ჩეხეთის კარიტასი „ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის“ ორწლიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს
29. ნოემბერი 2021 სიახლეები

ჩეხეთის კარიტასი „ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის“ ორწლიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული "ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის" ორწლიანი სამუშაო შედეგები შეაჯამა. ცენტრი ერთადერთია რეგიონში, რომელიც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო სკრინინგპროგრამებს სთავაზობს.

ორწლიანი სამუშაოს შედეგები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა და პროექტის ფარგლებში ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციამ – ონკოპრევენციის ცენტრმა „ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის“ ორწლიანი მუშაობის შედეგი შეაჯამეს და დამსწრე საზოგადოებას კიბოს სკრინინგის შესახებ რეგიონის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ერთობლივი მუშაობის ათწლიანი სამუშაოს შესახებ უამბეს. ღონისძიებას დაესწრნენ ჩეხეთის საელჩოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლები, ასევე, ქალაქ ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია. ღონისძიების სტუმრებს „ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის“ დირექტორის, რემა ღვამიჩავას ხელმძღვანელობით, ცენტრის ადმინისტრაციულმა და სამედიცინო პერსონალმა უმასპინძლა.

ღონისძიება ჩეხეთის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ გახსნა, რომელმაც ხაზი გაუსვა სახელმწიფო სკრინინგპროგრამებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის:

"დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ორი წლის წინ, დაახლოებით ამ დროს, "ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი" გავხსენით და ეს თავისთავად უკვე მიღწევა იყო. დღეს კი ვხედავთ, რომ ცენტრი მუშაობს, ეხმარება ადამიანებს და ზრდის ცნობიერებას ონკოლოგიური დაავადებების პროგრამების შესახებ რეგიონში. მოხარულები ვართ, რომ მხარს ვუჭერთ სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობასა და იძულებით გადაადგილებულ პირებს აფხაზეთიდან, რომელთაც ასევე აქვთ წვდომა სკრინინგ პროგრამებზე".

9970c3b234c1ec6857fc5004aa6f6705

„ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის“ სამედიცინო დირექტორმა, ირინე ფოჩხუამ ძუძუს, საშვილოსნოს, მსხვილი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს სკრინინგის პროგრამების მიღწევებზე ისაუბრა და საზოგადოებას იმ გამოწვევების შესახებ უამბო, რომელთა გადალახვაც სკრინინგცენტრს გასული ორი წლის განმავლობაში, მათ შორის, კოვიდპანდემიის პერიოდში მოუწია. სკინინგცენტრის დირექტორმა, პროფესორმა რემა ღვამიჩავამ კი, რომელიც ონკოლოგიის დარგში ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობს, ხაზი გაუსვა ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციასა და მის როლს ცენტრის წარმატებაში. მან ასევე აღნიშნა, რომ პროექტის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა ისაა, რომ ცენტრში უზრუნველყოფილია მამოგრაფი, რომელიც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას საშუალებას აძლევს შესაბამისი სკრინინგსერვისის მისაღებად დედაქალაქში აღარ გაემგზავრონ.

ღონისძიების დასასრულს ჩეხეთის კარიტასის პროექტის მენეჯერმა, თამარ კურტანიძემ ცენტრის მუშაობის ორწლიანი სტატისტიკა შეაჯამა და აღნიშნა, რომ 2019 წლის ნოემბრიდან „ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი“ 7 000-ზე მეტ ადგილობრივ მაცხოვრებელს მოემსახურა. კურტანიძემ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო სკრინინგპროგრამების გარდა, ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას თერაპიულ, გინეკოლოგიურ, ენდოკრინოლოგიურსა და სხვა სახის გამოკვლევებსა და ანალიზებს სთავაზობს.

„ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის“ მნიშვნელობა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის კარიტასი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კიბოს პრევენციისა და ადრეული გამოვლენის შესახებ საინფორმაციო კამპანიას 2010 წლიდან ახორციელებს. საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად, ადგილობრივი მოსახლეობა სამედიცინო პროფილაქტიკურ გამოკვლევებში მონაწილეობას სოფელში ჩასული მობილური კლინიკის მეშვეობით იღებდა, დანარჩენი კვლევების ჩასატარებლად კი თბილისში უწევდა გამგზავრება.

2019 წელს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, „ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი“ აშენდა, რამაც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას სრკინინგული სერვისების ადგილზე მიღების შესაძლებლობა მისცა.

“ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობის სკრინინგპროგრამებში ჩართვის მხარდაჭერა ათი წლის წინ დაიწყო. მოხარული ვარ, რომ ამ დროის განმავლობაში რეგიონის მოსახლეობის გვერდით ვიყავით. ამ ინტერვენციის გარეშე ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგის მნიშვნელობაზე საზოგადოების ინფორმირებულობის დონე ძალიან დაბალი იქნებოდა“, – განაცხადა იან ბლინკამ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში.

"ზუგდიდის სკრიგნინგ ცენტრი" ეროვნულ სკრინინგ პროგრამებს (ძუძუს, საშვილოსნოს, პროსტატის და მსხვილი ნაწლავის) "დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან" თანამშრომლობით ახორციელებს და საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებულ სკრინინგ სერვისებს უფასოდ უზრუნველყოფს. პროექტის ფარგლებში პროგრამით სარგებლობის საშუალება სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას, მათ შორის, აფხაზეთში, ე.წ. საზღვრის მიღმა მაცხოვრებელ საქართველოს მოქალაქეებსაც აქვთ. ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომლის უწყვეტ განათლებასა და პროფესიულ განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს როგორც ჩეხეთის კარიტასი, ისე ცენტრის მენეჯმენტი.