აივტესტირების წახალისების მიზნით, ჩეხეთის კარიტასი UNDP საქართველოსთან, UNFPA საქართველოსთან, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრსა (CRRC) და თანადგომასთან ერთად, ახალ პროექტში ერთვება. ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში მომზადდება სხვადასხვა ტიპის ქცევითი მესიჯები, რომლებიც ახალგაზრდებს აივთვითტესტირებაში დაარწმუნებს. აღნიშნული მესიჯების ეფექტიანობაზე დაყრდნობით, შემუშავდება და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრს (NCDC) გადაეცემა მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დოკუმენტი.
რატომ არის აივტესტირება მნიშვნელოვანი
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აივინფექციის 8 765 რეგისტრირებული შემთხვევაა და ჩვენი ქვეყანა აივინფექციის დაბალი გავრცელების ქვეყნებს მიეკუთვნება, შესაბამისი ზომების მიუღებლობის შემთხვევაში, უახლოეს მომავალში დაავადების სწრაფი გავრცელებაა მოსალოდნელი, რადგან ინფიცირებულთა დაახლოებით 40%-მა არ არის იცის, რომ აივინფექციის მატარებელია. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში შესაბამისი ტესტირების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, რაც ზრდის დაავადების შემდგომი გადაცემის რისკის შანსს და ხელს უწყობს გვიანი დიაგნოზის მქონე პირების ცხოვრების ხარისხის გაუარესებას. აღნიშნული უმეტესად გამოწვეულია ცნობიერების დაბალი მაჩვენებლითა და საზოგადოების აივტესტირებაში ჩართულობის ნაკლები მოტივაციით, რაც, მათ შორის, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული სტიგმის არსებობით არის გამოწვეული.
„აივინფექციასთან გასამკლავებლად ადამიანების ინფორმირებულება იმის შესახებ, რომ ისინი აივინფიცირებულნი არიან, ძალიან მნიშვნელოვანია. აივდადებითი ინდივიდებისათვის დროული მკურნალობა ჯანმრთელობის ოპტიმალური შედეგების საწინდარია. აივტესტირების ინტენსივობის გაზრდა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ჩეხეთისა და საქართველოს გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი წვლილს შეიტანს შესაბამისი პოლიტიკისა და კამპანიების წარდგენაში, რომლებიც მიზნად საზოგადოების აივთვიტესტირებაში ჩართვას ისახავს“. რუსუდან ჩხუბიანიშვილი, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის მენეჯერი.
აივტესტირების მიმღებლობის გაზრდა
ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, UNDP-ის მიერ განხორციელებული პროექტის „ქცევითი ფაქტორების დამოკიდებულების განსაზღვრა აივტესტირების დაბალ მაჩვენებელზე საქართველოში“ ფარგლებში, ჩეხეთის კარიტასი განახორციელებს აქტივობებს, რომელთა მიზანია სამიზნე ჯგუფებში აივტესტირების მიმღებლობის ინტენსიურობის გაზრდა. ამ მიზნით, დავეყრდნობით ჩეხურ გამოცდილებას და მხარს დავუჭერთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული აივტესტირების პოლიტიკის დოკუმენტის შექმნას საქართველოში. პროექტის შედეგები გადაეცემა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივის ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (NCDC), ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრსა და აივმკვლევრებს. ჩვენი ორგანიზაცია ასევე იმუშავებს შერჩეული სამედიცინო პერსონალის შესაძლებლობის ზრდაზე იმისთვის, რომ ახალგაზრდები უზრუნველყონ კონფიდენციალური და სანდო სამედიცინო კონსულტაციით, ყოველგვარი სტიგმის გარეშე.
პროექტის ინოვაციური კომპონენტია ქცევითი მესიჯების შემუშავება და გავრცელება იმისთვის, რომ დაიტესტოს, რამდენად მამოტივირებელია ისინი სამიზნე ჯუფებში აივტესტირების მოტივაციის გასაზრდელად. აღნიშნულზე დაყრდნობით, სახელმწიფოს ეცოდინება, რომელმა მესიჯებმა გაამართლა, ხოლო შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუციები აღნიშნულ ინფორმაციას ეროვნული მასშტაბის გადაწყვეტილებების მიღებაში გამოიყენებს, რომელიც ქვეყანაში აივტესტირების მაჩვენებლის ზრდისკენ იქნება მიმართული.
ჩეხეთის კარიტასის როლი საქართველოს პირველად ჯანდაცვაში
ჩეხეთის კარიტასი საქართველოს მთავრობას 2015 წლიდან უჭერს მხარს და მიზნად საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური სისტემების გაუმჯობესებას ისახავს. შესაბამისად, ხსენებულ აქტივობაში ჩვენი ჩართულობა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისათვის გაწეული უფრო ფართო კონტრიბუციის ნაწილია.
2021 წლის აგვისტოში, ჩეხეთის კარიტასმა სლოვაკური მულტიფუნქციური სამედიცინო სადიაგნოსტიკო მოწყობილობის Scase-ის პილოტირება დაიწყო, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემას პაციენტის სასიცოცხლო ნიშნულების გაზომვასა და სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მართვაში დაეხმარება.
2021 წლის ივლისში, ჩეხეთის კარიტასმა ჯანდაცვის სამინისტროსთვის „მართვის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო სისტემა“ და „0-6 ბავშვთა ჯანმრთელობის და განვითარებაზე მეთვალყურეობის საინფორმაციო სისტემა“ წარადგინა. ამ სისტემებს ჯანდაცვის სამინისტრო პირველადი ჯანდაცვის ეტაპზე უკეთესი სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიყენებს.
ამასთან, ჩეხეთის კარიტასის ექსპერტებმა შეიმუშავეს კლინიკური გზამკვლევები და პროტოკოლები, რომელთა პილოტირება დუშეთის მუნიციპალიტეტში, პირველადი ჯანდაცვის რგოლში ჩართულ 16 სოფლის ამბულატორიაში მიმდინარეობს.
ხსენებული ტრენინგების გარდა, კარიტასის ექსპერტები შერჩეულ მუნიციპალიტეტებში ამბულატორიების სამედიცინო პერსონალის ინტენსიური კლინიკური სწავლებისა და მხარდამჭერი მეთვალყურეობის გზით, მუშაობენ პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების სისტემის შექმნაზე. აღნიშნული მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე, პაციენტების გამოცდილებისა და შედეგების გაუმჯობესებაში, და პირველადი ჯანდაცვის სერვისების პროვაიდერი კლინიკების შესაძლებლობების გაზრდაში.
COVID-19-ის გავრცელების პარალელურად, 2020 წლიდან ჩეხეთის კარიტასმა თავისი აქტივობები პანდემიასთან საბრძოლველად მიმართა და ჩაატარა ონლაინტრენინგები COVID-19-ის მართვის, პოსტ-კოვიდ გართულებებისა და ვაქცინაციის გვერდითი ეფექტების მართვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ორგანიზაციამ სოფლის ამბულატორიებს 50 კომპიუტერი გადასცა, რათა ამ დაწესებულებებს საშუალება ჰქონოდათ ეფექტიანად წარემართათ თავიანთი კლინიკური პრაქტიკა.