ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოში სკოლამდელი განათლების მიმართულებით მრავალი რეფორმა ჩატარდა, მათ შორის შემუშავდა და დაინერგა ადრეული და სკოლამდელი განათლებისა და აღზრდის სტანდარტები, ასევე, მიმდინარეობს ახლადშემუშავებული ადრეული განათლების კურიკულუმის დანერგვა და საბავშვო ბარების ავტორიზაციის პროცესი. მიუხედავად ზემოთქმულისა, სკოლამდელ დაწესებულებებში ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევა რჩება, რაც ხელს უშლის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას ყველა ბავშვისთვის, მათ შორის სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელებისთვის.
რეფორმები საბავშვო ბაღებში
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მრავალი წელია მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას ბავშვთა ადრეული ინტერვენციისა და ინკლუზიური განათლების გაუმჯობესების მიმართულებით. 2023 წლიდან ჩვენი გუნდი მუშაობს ინიციატივაზე, რომელიც მიზნად ისახავს ადრეული ასაკის ბავშვთა ზრუნვის სფეროში ეროვნული პოლიტიკის გაუმჯობესებას და ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სერვისების და ინკლუზიური სკოლამდელი განათლების სტრატეგიების დანერგვას პროექტით შერჩეულ მუნიციპალიტეტებში.
პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი არის საქართველოს საბავშვო ბაღების გაძლიერება და მათი მზაობის გაუმჯობესება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის სათანადო გარემოს შესაქმნელად. მიმდინარე სამუშაოს შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ადრეული განვითარების სპეციალისტს, ლიკა ქურციკიძესა და ქალაქ რუსთავის ბაგა ბაღების გაერთიანების სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების მართვის განყოფილების უფროსს, იზოლდა გორგაძეს ვესაუბრეთ.
ქალბატონო იზოლდა, რამდენად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების გაძლიერება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის სათანადო გარემოს შესაქმნელად და როგორ მიმდინარეობს პროექტით გათვალისწინებული აქტივობები ქალაქ რუსთავში?
ცნობიერების ამაღლების კამპანიებისა და ბავშვთა სპეციალური საჭიროების იდენტიფიცირების მექანიზმის გაუმჯობესების შედეგად, წლიდან წლამდე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად მატულობს საბავშვო ბაღებში. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სკოლამდელ დაწესებულებებში ინკლუზიური გარემოს ფორმირებაზე ზრუნვა. სკოლამდელ დაწესებულებებს კარგად გვაქვს გააზრებული ჩვენი როლი ინკლუზიური განათლების, დაგეგმვისა და განხორციელების საქმეში, ამიტომაც ვეძებდით გზებსა და საშუალებებს ინკლუზიური განათლების გასაუმჯობესებლად საბავშვო ბაღებში.
სწორედ ამ დროს, ჩავერთეთ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტში, რომლის შედეგადაც სკოლამდელი დაწესებულებებისთვის შეიქმნა ინკლუზიური განათლების სტრატეგია, რომელიც სპეციფიკურად ინკლუზიასთან, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან და მათ მშობლებთან დაკავშირებულ მუშაობას გულისხმობდა.
საკმაოდ პროდუქტიული იყო სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელმაც შეიმუშავა სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები. ერთწლიან სამოქმედო გეგმაში განისაზღვრა კონკრეტული მიზნები, ამოცანები, აქტივობები, ინდიკატორები და ვადები. სამოქმედო გეგმა საშუალებას გვაძლევს ნაბიჯ-ნაბიჯ, სწორი მიმართულებით და თანმიმდევრობით წარვმართოთ ინკლუზიური განათლების პოლიტიკა და ავამაღლოთ სკოლამდელ დაწესებულებებში ინკლუზიურ განათლებაში ჩართული თანამშრომლების კომპეტენციები. ამ მიმართულებით, დახმარება გაგვიწიეს პროექტში მონაწილე საპილოტე ბაღებში ჩართულმა ქოუჩებმა, რომლებმაც ადგილზე პრაქტიკული ჩვენებით და რეკომენდაციებით ხელი შეუწყვეს ბაღში მომუშავე პერსონალის პროფესიული დონის ამაღლებას.
პროექტი ერთწლიანია, რომლის დასრულების შემდეგ ვიმედოვნებთ, რომ ქალაქ რუსთავის სკოლამდელ დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების პოლიტიკა თვისობრივად მაღალ საფეხურზე ავა და გახდება გარანტი ხარისხიანი ადრეული და სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფისა იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, ყველა ბავშვისთვის შეიქმნას სათანადო გარემო, და მეორე მხრივ იმისთვის, რომ აღნიშნულმა ხელი შეუწყოს საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესს.
ქალბატონო ლიკა, რა არის პროექტის საბავშვო ბაღის კომპონენტის მთავარი მიზანი და კონკრეტულად რა კეთდება ამ მიზნის მისაღწევად?
პროექტის საბავშვო ბაღის კომპონენტი შეგვიძლია ორ მსხვილ მიმართულებად განვიხილოთ. ერთი მიმართულება ორიენტირებულია საბავშვო ბაღის პერსონალის – აღმზრდელებისა და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი პერსონალის, სპეციალური მასწავლებლის, კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სპეციალისტისა და ფსიქოლოგის – პროფესიულ განვითარებაზე, ხოლო მეორე მიმართულება კონცენტრირებულია მუნიციპალიტეტებში არსებული საბავშვო ბაღის გაერთიენებების გაძლიერებაზე.
ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად სამიზნე მუნიციპალიტეტებსა და ბაღებში, პირველ რიგში, ჩატარდა ტრენინგი ინკლუზიური განათლების შესახებ აღმზრდელებისა და ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალისთვის. გამოცდილება აჩვენებს, რომ თეორიული ტრენინგები იშვიათადაა საკმარისი პრაქტიკაში რეალური პრობლემების გადასაჭრელად. შესაბამისად, პროექტი ითვალისწინებს ტრენინგის შემდგომ ბაღში მუშაობასა და პროცესის მეთვალყურეობას. კერძოდ, შერჩეულ საბავშვო ბაღებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრენერები ახორციელებენ ქოუჩინგსა და მენტორინგს. ქოუჩინგის პროცესით ხდება აღმზრდელებისა და ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალის პრაქტიკაში მხარდაჭერა და მათი უნარების გაძლიერება. ხოლო მენტორინგი შესაძლებლობას გვაძლევს საბავშვო ბაღებში მომზადდეს ისეთი კადრი, რომელიც თავად შეუწყობს ხელს ცოდნის გავრცელებასა და კოლეგების მხარდაჭერას.
რაც შეეხება პროექტის მეორე მიმართულებას, პროექტში ჩართული მუნიციპალიტეტების გაერთიანებასთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა სტრატეგიული დაგეგმარება და შემუშავდა ხუთწლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ინკლუზიური განათლების ხარისხის ასამაღლებლად.
სტრატეგიული სამოქმედო გეგმის ზოგადი მიზანია ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესება სკოლამდელ დაწესებულებებში, პოზიტიური და განვითარების ხელშემწყობი მიდგომების გაძლიერებით. აღნიშნული მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას: სკოლამდელი დაწესებულების პრაქტიკოსების კომპეტენციის გაძლიერებას, თანამშრომლობის გაძლიერებას სხვადასხვა რგოლს შორის სკოლამდელი ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, სკოლამდელ დაწესებულებებში ჯგუფის სტრუქტურისა და რესურსების ოპტიმიზაციას და სხვა. მუშაობის საწყის ეტაპზე მუნიციპალიტეტის გაერთიანებების, საბავშო ბაღის პერსონალისა და მშობლების უშუალო ჩართულობით გამოიკვეთა საჭიროებები და გასაუმჯობესებელი მხარეები. ამის მიხედვით დაიგეგმა სამუშაო მიზნები, რაც სამიზნე მუნიციპალიტეტებს მისცემს საშუალებას გადადგან კონკრეტული ნაბიჯები ადრეული ინკლუზიური განათლების გასაუმჯობესებლად.
რომელი მუნიციპალიტეტებია ჩართული პროექტის საბავშვო ბაღების კომპონენტში?
პირველ ეტაპზე პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში დუშეთის მუნიციპალიტეტი, ქალაქი რუსთავი და ქალაქი თბილისი ჩაერთნენ. მეორე ეტაპზე მათ დაემატათ ჭიათურისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტები.
აღსანიშნავია, რომ მიზეზი, რის გამოც სწორედ ჩამოთვლილი ლოკაციები გახდნენ პროექტის სამიზნეები, დაკავშირებულია ადრეული განვითარების ქვეპროგრამის მომსახურებასთან. დღეისთვის სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვის ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის 21 ქვეპროგრამიდან ერთ-ერთი სწორედ ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამაა. ადრეული განვითარების ქვეპროგრამა უზრუნველყოფს ადრეული ინტერვენციის მომსახურების მიწოდებას დაბადებიდან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ განვითარების დარღვევა, შეზღუდული შესაძლებლობა ან იმყოფებიან ასეთი რისკის ქვეშ.
პროექტის ფარგლებში, სწორედ ამ რეგიონებსა და ქალაქებში იგეგმება ადრეული ჩარევის მომსახურების შექმნა ან დამატება. საბავშვო ბაღებში ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა და ადრეული განვითარების პროგრამის განხორციელება, ცხადია, ხელს შეუწყობს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების ჰოლისტურ განვითარებას. ამ პროექტით განჩნდა შესაძლებლობა იმისა, რომ ექვს წლამდე ასაკის ბავშვთან დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი სერვისები, როგორიცაა ბაღი და ინტერვენცია, ერთმანეთს დაუკავშირდეს და ერთობლივად მოხდეს ბავშვის განვითარების ხელშეწყობაზე მუშაობა.
პროექტი იძლევა შესაძლებლობას, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვის განვითარების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტების თანამშრომობას. ხშირად ბავშვისთვის, რომელსაც აქვს გარკვეული საჭიროება და ჩართულია ადრეული განვითარების სერვისში, გამოწვევაა ბაღში ტრანზიცია. როცა ხსენებული ორი სერვისი – ადრეული განათლების და ადრეული ჩარევის პროგრამები – გამართული იქნება, კოორდინაცია სპეციალისტებს შორის გამარტივდება, რაც დადებითად აისახება ბავშვის ჩართულობასა და განვითარებაზე.
რატომ არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული დაგეგმარება ხარისხიანი და ინკლუზიური ადრეული განათლებისთვის?
გარდა იმისა, რომ ინკლუზიური განათლების სტრატეგიის ქონა კანონით დადგენილი ვალდებულებაა მუნიციპალიტეტებისთვის, მისი შემუშავება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადრეული ასაკის ბავშვებისათვის ხარისხიანი განათლებისკენ თანმიმდევრული, რაციონალური და ეფექტიანი ნაბიჯების გადასადგმელად.
სტრატეგიული გეგმა არის ინსტრუმენტი, რომელიც მუნიციპალიტეტს ეხმარება შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები, დასახოს მიზნები და ამოცანები, იზრუნოს რესურსების მოპოვებაზე და საბოლოო ჯამში, დარწმუნდეს, რომ წლიდან წლამდე აუმჯობესებს ხარისხს. აღნიშნული საბავშვო ბაღების გაძლიერებაზეა მიმართული, მაგრამ რეალურად საბავშვო ბაგა ბაღების გაერთიანებებმა უნდა განახორციელონ მისი დაგეგმვა და ხელი შეუწყონ სამიზნე ბაღებში ამ გეგმით გაწერილი ვალდებულებების შესრულებას.
აღსანიშნავია ისიც, რომ სტრატეგიულ დაგეგმარებაში საბავშვო ბაღების პერსონალის თანამონაწილეობა ხელს უწყობს თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და როლებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებას.
როგორ წარიმართა სტრატეგიული დაგეგმარების პროცესი მუნიციპალიტეტებში?
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა რეგიონსა თუ ქალაქში სკოლამდელი ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები ერთმანეთისგან განსხვავდება, სტრატეგიული დაგეგმარების პროცესში, მსგავსია მეთოდოლოგიური ნაბიჯები. ყველა შემთხვევაში, პირველ რიგში, იქმნება სტრატეგიაზე მომუშავე გუნდი, შემდეგ ხდება თვითშეფასება, რათა გამოიკვეთოს ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეები, იქმნება სტრატეგიული მიზნები და მათი შესაბამისი ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.
სამოქმედო გეგმაში კი დეტალურად აღიწერება მიზნები, აქტივობები, განხორციელების ვადა, პასუხისმებელი პირი, დადასტურების წყარო და რესურსი. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიის დახვეწაში მონაწილეობას იღებს საბავშვო ბაღის ყველა რგოლი. მაგალითად, ქალაქ რუსთავის სტრატეგიული დაგეგმარების პროცესში, განხილვაში ჩართული იყო 40-მდე ადამიანი, მათ შორის ბაღის მენეჯერი, სპეციალური მასწავლებელი, მეთოდისტი, აღმზრდელი და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მშობელი.
სხვადასხვა რგოლის ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სტრატეგიულ გეგმაში გაწერილი აქტივობები იყოს ღირებული, მნიშვნელოვანი და რეალისტურად განხორციელებადი.