ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ჯანდაცვისა და სოციალური ზრუნვის პროექტებს 2008 წლიდან ახორციელებს. პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების ხელშწყობის პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის მხარდაჭერას პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების სისტემის შექმნაში.
2017-2019 წლებში თბილისის ხუთ საპილოტე სამედიცინო დაწესებულებაში დაინერგა პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის შეფასების და გაუმჯობესების სისტემა. პილოტის შედეგები სამინისტროს საშუალებას მისცემს აღნიშნული მოდელი სხვა სამედიცინო დაწესებულებებშიც განავრცოს და მის საფუძველზე მიიღოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებები.
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი 2020 წლიდან პროექტის მეორე ფაზას იწყებს, რომელიც კიდევ უფრო ფართომასშტაბიან ცვლილებებს გამოიწვევს პირველადი ჯანდაცვის სექტორში. „პირველად ჯანდაცვაში დაინერგება ხარისხის მართვის ინსტრუმენტები, ქვეყნის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვისთვის შეიქმნება ყოვლისმომცველი საინფორმაციო სისტემის გადაწყვეტილებები, პირველადი ჯანდაცვის პერსონალისთვის განახლდება კვალიფიკაციის სტანდარტები და მოთხოვნები და ჩამოყალიბდება უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემა,“ ამბობს რუსუდან ჩხუბიანიშვილი, პროექტების მენეჯერი.
“ჩვენ შევდივართ იმ ფაზაში როდესაც იწყება პირველადი ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების ახალი ეტაპი, რომელსაც აქვს მეტად გრძელვადიანი მიზნები და ითვალისწინებს როგორც ელექტრონული საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვას პირველად ჯანდაცვაში, ასევე პირველადი ჯანდაცვის მიმწოდებლების უნარ-ჩვევების გაძლიერებას. ამ მიზნების განხორციელებაში სამინისტროს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი უდგას გვერდით“, ამბობს თამარ გაბუნია, მინისტრის პირველი მოადგილე.
საწყის ეტაპზე პროექტის პილოტირება დაგეგმილია მცხეთა-მთიანეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების შერჩეულ მუნიციპალიტეტებში. ამასთანავე, პროექტი გააგრძელებს პირველადი სამედიცინო დახმარების ხარისხის გაზომვისა და გაუმჯობესების სისტემის სრულყოფას თბილისის ხუთ საპილოტე სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მიმდინარეობდა პროექტის პირველი ფაზა. მთლიანობაში, 46 სამედიცინო დაწესებულება ჩაერთვება პროექტში.
„ამ პროექტით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აგრძელებს მხარდაჭერას საქართველოს პირვველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაში. ჩვენ ვეხმარებით სამინისტროს სისტემური, გრძელვადიანი და ხარისხზე ორიენტირებული ცვლილებების შეტანაში, რითიც ისრაგებლებს მთელი ქვეყანა“, ამბობს იან ბლინკა, საქართველოში ჩეხეთის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი.