დაკავშირებული საჭიროებების საპასუხოდ, ადგილობრივ ჰოსპიტალს გადაეცა 19000 ლარამდე ღირებულების სამედიცინო ინვენტარი და სახარჯი მასალები, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში.
აქციის მიზანია ხულოს ჰოსპიტალის მობილიზაციის ხარისხის გაზრდა, რათა პანდემიის პირობებში, უზრუნველყოს სამედიცინო სერვისების მიწოდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის და დაიცვას უსაფრთხოების შესაბამისი ზომები.
გადაცემული სამედიცინო ინვენტარი მოიცავს სამედიცინო ნიღბებს, სახის დამცავ ფარებს, სათვალეებს, ერთჯერად ხალათებს, კომბინიზონებს, პაციენტის დაკვირვების მონიტორებსა და სხვა ინვენტარს.
„აღსანიშნავია რომ მსგავსი ღონისძიება არ იყო გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში, თუმცა საჭიროებიდან და ფორს-მაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, მივიღეთ ადგილობრივი საავადმყოფოს ინიციატივა. გატარებული ღონისძიებები გაზრდის ხულოს მოსახლეობაში ადგილობრივი ჰოსპიტალის სანდოობას, რაც მნიშვნელოვანია პანდემიის დროს პანიკისა და კრიზისის გამწვავების პრევენციისათვის. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, პოსტ პანდემიური პერიოდისათვის ეკონომიკური და სოციალური კრიზისების ზეგავლენის შემცირებისთვის“ აღნიშნავს ENPARD ხულო პროექტის მენეჯერი გიორგი მურვანიძე.
ხულოს ჰოსპიტალში 70-მდე თანამშრომელი მუშაობს და ყოველდღიურად სხვადასხვა სახის საკონსულტაციო და სამედიცინო მომსახურებას უწევს 85-90 ადგილობრივს. ჰოსპიტალის მთავარი ექიმის, რუსლან აბულაძის განცხადებით „საავადმყოფო ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკის შემცველი დაწესებულებაა პანდემიის პირობებში, შესაბამისად სამედიცინო პერსონალის აღჭურვა და უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვა უმნიშვნელოვანელია ჰოსპიტალის უხარვეზო მუშაობაში“.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.