10 ივლისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის. ამ მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში შედგა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის კიდევ ერთი ახალი პროექტის „პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშეწყობა“ პრეზენტაცია.
ეს პროექტი არის გაგრძელება და გაფართოება 2017-2019 წლებში მიმდინარე პროექტისა, რომლის ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ეხმარებოდა სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის შეფასებასა და გაუმჯობესებაში, რისთვისაც პროექტის ფარგლებში შემუშავდა პჯდ მომსახურების ხარისხის შეფასების ელექტრონული ინსტრუმენტები და დაინერგა 5 სამედიცინო დაწესებულებაში.
2020 წლიდან ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი იწყებს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მხარდაჭერის მეორე ფაზას, რომელიც კიდევ უფრო ფართომასშტაბიან ცვლილებებს გამოიწვევს პირველადი ჯანდაცვის სექტორში. კერძოდ, პირველად ჯანდაცვაში დაინერგება ხარისხის მართვის ინსტრუმენტები და შეიქმნება უნიფიცირებული, ყოვლისმომცველი სტანდარტიზებული საინფორმაციო ელექტრონული სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს პირველადი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალებს იმუშაონ ერთიანი მაღალი ხარისხის სტანდარტებით.
პროექტის მიერ პირველადი ჯანდაცვის პერსონალისთვის განახლდება კვალიფიკაციის სტანდარტები და მოთხოვნები და ჩამოყალიბდება უწყვეტი სამედიცინო განათლების ელექტრონული სისტემა.
“ჩვენ შევდივართ იმ ფაზაში როდესაც იწყება პირველადი ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების ახალი ეტაპი, რომელსაც აქვს მეტად გრძელვადიანი მიზნები და ითვალისწინებს როგორც ელექტრონული საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვას პირველად ჯანდაცვაში, ასევე პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლების უნარ-ჩვევების გაძლიერებას. ამ მიზნების განხორციელებაში სამინისტროს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი უდგას გვერდით“, ამბობს თამარ გაბუნია, მინისტრის პირველი მოადგილე.
პროექტი სამწლიანია და ფინანსდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ.