საბავშვო ბაღის აღმზრდელი: ახლა უკვე ვიცი როგორ დავუჭირო მხარი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს
30. დეკემბერი 2024 სიახლეები

საბავშვო ბაღის აღმზრდელი: ახლა უკვე ვიცი როგორ დავუჭირო მხარი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მრავალი წელია მუშაობს ბავშვთა ადრეული ასაკის სერვისების განვითარების მიმართულებით. აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად განხორციელებული ხუთწლიანი ინიციატივის შემდეგ, 2023 წელს დავიწყეთ პროექტი ადრეული ინკლუზიური განათლებისა და განვითარების პროგრამის ხელშესაწყობად საქართველოში. წლის ბოლოს პროექტში ჩართულ ერთ-ერთ საბავშვო ბაღს ვესტუმრეთ, სადაც ჩვენი სამუშაო შედეგები ადგილზე მოვინახულეთ.

ახალი მიდგომების დანერგვა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მხარდასაჭერად

დუშეთში სტუმრობა გასულ კვირას გადავწყვიტეთ. საბავშვო ბაღის ეზოდანვე შთამბეჭდავი სანახაობა დაგვხვდა: მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის სუსხი კარგად იგრძნობოდა, ჩვენ ირგვლივ არსებული ხელნაკეთი ფერადი ცხოველები და დეკორაციები მოღუშვის საშუალებას არ გვაძლევდა.

საბავშვო ბაღში 5-6 წლის ბავშვებმა და აღმზრდელებმა გვიმასპინძლეს. ჩვენი შესვლის დროს ბავშვების ერთი ნაწილი მასწავლებელთან ერთად თამაშობდა, მეორე კი გამალებული ხატავდა. კედლებზე უამრავი ნახატი იყო ჩამოკიდებული, თაროებზე კი ეწყო გამოძერწილი სუვენირები და გირჩებით შექმნილი აქსესუარები. აშკარად იგრძნობოდა, რომ ამ ჯგუფში მოსაწყენად არავის ეცალა.

1I8A0375

ჩვენი მთავარი მასპინძელი 57 წლის ქეთევან ქაფიაშვილი იყო, დუშეთის საბავშვო ბაღის აღმზრდელი. შვიდი წელია, რაც ბაღში მუშაობს – მისი აღსაზრდელების ერთი ჯგუფი უკვე შევიდა სკოლაში, მომავალ წელს კი მეორე ჯგუფი ჰყავს გამოსაშვები.

ქეთევანი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ადრეული ინკლუზიური განათლების ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილეა. ის ერთ-ერთია ბაღის იმ პერსონალიდან, რომელიც ჩართულია სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში, როგორც თეორიული ცოდნის ასამაღლებლად, ისე პრაქტიკაში სიახლეების დასანერგად, განსაკუთრებით კი სპეციალური საჭიროების ბავშვებთან მიდგომების გაუმჯოებესების მიზნით. როგორც თავად ამბობს, ამ მიმართულებით მიღებული ცოდნა მნიშვნელოვნად ეხმარება ბავშვებთან ურთიერთობაში, მათ მხარდაჭერასა და თითოეული მათგანის საბავშვო ბაღის აქტივობებში ჩართვაში.

"ტრენინგზე მიღებული ცოდნით თავდაპირევლად ვაფასებ ბავშვს და ვადგენ მის საჭიროებებს. ამის შემდეგ აქტივობებს ამ ბავშვის უნარების მიხედვით ვგეგმავ, რადგან ისიც ისევე უნდა იყოს ყველაფერში ჩართული, როგორც სხვები. გავხდი უფრო რესურსული როგორც ბავშვებისთვის, ისე მათ მშობლებთანაც გავაუმჯობესე კომუნიკაცია, რადგან რაკი შემიძლია ბავშვის შეფასება და მისი სათანადოდ მხარდაჭერა, მშობელთანაც უფრო გახსნილად შემიძლია ბევრ რამეზე საუბარი.”

1I8A0408

ქეთევანი ამბობს, რომ ახალი ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის შემდეგ მას ბავშვების მშობლებიც უფრო ენდობიან, რადგან ხედავენ, რომ ის ეხმარება მათ შვილებს. ამბობს, რომ ყველაფერმა ამან კიდევ უფრო გაათვითცნობიერებინა, რომ სწორედ მისი ვალდებულებაა თითოეული ბავშვის უნარების მაქსიმალურად გამოვლენა:

“ამ ტრენინგების მერე კიდევ უფრო მოტივირებული გავხდი. მაგალითს მოვიყვან: ერთ-ერთი ბავშვის ქცევა საკმაოდ რთული იყო, ვერ ვხვდებოდი რაში ვუშვებდი შეცდომას. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ მეტი უნდა მელაპარაკა მასთან. უფრო მეტად დავიწყე მისი მოსმენაც და თავი მაქსიმალურად გავუტოლე. ეს ბავშვი გახდა უფრო კონტაქტური, ჩაერთო სხვადასხვა აქტივობაში, უფრო მეტად მიმიღო მეც და ბავშვებიც, დამშვიდდა, მეტ სითბოს გამოხატავს. მნიშვნელოვანია, რომ დანარჩენი ბავშვებიც უფრო ღია გახდნენ მასთან ურთიერთობაში და ერთად დაიწყეს თამაში. ასევე, ჯგუფში გვქონდა მაღალი ცენტრები, რომლებიც დავადაბლე, მეთვითონ გადავჭერი, რაც ყველა ბავშვისთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა კონკრეტული ბავშვი, მაგალითად, მეტად დაამშვიდა და ამან ზუსტად ის შედეგი მომცა, რაც მინდოდა.”

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მხარდაჭერა ბაღებს

ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მრავალი წელია ეხმარება საქართველოს მთავრობას ბავშვთა ადრეული ასაკის სერვისების განვითარებაში. მიმდინარე მხარდაჭერა მოიცავს ადრეული ინკლუზიური განათლებისა და განვითარების პროგრამის ხელშეწყობას საქართველოში.

1I8A0428

პროექტის ფარგლებში შერჩეული 18 ბაღის (თბილისი, რუსთავი, დუშეთი, გარდაბანი, ჭიათურა) სპეციალისტებმა გაიარეს ადრეული ინკლუზიური განათლების ტრენინგი. აღნიშნულის შემდეგ, მათთან ჩადიოდნენ სპეციალისტები პრაქტიკაში მხარდაჭერის მიზნით. ამასთან შეირჩა ერთი სპეციალისტი, რომელიც გადამზადდა ადრეული ინკლუზიური განათლების მიმართულებით და შედეგად მას აქვს მზაობა და კომპეტენცია, რომ არა მხოლოდ თავის ბაღს, არამედ სხვა ბაღებსაც დაეხმაროს ადრეული ინკლუზიური განათლების სერვისების განვითარებაში. გარდა ამისა, სპეციალისტებმა იმუშავეს პერსონალური ასისტენტის მოდულზეც, რომელზე დაყრდნობითაც გადამზადდა 35 პერსონალური ასისტენტი შერჩეული საპილოტე ბაღებიდან და აქაც, მიიღეს ადგილზე მხარდაჭერა.

პროექტმა ასევე დააფინანსა ფიზიკური აქტივობების ოთახების აღჭურვა, რაც შესაძლებლობას მისცემს ბავშვებსა და მათ აღმზრდელებს, რომ არა მხოლოდ ეზოში, არამედ შიდა სივრცეშიც დაკავდნენ ფიზიკური აქტივობებით, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების ჰოლისტურ განვითარებას. პროექტის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რომ ამავე მუნიციპალიტეტებში იგეგმება ადრეული განვითარების სერვისების დამატება – თბილისსა და დუშეთში ასეთი ცენტრები უკვე გაიხსნა, ხოლო მცხეთასა და გარდაბანში მომავალ წელს გაიხსნება.

CzechAid_logo_zakladni_JPG-removebg-preview