2024 წელი საქართველოსთვის გამოწვევებით აღსავსე იყო. მძიმე პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს არ შეუჩერებია უმნიშვნელოვანესი აქტივობების განხორციელება სხვადასხვა სექტორში. ფერმერებისთვის გაწეული მხარდაჭერიდან და მაღალმთაინ რეგიონებში კატასტროფის რისკის შესამცირებლად მიმართული აქტივობებიდან დაწყებული, ბავშვთა ადრეული განათლების ხელშეწყობითა და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების ციფრული უნარებით აღჭურვით დამთავრებული, ჩვენი ძალისხმევა ასობით ადამიანის უკეთესი მომავლისკენ იყო მიმართული. გასული წელი შევაჯამეთ ჩვენი წვლილით საინფორმაციო კამპანიებში სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე. და მაინც, როგორია 2024 წელს მიღწეული შედეგები?
ონის მუნიციპალიტეტი გახდა უფრო მედეგი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ
კლიმატის ცვლილება არის გლობალური გამოწვევა, რომელიც ხშირად იწვევს სტიქიურ კატასტროფებს და უარყოფით გავლენას ახდენს თემებსა და ეკონომიკაზე. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფები განსაკუთრებით მტკივნეულია საქართველოსთვის მისი მრავალფეროვანი და რთული გეოგრაფიის გამო, სადაც მცირე ტერიტორიაზე განსხვავებული კლიმატი გვხვდება. ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში კლიმატის ცვლილებით დამდგარი შედეგები განსაკუთრებით მძიმეა.
ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერით, გასულ წელს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა მხარი დაუჭირა ონის მუნიციპალიტეტის მზადყოფნას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების სწორად მართვის მიზნით. პროექტის გუნდმა დეტალურად შეაფასა საფრთხეები და ჩაატარა გეოლოგიური კვლევა იმისთვის, რომ უკეთ გაეგო თემის რისკები. მათ მჭიდროდ ითანამშრომლეს ადგილობრივ მთავრობასთან ონის მუნიციპალიტეტზე მორგებული საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის შესამუშავებლად, რომელიც მოიცავდა კომუნიკაციის სტრატეგიას კატასტროფების სხვადასხვა ასპექტების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისათვის.
პროექტის ინტერესი ადგილობრივი სკოლების გაძლიერებაც იყო. სწორედ ამიტომ მასწავლებლებისთვის ჩატარდა ტრენინგები კატასტროფის რისკის შემცირებასა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საკითხებზე. ტრენინგის შემდეგ პროექტი დაეხმარა სკოლებს საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების შემუშავებაში, რასაც მოჰყვა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ დაგეგმილი სიმულაციური წვრთნები. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ასევე შეიძინა და სკოლებს გადასცა აუცილებელი აღჭურვილობა სკოლების მედეგობის გასაძლიერებლად, მათი ტექნიკური შესაძლებლობების გასაზრდელად და სასკოლო საზოგადოების დასაცავად კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან.
ზემოაღნიშნული აქტივობები მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომლის მშვეობითაც ონის მუნიციპალიტეტს აქვს უკეთესი მზაობა კლიმატის ცვლილებით დამდგარ უარყოფით შედეგაბთან გასამკლავებლად.
საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ათობით ფერმერის შემოსავალი საგრძნობლად გაიზარდა
საქართველოში მესაქონლეობა ერთ-ერთი ყველაზე დაბალშემოსავლიანი, თუმცა პოპულარული საქმიანობაა. ფერმერები მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან, მათ შორის შეზღუდული ხელმისაწვდომობა განათლებაზე, თანამედროვე აღჭურვილობასა და ახალ ტექნოლოგიებზე. მიუხედავად ამ დაბრკოლებებისა, ისინი მაინც აგრძელებენ თავიანთი ფერმების გაუმჯობესებაზე ზრუნვას და ამ გზით, წვლილი შეაქვთ ადგილობრივ ეკონომიკაში.
ორწლიანი ინიციატივის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა მხარი დაუჭირა ქართველი ფერმერების უკეთეს წვდომას ადგილობრივ ბაზრებზე. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელი გახდა ბიზნესის განვითარების ხელშეწყობით, სანიტარული და ბიოუსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებითა და კავშირების გაძლიერებით კლიენტებსა და ფინანსურ რესურსებთან. პროექტის ექსპერტებმა იმუშავეს ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტებთან, ვეტერინარებსა და ფერმერებთან ერთად ხელოვნური განაყოფიერების, ცხოველთა მოვლის, საძოვრების მდგრადი მართვის, საკვების წარმოებისა და პირუტყვის სათანადო კვების პრაქტიკული უნარების გასავითარებლად.
პროექტი მოიცავდა ტრენინგებს ფერმერებისთვის, ვეტერინარებისა და ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტებისთვის და სადემონსტრაციო ნაკვეთების შექმნას ნაკვეთმორიგეობითი ძოვების ხელშეწყობისთვის. ასევე გაიცა გრანტები მეცხოველეობისთვის აუცილებელი აღჭურვილობის შესაძენად.
შედეგად, უფრო მეტმა ფერმერმა მიიღო ინფორმაცია მეცხოველეობის მდგრადი და პროდუქტიული პრაქტიკის შესახებ, რის შედეგადაც მათ აქვთ უკეთესი წვდომა ბაზრებზე და შესაბამისად გაზრდილი შემოსავლები.
ასობით საბავშვო ბაღის აღსაზრდელი იღებს უკეთეს მომსახურებას
საბავშვო ბაღები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ბავშვების ადრეულ განვითარებაში. სწორედ ამიტომ მასწავლებლები და ადრეული განათლების სპეციალისტები უნდა იყვნენ აღჭურვილნი უახლესი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნით პატარების ეფექტიანად და სწორად მხარდასაჭერად. საქართველოში სკოლამდელი განათლების სისტემა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს ხდის მის გაუმჯობესებაში ინვესტირებას და მისი განვითარების ხელშეწყობას.
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ქტიურად მუშაობს ბავშვთა ადრეული განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ბავშვთა ადრეული განათლების სექტორის გაუმჯობესებას ძირითად სფეროებზე ფოკუსირებით. გასულ წელს, პროექტმა იმუშავა ბავშვთა ადრეული განათლების ეროვნული პოლიტიკის გასაუმჯობესებლად, იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისტემა უფრო ეფექტიანი და ხელმისაწვდომი იყოს ყველა ბავშვისთვის, მათ შორის სპეციალური საჭიროების მქონე პატარებისთვის. ამავდროულად, პროექტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ახალი სპეციალისტების მომზადებაში და სერვისის მიმწოდებლების კვალიფიკაციის გაზრდაში.
გარდა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა, პროექტმა დანერგა ახალი სერვისები, რომლებიც მიზნად ისახავს ბავშვთა ადრეული განვითარებისა და ინკლუზიური სკოლამდელი განათლების სტრატეგიების განხორციელების ხელშეწყობას შერჩეულ მუნიციპალიტეტებში. ამ ძალისხმევამ ხელი შეუწყო უფრო ინკლუზიური, დამხმარე სასწავლო გარემოს შექმნას, რომელიც აკმაყოფილებს მცირეწლოვანი ბავშვების მრავალფეროვან საჭიროებებს და გზას უხსნის უფრო სამართლიანი და ეფექტური საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში.
გაიზარდა საქართველოს, სომხეთისა და მოლდოვის ახალგაზრდების ციფრული კომპეტენციები
საქართველოში უამრავ ახალგაზრდას არ აქვს სამუშაო და არ არის ჩართული ამა თუ იმ საგანმანათლებლო ან სასწავლო პროგრამაში. ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდებს, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლებს შორის, რომელთაგან ბევრი უმუშევარი და გარიყულია განათლების შესაძლებლობისგან. შედეგად, ბევრ ახალგაზრდას ჯერ კიდევ სჭირდება შრომის ბაზართან დაკავშირება, რადგან არ იცის რა არის საჭირო პირველი ნაბიჯების გადასადგმელად.
ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა განახორციელა საინტერესო ინიციატივა ციფრულ პროფესიებში მოწყვლადი ახალგაზრდების კომპეტენციების გაზრდის მიზნით. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ციფრული პროფესიების გზამკვლევი, რომელიც დაეხმარება კარიერულ მრჩევლებს ციფრულ კარიერაზე კონსულტაციების გაცემაში. ამან შესაძლებელი გახადა შემუშავებულიყო სახელმძღვანელო, რომელშიც თავმოყრილია ინფორმაცია ციფრული პროფესიების ზრდის, კარიერული კონსულტაციის პროცესისა და მოწყვლადი ახალგაზრდების სპეციფიკური გამოწვევების შესახებ. სახელმძღვანელო ასევე სთავაზობს ახალგაზრდებს ბარიერების გადალახვისა და დამხმარე ტექნოლოგიების გამოყენების სტრატეგიებს და ასახავს ციფრული პროფესიებისა და საგანმანათლებლო რესურსების კლასიფიკაციას.
სახელმძღვანელოზე დაყრდნობით, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ჩატარდა ტრენინგები, რომლებიც დაეხმარა მათ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღებაში. კონკურსის შედეგად შერჩეულმა გამარჯვებულებმა მიიღეს 2000 ევრო იმისთვის, რომ უზრუნველეყოთ ციფრული კარიერული კონსულტაციები სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის და დახმარებოდნენ მათ ციფრულ სამუშაო ბაზარზე ნავიგაციაში.
ცნობიერების ამაღლება სურსათის უვნებლობის თემებზე
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად საკვებით მოწამვლის ან მასთან დაკავშირებული დაავადებების 40 000-მდე შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა რეალური მონაცემები, გაცილებით მაღალია. ბევრი საკვები შეიცავს მავნე ნივთიერებას, რომლებმაც შესაძლოა დაუყოვნებლივ არ მოგვწამლოს, მაგრამ მათი განმეორებითი მოხმარებით, ამ ნივთიერებებმა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული და გრძელვადიანი პრობლემები.
2024 წლის შემოდგომაზე, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი შეუერთდა ევროკავშირის მხარდაჭერითა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ეგიდით მიმდინარე მნიშვნელოვან ცნობიერების ამაღლების კამპანიას სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ. 2025 წელს დაგეგმილი კამპანიის დაწყებას, 2024 წელს წინ უძღოდა საგრანტო კონკურსი რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების იდენტიფიცირებისა და შერჩეული ორგანიზაციების გაძლიერების მიზნით. მოგვიანებით აღნიშნულ ადგილობრივ ორგანიზაციებს დაევალათ თავიანთ თემებში ინდივიდუალურად ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმართვა.
2025 წელს ინიციატივა გავრცელდება ონლაინ და ადგილზე შეხვედრების რეჟიმში, რაც ფოკუსში მოაქცევს სურსათის უვნებლობის კრიტიკულ ასპექტებს მრავალი მიმართულებით. „მინდვრიდან სუფრამდე“ პრინციპზე დაყრდნობით, საინფორმაციო კამპანია ხაზს გაუსვამს, თუ როგორ ხდება საკვების წარმოება, გადამუშავება და მოხმარება, რაც მოუწოდებს ადამიანებს იფიქრონ საკვების უვნებლობაზე ყველა ნაბიჯზე. ამ ძალისხმევით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი იმუშავებს თემების ინფორმირებასა და გაძლიერებაზე, დაეხმარება მათ გააკეთონ უფრო უსაფრთხო და ჯანსაღი არჩევანი და საბოლოოდ, შეამცირონ საკვებით გამოწვეული დაავადებების რისკი მთელი ქვეყნის მასშტაბით.
საქართველოს განვითარება, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხისა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერას ეფუძნება
საქართველოში წარმომადგენლობის დაარსების დღიდან, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი გახდა ერთ-ერთი ლიდერი ორგანიზაცია ქვეყანაში სისტემური ცვლილებების ხელშეწყობისა და ადგილობრივი თემების გაძლიერების მიმართულებით. ევროკავშირის ქვეყნებისა და თავად ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა შეგვეცვალა ასიათასობით ადამიანის ცხოვრება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ამ ფასდაუდებელი პარტნიორობის მეშვეობით ჩვენ შევძელით დავხმარებოდით ქვეყნის პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, რამაც უზრუნველყო უკეთესი სპეციალისტები და შესაბამისად, მილიონობით ადამიანის წვდომა უკეთეს სერვისებზე. წლების განმავლობაში ვადვოკატირებდით სპეციალური საჭიროების მქონე პირთა უფლებების დასაცავად და მათთვის შესაბამისი სერვისების უზრუნველსაყოფად. ჩვენმა მუშაობამ პრაქტიკული მხარდაჭერა მოუტანა მუნიციპალიტეტებს, აღჭურვა ისინი შესაბამისი ინსტრუმენტებითა და ცოდნით, რათა დაიცვან გარემო და შეამცირონ კატასტროფის რისკები მაღალმთიან რეგიონებში.
კიბოს პრევენცია იყო კიდევ ერთი მთავარი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც ჩატარებული გვაქვს უამრავი საინფორმაციო შეხვედრა კიბოს პრევენციაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ხოლო ზუგდიდში ავაშენეთ ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი, რომელიც არის უალტერნატივო კლინიკა დასავლეთ საქართველოსა და ოკუპირებულ აფზახეთში მცხოვრები მოსახლებისთვის კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად. ჩვენმა ახალგაზრდულმა პროგრამებმა, განსაკუთრებით სპეციალური საჭიროების მქონე პირებს, გაუღო კარი განათლებისა და სამუშაო შესაძლებლობებისკენ.
ჩვენი სამუშაო შედეგების ერთ სტატიაში დატევა რთულია. წლების განმავლობაში, ყოველდღიურად, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვემუშავა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან, ვისმენდით მათ ისტორიებს და ვიზირებდით მათ იმედებს. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა საერთაშორისო დონორების ნდობისა და მხარდაჭერის წყალობით, რომელთა რწმენაც ჩვენი მისიის მიმართ გვაძლევს საშუალებას ვემსახუროთ ქართველ ხალხს მზრუნველობით, თავდადებითა და უკეთეს მომავალზე ფიქრით.
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის სახელით, გვინდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და გამოვხატოთ მადლიერება ყველა ჩვენი პარტნიორისა და მხარდამჭერის მიმართ. თქვენი ურყევი ერთგულება ქართველი ხალხის კეთილდღეობისადმი ცვლის ადამიანების ცხოვრებას, რისთვისად დიდ მადლობას გიხდით!