22. თებერვალი 2021
სიახლეები
ჩეხეთის კარიტასმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტმა „ადრეული დასაწყისი დენვერის მოდელი“-ში 11 ქართველი სპეციალისტი მოამზადა.
რა არის დენვერის მოდელი?
დენვერის მოდელი 0-60 თვემდე ასაკის აუტიზმის სპექტრის დარღვევის (ასდ) მქონე ბავშვებთან მუშაობის თერაპიული მიდგომაა, რომელიც წაახალისებს კომუნიკაციას და უნარს, რათა ჩაერთონ ურთიერთობაში. ეს არის ურთიერთობაზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს მშობლებისა და ოჯახის წევრების ჩართულობას. ჩარევის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სოციალურ-ემოციური, კოგნიტური და ენობრივი უნარების განვითარებაზე.
სემინარი ტარდებოდა დისტანციურად და მოიცავდა ექვს 3-საათიან სესიას. სესიებს შორის თერაპევტები მუშაობდნენ ბავშვთან და იღებდნენ კანადელი სპეციალისტებისგან უკუკავშირს ბავშვთან თერაპიული მუშაობის სიზუსტეზე.
“დენვერის ადრეული ჩარევის ტრენინგის გავლა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო აუტიზმის სფეროში მომუშავე ქართველი სპეციალისტებისთვის. ეს პერიოდი ჩარევის თვალსაზრისით ყველაზე სენსიტიურია და მნიშვნელოვანია, სპეციალისტებს გვქონდეს სპეციფიური ცოდნა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ბავშვის პოტენციალი და ხელი შევუწყოთ მის განვითარებას. ჩეხეთის კარიტასის მხარდაჭერით, დენვერის ადრეული ჩარევის 2 დონის ტრენინგი გავიარეთ. მიხარია, რომ შესაძლებლობა მომეცა ამ ტრენინგების მონაწილე ვყოფილიყავი. მოდელი მყარ კვლევით მონაცემებზეა დაფუძნებული, რაც მის ეფექტურობას უსვამს ხაზს. ეს კი შესაძლებლობას მოგვცემს, განვითარების თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდიში, სწორი ჩარევა შევთავაზოთ ბავშვებსა და მათ ოჯახებს. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო იმ ოჯახებს, ვინც ტრენინგის პრაქტიკულ ნაწილში იყო ჩართული, მათი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს იმ უდიდესი წვლილისთვის, რომელსაც ამ სფეროს განვითარებისთვის იღებენ.” თინათინ ავსაჯანიშვილი, ადრეული ჩარევის სპეციალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბავშვის განვითარების ინსტიტუტი.
დენვერის მოდელის დანერგვა ხელს შეუწყობს საქართველოში ასდ-ის მქონე ბავშვებთან მტკიცებულებებზე დაფუძნებული თერაპიული მიდგომების გამრავალფეროვნებას და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
სემინარს უძღვებოდნენ დენვერის მოდელის სერტიფიცირებული კანადელი სპეციალისტები– მიქაელა ჯელენმა და ჯენეთ ჰარდერმა.