ათობით ფერმერი საქართველოდან, რომელთა შემოსავლებიც მნიშვნელოვნად გაიზარდა: თანამედროვე ტექნოლოგიების, განახლებული აღჭურვილობისა და ახალი ცოდნის როლი ფერმერულ მეურნეობებში
4. ნოემბერი 2024 სიახლეები

ათობით ფერმერი საქართველოდან, რომელთა შემოსავლებიც მნიშვნელოვნად გაიზარდა: თანამედროვე ტექნოლოგიების, განახლებული აღჭურვილობისა და ახალი ცოდნის როლი ფერმერულ მეურნეობებში

მესაქონლეობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალშემოსავლიანი საქმიანობაა. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ფერმერები უამრავი დაბრკოლების წინაშე დგანან – არ აქვთ წვდომა საგანმანათლებლო რესურსებზე, მეურნეობისთვის საჭირო აღჭურვილობასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ამის მიუხედავად, თითოეულ მათგანს მაინც აქვს სურვილი განავითაროს თავისი ფერმა და ამგვარად, წვლილი შეიტანოს არა მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაში, არამედ ადგილობრივი თემის სოციო-ეკონომიკურ განვითარებაშიც.

ბოლო წლების განმავლობაში, სხვადასხვა დონორის მიერ დაფინანსებული პროექტის მეშვეობით, უამრავმა ფერმერმა მიიღო ახალი ცოდნა და ფინანსური მხარდაჭერა საჭირო ტექნიკისა და აღჭურვილობის შესაძენად. ამგვარი მხარდაჭერა მოიცავდა არა მხოლოდ ფერმერთა კვალიფიკაციის ამაღლებას სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსებისა და ტრენინგების მეშვეობით, მათ შორის ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებითაც, არამედ რესურსებს ვეტერინარული სერვისების ადგილობრივ დონეზე შესაქმნელად.

cow-bulls-cowshed-farm

ხელოვნური განაყოფიერება ზრდის საქონლის პროდუქტიულობას

ბოლო წლებში პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერება განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, რაც მრავალი მიზეზითაა განპირობებული. ეს ტექნოლოგია ცხოველის გენეტიკის დაგეგმვის საშუალებას იძლევა, ამასთან ამ პროცესში შესაძლებელია საქონლის პროდუქტიულობის, სქესისა და ვიზუალური მხარის განსაზღვრა.

ის ფერმები, რომლებიც რძის პროდუქტს აწარმოებენ, ხელოვნური განაყოფიერების პროცესში მდედრობით სქესს ანიჭებენ უპირატესობას, მეხორცეული ფერმები კი – მამრობითს. ამასთან, ხელოვნური განაყოფიერება უზრუნველყოფს მაკე საქონლიდან ნაშიერზე დაავადების გადატანის პრევენციას, რაც განპირობებულია პროცესისთვის საჭირო სუფთა გასანყოფიერებელი მასალით.

გიორგი ვარსიმაშვილი ფშავ-ხევსურეთის ერთადერთი ვეტერინარია. ჯერ 23 წლისაა, თუმცა უკვე მრავალი წელია აქტიურად არის ჩართული მსხვილფეხა პორუტყვისა და ღორების ხელოვნურ განაყოფიერებაში, ამასთან უზრუნველყოფს ვეტერინარულ სერვისებს საქონლის, ღორებისა და ძაღლებისათვის.

გიორგი ამბობს, რომ დროის სვლასა და განვითარების სურვილთან ერთად, საქმისთვის გარკვეული ხელსაწყოები სჭირდებოდა, რომელიც მის ვეტერინარულ სერვისებს კიდევ უფრო ხარისხიანს გახდიდა. ამგვარად შეიტყო ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის შესახებ და აიღო კიდეც საჭირო ოდენობის გრანტი:

ამ წუთას მარტო ვმუშაობ. ვემსახურები ათ მოზრდილ ფერმას. დანარჩენ მოსახლეობას კი სერვისს ვაწვდი ინდივიდუალურად, მთელ რეგიონშიმცხეთა, ყაზბეგი, თიანეთი. სამომავლო გეგმები მოიცავს სანაშენე ცენტრის გაკეთებას იმისთვის, რომ სუფთა გენეტიკა შევთავაზოთ მოსახლეობას და მოვაწყოთ საჩვენებელი ფერმა განსხვავებული ჯიშების პოპულარიზაციისთვის.”

group-veterinarians-doctor-checking-health-status-cattle-cows-farm

ფშავ-ხევსურეთის მსგავსად, ერთადერთი ვეტერინარული სერვისი აქვს მაღალმთიან აჭარაში მდებარე კურორტ ბეშუმსაც. რევაზ ბოლქვაძეს, რომელიც აღნიშნული სერვისის დამფუძნებელია, უკვე მრავალი წელია აქვს ვეტერინარული კლინიკა და აფთიაქი ხულოში. რევაზი ამბობს, რომ კურორტ ბეშუმში ამგვარი სერვისების საჭიროება დიდი ხანია იდგა, რადგან როდესაც საქონელი ხულოდან ბეშუმში გადადიოდა ხოლმე, ავტომატურად ჩნდებოდა ვეტ-ექიმისა და ვეტ-პრეპარატების საჭიროებაც. ბეშუმში კი აქამდე არც ერთი იყო და არც – მეორე:

შევიტყვე ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის შესახებ და გადავწყვიტე საგრანტო პროექტში მონაწილეობის მიღება. შედეგად, მოვაწყვეთ კონტეინერი, რომელიც უზრუნველყოფს ხელოვნური განაყოფიერებისა და ვეტ-ექიმის სერვისს, გვაქვს ვეტ-პრეპარატებიც. სამნი ვართ მე და ორი ვეტ-ექიმი.  გვაქვს ცხელი ხაზი და გამოძახებებზე დავდივართ. ვემსახურებით თორმეტ სოფელს, რომელიც მეტ-ნაკლებად ერთადაა თავმოყრილი.“

თანამედროვე ტექნიკა ზოგავს ფერმერის დროსა და ენერგიას

ყველასათვის ცნობილია, რომ ნებისმიერ წარმოებაში თანამედროვე ტექნიკა ზოგავს ადამიანის დროსა და ენერგიას, თუმცა აღნიშნული ჯერ კიდევ ფუფუნებაა უამრავი ქართველი ფერმერისთვის. ამ პრობლემის წინაშე ყველაზე მეტად მცირე საოჯახო მეურნეობები და ახლადფეხადგმული ფერმები დგანან.

ბაგრატ ქადაგიძე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი ზემო ალვანიდანაა. ბაგრატის გეგმა მოიცავს მსხვილფეხა პირუტყვის შეძენას მერძეული და მეხორცული ფერმის მოსაწყობად. თუმცა, ვიდრე ამ ეტაპამდე მივა, გადაწყვიტა ერთი ნაბიჯით გაუსწროს მოვლენებს და საქონლისთვის საჭირო კომბინირებული საკვების წარმოებას შეუდგა.

ბაგრატი ამბობს, რომ ამ წარმოებით არა მხოლოდ საკუთარ ფერმას დააკმაყოფილებს, არამედ მოამარაგებს მაღაზიებსა და ადგილობრივ ფერმერებს:

პროექტის შესახებ ინტერნეტით შევიტყვე. დავდგი კომბინირებული საკვების (საქონლისთვის მარცვალი დაიფქვება და შეერევა სხვადასხვა კომპონენტები) დასამზადებელი წისქვილი და შევიძინე გრანულატორი, რომელიც ამზადებს საკვებს მცირე გრანულების სახით. ამგვარად გავხდი თვითდასაქმებული. ამასთან, საწარმოში დამჭირდება ერთი დამხმარე და ერთიც მძღოლი ანუ შევქმნი ორ სამუშაო ადგილს. შეძენილი ტექნიკა არა მხოლოდ გამიადვილებს ჩემი ფერმერული მეურნეობის განვითარებას (საქონლის ხორცის თვითღირებულება გაცილებით ნაკლები დამიჯდება, ვიდრე სხვებს), არამედ შევძლებ წარმოებული საკვების რეგიონის მასშტაბით რეალიზებაზაც“.

farmer-cattleman-with-tablet-taking-care-cows-farm

ბაგრატი ამბობს, რომ მის სოფელში 1500 კომლი ცხოვრობს, რომელსაც პირუტყვის საკვების საჭიროება მუდმივად უდგას.

გიგი არაბული კიდევ ერთი ახალგაზრდაა ხევსურეთის სოფელი სახილედან. გიგი 23 წლისაა და მშობლებსა და ძმასთან ერთად მესაქონლეობას ეწევა – ყიდიან ყველს, ერბოსა და საქონლის ხორცს. სხვა ბევრი ფერმერის მსგავსად, გიგისა და მისი ოჯახის წევრებისთვისაც თანამედროვე ტექნიკაზე წვდომა დიდი გამოწვევა იყო: „გვქონდა პრობლემა, რომ ჩვენი ძალებით ვერ ვახერხებდით საქონლისთვის საჭირო საკვები ბალახის სრულფასოვნად მოთიბვას“.

პროექტის ფარგლებში გიგის ოჯახმა შეიძინა ტრაქტორი, სათიბი და ელექტროცელი, რომელმაც მათ მნიშვნელოვნად გაუმარტივა საქმე. გიგის თქმით, თუ მანამდე ცელით მოთიბვისთვის ერთი თვე სჭირდებოდათ ხოლმე, ახლა, ტრაქტორის მეშვეობით, იმავე მოცულობის საქმეს ნახევარ თვეში აკეთებენ.

პროექტში ჩართული კიდევ ერთი ფერმერია 72 წლის სანათა ნაყეური, რომელსაც დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქალილოში ოცდაათსულიანი სასაქონლო მეურნეობა აქვს. ათი ადამიანისგან შემდგარი ოჯახის ძირითადი შემოსავლის წყარო გაყიდული რძის პროდუქტისა და ხორცისგან მიღებული შემოსავალია.

პროექტის ფარგლებში სანათა ნაყეურის მეურნეობაში მოეწყო ცხოველების სადგომი, რაც საქონლის მოვლას ამარტივებს. ზამთარში აქვე ხდება საქონლის ხმოწველაც. ოჯახს ასევე გადაეცა სათიბი ტრაქტორი, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამარტივა მათი საქმიანობა.

პროექტის შედეგად გაიზარდა ფერმერთა შემოსავლები

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი ორწლიანი პროექტის „მდგრადი მესაქონლეობის, პროდუქტიულობის ზრდისა და ბაზრის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადგილობრივი ფერმერების ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე ბაზარზე ბიზნესის განვითარების, სანიტარული და ბიოუსაფრთხოების სტანდარტებისა და კლიენტებსა და ფინანსებთან კავშირის გაუმჯობესების გზით.

პროექტის ექსპერტებმა იმუშავეს ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტებთან, ვეტერინარებსა და ფერმერებთან მათი კვალიფიკაციის გაზრდის მიზნით ხელოვნურ განაყოფიერებაში, ცხოველების სწორ მოვლაში, საძოვრების მდგრად მართვაში, საკვების წარმოებასა და საქონლის გამოკვებისა სწორ პრაქტიკაში. ყველაფერი ეს მიზნად ისახავდა ადგილობრივი ფერმერების შემოსავლების გაზრდას.

IMG_9052

პროექტის ფარგლებში გადავამზადეთ ფერმერები, ვეტერინარები და ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტები, ასევე მონაცვლეობითი ძოვების პრაქტიკის დასანერგად მოვაწყვეთ სადემონსტრაციო ნაკვეთები. ამასთან, გაიცა გრანტები მეხორცული მესაქონლეობისთვის საჭირო სხვადასხვა სახის აღჭურვილობის შესაძენად.

პროექტში ჩართული იყო ხულოსა და არაგვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAGs) და თუშეთის ლანდშაფტის დაცვის ადმინისტრაცია (TPLA). ამასთან, ჩეხური კომპანიების მისიების შემოყვანის მიზნით და ბენეფიციართა გასაწევრიანებლად საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში, პროექტში აქტიურად მონაწილეობდა CzechTrade. გარდა ამისა, ქართველ ფერმერებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ ჩეხური სოფლის მეურნეობის პრაქტიკას B2B შეხვედრების მეშვეობით.

პროექტის შედეგად გაიზარდა იმ ფერმერების რაოდენობა, რომლებიც მდგრადი და უფრო პროდუქტიული მესაქონლეობის პრაქტიკას მისდევენ. შერჩეულ ფერმერებს უკვე აქვთ უკეთესი წვდომა ბაზარზე და შესაბამისად იზრდება მათი შემოსავალიც. 

ეს მასალა მომზადდა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით. ეს ინიციატივა ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოსთვის გამოცხადებული ოფიციალური ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის ნაწილია.

CzechAid logo