პროექტის მიზანია ვაქცინებისადმი ნდობისა და ინფორმირებულობის გაზრდა
პროექტი, რომელიც 2025 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება, მიზნად ისახავს სამიზნე მუნიციპალიტეტებში პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სამშობიარო სახლების შესაძლებლობების გაძლიერებას. ტექნიკური დახმარების, ტრენინგებისა და სისტემის გაუმჯობესების გზით, პროექტი უზრუნველყოფს, რომ უფრო მეტმა ბავშვმა შეძლოს სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ვაქცინაციის პროცესში დროულად ჩართვა.
პროექტის განხორციელების პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგმულია — გასულ კვირას წარმატებით ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი (ToT) ვაქცინაციის უკუჩვენებებსა და გვერდით მოვლენებზე. ტრენინგი მიზნად ისახავდა სამედიცინო პერსონალის ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერებას ვაქცინების უსაფრთხოებასთან, გვერდით მოვლენების მართვასა და მშობლებთან ეფექტურ კომუნიკაციასთან დაკავშირებით — განსაკუთრებით იმ თემებში, სადაც ვაქცინებისადმი უნდობლობა და სკეპტიციზმი მზარდია.
გეგმიური იმუნიზაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია. ის იცავს ბავშვებს სიცოცხლისთვის საშიში დაავადებებისგან, ამცირებს ეპიდემიის გავრცელების რისკს და ქმნის საზოგადოებრივ იმუნიტეტს, რაც იცავს იმ ადამიანებსაც, ვინც სხვადასხვა სამედიცინო მიზეზით ვერ ერთვება ვაქცინაციის პროცესში.
ტრენერთა ტრენინგის გარდა, პროექტი მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებული სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (SOP) შემუშავებას, სამედიცინო დაწესებულებების მხარდამჭერ სუპერვიზიასა და დამატებით ტრენინგებს იმუნიზაციასთან დაკავშირებულ კომუნიკაციის სტრატეგიებში.
პარალელურად, განხორციელდება საინფორმაციო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას და ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ადვილად გასაგები გზავნილების გავრცელებას. პროექტი ასევე გააუმჯობესებს ციფრულ სისტემებს — განახლდება იმუნიზაციის ელექტრონული მოდული, გაუმჯობესდება ელექტრონუნული მოწვევის სისტემა და სრულფასოვნად ამუშავდება ანალიტიკური მოდული.
პროექტის საბოლოო მიზანია სამიზნე მუნიციპალიტეტებში საზოგადოების ნდობის აღდგენა იმუნიზაციის პროცესისადმი და ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესება იმისთვის, რომ არცერთი ბავშვი არ დარჩეს დაუცველი ისეთი დაავადებებისგან, რომელთა თავიდან აცილებაც ვაქცინაციის მეშვეობით არის შესაძლებელი.