ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ექვსწლიანი პროექტის შედეგები შეაჯამა, რომელიც მიზნად აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოებასა და გაუმჯობესებას, ასევე, სფეროს სპეციალისტების პროფესიულ გაძლიერებას ისახავდა.
შეხვედრის ძირითადი მიმართულებები
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტმა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში“ შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. ღონისძიებაში, სხვა სტუმრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს საქართველოს პროგრამის ხელმძღვანელმა – პეტრა მოჟიჩევამ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა – იან ბლინკამ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა – ნინო დობორჯგინიძემ.
პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ნინო ცინცაძემ გახსნა და ისაუბრა ექვსწლიანი პარტნიორობის შედეგად სფეროს მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობაზე, ასევე, სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და გამრავალფეროვნებაზე. აღნიშნულის შემდეგ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ ორ მხარეს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დაარსების დღიდან ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ჩართულია ამ ინსტიტუტის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრაში: სასწავლო, საგანმანათლებლო თუ სასერტიფიკატო პროგრამების მომზადებასა და დანერგვაში, კვლევაში და რაც ყველაზე მთავარია, ამ კვლევაზე დაფუძნებული მაღალკვალიფიციური სერვისის მიწოდებაში. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა უზარმაზარი სამსახური გაუწია მთელ ქვეყანას – მათი მარდაჭერით მოხერხდა საქართველოში თანამედროვე სტნდარტის დამკვიდრება“ .
ღონისძიებაზე ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის მენეჯერმა, რუსუდან ჩხუბიანიშვილმა დამსწრე საზოგადოებას პროექტის ფარგლებში 2015-2021 წლებში მიღწეული შედეგები და მუშაობის პროცესში არსებული გამოწვევები გააცნო. მან ასევე დეტალურად მიმოიხილა, თუ რა როლი შეასრულა ამ პროექტმა საქართველოში აუტიზმის სპექტრის მქონე პირთათვის საჭირო გარემოს გაუმჯობესების პროცესში.
პროექტის შემაჯამებელი შეხვედრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის – „აუტიზმის სპექტრის აშლილობების პრევალენტობა, კლინიკური თავისებურებები და რისკ-ფაქტორები საქართველოში“ წინასწარი შედეგების წარდგენა იყო, რომლის ფარგლებშიც გამოკვეთილ ტენდენციებზე ბავშვთა ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების აკადემიის თავმჯდომარემ და პროექტის ექსპერტმა, მაია გაბუნიამ ისაუბრა. ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის მოქმედმა თავმჯდომარემ გვანცა ჩვამანიამ კი ქცევის გამოყენებითი ანალიზის კუთხით ანგარიში წარადგინა და დამსწრე საზოგადოებას ასოციაციის საკანონმდებლო ინიციატივის მნიშვნელობის შესახებ უამბო, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, ქცევის ანალიტიკოსთა საქმიანობის რეგულირებას გამოიწვევს.
ღონისძიების დასასრულს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თინათინ ჭინჭარაულმა ქცევის გამოყენებით ანალიზში უნივერსიტეტის საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა.
ექვსწლიანი მუშაობის შედეგები
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით (255 000 ევრო) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტსა და ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა აკადემიასთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელა. პროექტი შემუშავდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, აღნიშნულ სფეროში მთავრობის პრიორიტეტების გათვალისწინებით.
"უამრავი რამ გაკეთდა და მოხარული ვარ, რომ არც თუ ისე დიდი ბიუჯეტით დიდ შედეგს მივაღწიეთ! აღნიშნული სხვადასხვა ჩართული მხარის თანამშრომლობის, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან წამოსული მკაფიო იდეისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსების წყალობით მოხერხდა", – აღნიშნა იან ბლინკამ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა.
ექვსწლიანი პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ოჯახის ექიმები და ჯანდაცვის სპეციალისტები აუტიზმის სპექტრის რისკის გამოვლენაში მომზადნენ. ამასთან, საქართველოს ხუთ რეგიონს აუტიზმის სპექტრის გამოვლენისათვის საჭირო, დიაგნოსტიკის „ოქროს სტანდარტად“ მიჩნეული, ე.წ. ADOS ინსტრუმენტი გადაეცა და შესაბამისი სპეციალისტები მის გამოყენებაში გადამზადნენ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობით, ABA სპეციალისტებმა გაიარეს ტრენინგები ბავშვთა შეფასების ინსტრუმენტების (ABLLS-R and EFL) გამოყენებაში, რომლებიც აუცილებელია ABA თერაპიის სრულფასოვანი განხორციელებისათვის. დაფინანსდა 15 სპეციალისტი, რომელმაც ქცევის თერაპიის სუპერვიზორის კვალიფიკაციის მოსაპოვებლად საჭირო საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსი გაიარა.
პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტს აუტიზმის პროგრამის განფასების მოდელი წარედგინა. შესაბამისად, ზოგიერთმა მათგანმა ამ პროგრამისთვის საჭირო ბიუეჯეტი გამოყო, ზოგმა კი გაზარდა, როგორც პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების, ისე თერაპიისთვის საჭირო საათების რაოდენობა.
2020 წელს კი, ABA-ის პარალელურად, ქვეყანაში აუტიზმის ჩარევის ორი ალტერნატიული მიდგომა – დენვერის ადრეული ჩარევის მოდელი და SCERTS-ის (სოციალური კომუნიკაცია, ემოციური რეგულაცია, ტრანსაქციული მხარდაჭერა) მოდელი დაინერგა, შესაბამისად გადამზადნენ სპეციალისტები.
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოში ინკლუზიური განათლების მიმართულებითაც. საქართველოს სამ საპილოტე საბავშვო ბაღს წარედგინა ინკლუზიური განათლების მოდელი, გადამზადნენ სპეციალური მასწავლებლები და საბავშვო ბაღის აღმზრდელები.
2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ „აუტიზმის გამოვლენის, დიაგნოსტიკის და მართვის“ ეროვნული პროტოკოლი, ხოლო 2020 წელს „აუტიზმის მქონე პირთა მომსახურების მინიმალური სტანდარტები“ დაამტკიცა. აღსანიშნავია ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციაციის მუშაობის შედეგებიც, რომელმაც შეიმუშავა და საქართველოს პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, ქცევის ანალიტიკოსთა საქმიანობის რეგულირებას გამოიწვევს.