მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად აღიარა, საქართველოს მთავრობის (სმ) მიერ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და გატარებული იქნა მთელი რიგი ღონისძიებები გლობალურ პანდემიასთან საბრძოლველად. საქართველოს მთვარობის ერთ-ერთ აუცილებელ და მყისიერ ქმედებას ოჯახის ექიმთა მიერ პაციენტების დისტანციური მომსახურება წარმოადგენდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ მეთოდის გამოყენებისთვის საჭირო გახდა ექიმების ტრენინგი. ტრენინგები განახორციელა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის გუნდმა, რომელმაც შექმნილ საჭიროებებზე სწრაფი რეაგირება მოახდინა და რამდენიმე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, 1000-მდე ექიმის ტრენინგი და მათი მუშაობის კონტროლი განახორციელა.
„თავიდანვე ცხადი გახდა, რომ პირველადი ჯანდაცვის სექტორი ჩართული უნდა ყოფილიყო COVID–19 ის შემთხვევების მართვაში, რადგან მხოლოდ ჰოსპიტალური სექტორი ვერ გაუმკლავდებოდა COVID– 19 ით ინფიცირებულ პაციენტთა მზარდი ნაკადის მიღებას. ამასთან, ეს უნდა გაკეთებულიყო დისტანციურად, პაციენტებთან უშუალო კონტაქტის გარეშე, რათა მინიმუმამდე შემცირებულიყო ინფექციის გავრცელება” - განმარტა რუსუდან ჩხუბიანიშვილმა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტების მენეჯერმა.
ტრენინგი შინაარსობრივად უკავშირდებოდა კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტს, რომელიც პირველადი ჯანდაცვის პროფესიული ასოციაციების მიერ მომზადდა და რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (MoILHSA) დაამტკიცა, ოჯახის ექიმთა მიერ COVID-19 საეჭვო შემთხვევების გამოვლენისა და მართვის მიზნით.
სამინისტროს ინიციატივით დაიგეგმა ონლაინ ტრენინგების ჩატარება ქალაქებში ფუნქციონირებადი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ოჯახის ექიმებისა და რეგიონებში მომუშავე სოფლის ექიმებისთვის, რაც მიზნად ისახავდა ქვეყნის მასშტაბით ყველა ექიმისათვის სრული და უახლესი ინფორმაციის მიწოდებას COVID 19–ის შემთხვევების დისტანციური მართვის შესახებ.
ჯანდაცვის ექსპერტთა მიერ ჩატარებული ტრენინგი
აპრილის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა 65 ონლაინ ტრენინგი ჩაატარა სოფლის თითქმის ყველა ექიმისათვის. დამატებით, ტრენინგები ჩატარდა გალის რაიონის ოჯახის ექიმებისთვის, ასევე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. ჯამში, მომზადდა 980 ექიმი ცხელებით გამოვლენილ საეჭვო შემთხვევათა მართვის, პაციენტებთან სატელეფონო კონსულტაციების გაწევის, COVID– ის აფეთქების დროს პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელებისა და ზოგადი ტიპის ქრონიკულ დაავადებების მართვის კუთხით.
„ტრენინგის პროცესში ყურადღება გამახვილდა არა მხოლოდ პროტოკოლის თეორიულ განხილვაზე, არამედ პრაქტიკაში მისი განხორციელების საკითხზე. სოფლის ექიმები განსაკუთრებული ინტერესით იღებდნენ მონაწილეობას დისკუსიებში. ჩვენ ასევე განვიხილეთ საინტერესო კლინიკური შემთხვევები და ვისაუბრეთ ამბულატორიებში ინფექციის გადაცემის აღმკვეთ პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე“ - განაცხადა ქეთევან ჯუღელმა, ტრენერმა იმერეთის რეგიონში და პირველადი ჯანდაცვის ექსპერტმა და ხაზი გაუსვა ექიმების უაღრესად აქტიურ მონაწილებას აღნიშნულ პროცესში.
”ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა მოგვცა უნიკალური შესაძლებლობა, გავცნობოდით პირველად სამედიცინო სისტემაში, სახელმწიფო პროტოკოლის შესაბამისად, COVID-19- ის მართვის საფუძვლებს, გვქონოდა პირველადი ჯანდაცვის უმაღლესი რანგის ექსპერტებთან უწყვეტი და უშუალო კომუნიკაცია, პროფესიული განვითარებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გადაუდებელ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების შეძენის შესაძლებლობა.“ - ამბობს თეა სახოკია, ოჯახის ექიმი, სოფელი ნოსირი 2 (სამეგრელოს რეგიონი, სენაკის მუნიციპალიტეტი).
ტრენინგის დასრულებიდან ოთხი კვირის განმავლობაში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა განახორციელა ყოველკვირეული ონლაინ კონსულტაციები სოფლის ექიმებისათვის, რომელიც ისეთივე წარმატებული აღმოჩნდა როგორც ტრენინგები.
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი COVID 19 თან დაკავშირებულ საჭიროებებს პასუხობს
2020 წლის აპრილ-მაისის პერიოდში, COVID-19- ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა გახდა. ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და ENPARDპროგრამის ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ონლაინ ტრენინგების გარდა განახორციელა COVID-19–თან დაკავშირებული სხვა ღონისძიებებიც, რაც მოიცავდა სამედიცინო აპარატურის მიწოდებასა და ათასობით საინფორმაციო ფლაერის დაბეჭდვას. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა COVID-19–ის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება აღმოუჩინა საქართველოს ხელისუფლებას, ექიმებსა და ზოგადად მოსახლეობას. აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე:
https://georgia.charita.cz/ras-vaketebt/akhali-ambebi/moqmedebis-droa