CCRG მხარს უჭერს ზემო აჭარაში 200-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას
10. სექტემბერი 2020 სიახლეები

CCRG მხარს უჭერს ზემო აჭარაში 200-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის წყალობით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ხელი შეუწყო ზემო აჭარაში მდებარე ხულოს მუნიციპალიტეტში 200-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. მთლიანობაში, 1,030,000 ევრო გაიცემა მცირე და საშუალო ადგილობრივი  საწარმოებისთვის 73 ბიზნესპროექტის განსახორციელებლად. დამატებითი თანხა 440 000 ევრო მობილიზებულია ბენეფიციარების მიერ მათი თანადაფინანსების სახით.

მეურნეობისა და ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭრა

მთიანი რეგიონები, განსაკუთრებით ზემო აჭარა, საქართველოს ყველაზე ნაკლებად განვითარებული მხარეებია, სადაც ადამიანთა უმრავლესობა კვლავ სოფლის მეურნეობის განვითარებაზეა დამოკიდებული.  იმის გასაგებად, თუ როგორ შეიცვალა ადამიანების ცხოვრება კარიტასის დახმარების წყალობით, უნდა გაეცნოთ ჩვენს ზოგიერთ ბენეფიციარს.

შვიდი წლის წინ, ჩეხეთის საელჩოს მცირემასშტაბიანი საგრანტო პროგრამის დაფინანსების წყალობით, გურამ ძირკვაძემ გააშენა პირველი ჟოლოს ბაღი სოფელში. თავისი პოტენციალის გაცნობიერების შემდეგ, ძირკვაძემ გადაწყვიტა ნერგები მთელი სოფლისთვის მიეცა. მან თითქმის 17000 ნერგი დაარიგა და თანასოფლელებს უთხრა რომ მოსავალს მათგან შეიძენდა. ENPARD- ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, გურამ ძირკვაძეს გადაეცა სპეციალური მაცივრებით აღჭურვილი მანქანა, რომელსაც დიდი რაოდენობით კენკრის შენახვა და ბათუმში ტრანსპორტირება შეუძლია. ბატონი ძირკვაძე ამბობს, რომ მისი მიზანი ორგანული მეურნეობის განვითარებაა, რომლის ექსპორტი შესაძლოა ევროკავშირის ბაზარზე განხორციელდეს.

სულხან ფასანიძე ფერმერია. მას მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავს და რძის პროდუქტებს ყიდის.  სულხანიც ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის გამარჯვებულია, რისთვისაც მას ძვირადღირებული ტრაქტორი გადასცეს თავისი აგრეგატებით. „ერთ სეზონზე დაახლოებით 60 ჰექტარს ხნავს ეს ტრაქტორი, ამდენსავე ჰექტარზე ცელავს, აკეთებს 50 ათას წნეხს.  ამას არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვა ფერმერებისთვისაც ვაკეთებ“- განმარტავს ფერმერი.  

სასტუმრო "ქედლები" პირველი საოჯახო სასტუმრო იყო სოფელში. როგორც სასტუმროს მეპატრონემ, იამზე მელაძემ გვითხრა, არავის სჯეროდა, რომ მთებში ჩაფლულ პატარა სოფელში ტურისტები და უცხოეთიდან ჩამოსულებიც კი ოდესმე ჩამოვიდნენ. ENPARD– ის საგრანტო კონკურსის დახმარებით, იამზემ შეიძინა ავეჯი და ტექნიკა და მოაწყო ეზო. "ჩემი მისია იყო სოფლის მოსახლეობისთვის მეჩვენებინა რომ ჩვენ გვაქვს საკმარისი პოტენციალი მოვახდინოთ ამ ლამაზი ადგილის პოპულარიზაცია და ვაკეთოთ საინტერესო და სასარგებლო საქმეები,“ აღნიშნა იამზე მელაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ ეტლს არის მიჯაჭვული, მზევინარ ირემაძე კარგად ერკვევა ქარგვის ტრადიციულ ტექნიკაში, რომელიც ზემო აჭარაში თაობიდან თაობას გადაეცემა. ორი წლის წინ, ირემაძემ გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო ENPARD– ის საგრანტო კონკურსში და კონკურსის ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, მას გადაეცა პროფესიონალური საკერავი მანქანები და სხვა აღჭურვილობა მცირე ატელიეს გახსნისთვის. მზევინარი მეზობლებს ქარგვას უფასოდ ასწავლის და მის მიერ შექმნილი აქსესუარები იყიდება საქართველოს სხვადასხვა კურორტების სუვენირების მაღაზიებში.

სოფლის განვითარება LEADER- ის მიდგომით

"სოფლის განვითარების და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში" არის პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდა ზემოთ ჩამოთვლილი ბიზნესები. ევროკავშირის ENPARD პროგრამის გარდა, მას ასევე ფინანსურად ეხმარება ჩეხეთის განვითარების სააგენტო. პროექტის მიზანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაციით. 

პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინტერვენცია არის ევროკავშირის LEADER მიდგომის დანერგვა სოფლის განვითარებისადმი ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG) შექმნით. ”LAG– ის საქმიანობაში მონაწილეობის საშუალებით, ადგილობრივ მოქალაქეებს საშუალება აქვთ ჩაერთონ სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში, საგრანტო კონკურსის განაცხადების შეფასებაში, ასევე სხვა ეკონომიკურ თუ სოციალურ საქმიანობაში”, - აღნიშნა გიორგი მურვანიძემ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის მენეჯერი.

enpard logo Czech Development Agency - Logo (1)