2020 წელი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისათვის (CCR) მნიშვნელოვანი წელია, რადგან სწორედ წელს აღნიშნავს ორგანიზაცია საქართველოში საკუთარი მისიის დაარსებიდან ხუთი წლის თავს. 2015 წელს CCR-ის ადგილობრივი წარმომადგენლობა ოფიციალურად დარეგისტრირდა, როგორც "ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი". მისიის დაარსების დღიდან, ჩეხეთის კარიტასმა განახორციელა ოცამდე პროექტი განვითარების სფეროში, ხელი შეუწყო ათასობით ადამიანისათვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ორიენტირებული იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისა და მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის დახმარებაზე.
აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის აქტივობებს საქართველოში გაცილებით გრძელი ისტორია აქვს, ვინაიდან ორგანიზაციამ საკუთარი საქმიანობა ჯერ კიდევ 2008 წელს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტით გამოწვეულ საჭიროებათა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაკადების ფორმირების საპასუხოდ, დაიწყო. რეგიონალური პროგრამის განხორციელების საწყის ეტაპზე CCR-ს პროექტები ძირითადად ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების მეშვეობით ხორციელდებოდა, ხოლო გარკვეული გამოცდილების შეძენის შემდგომ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სრულფასოვანი რეგიონალური წარმომადენლობის გახსნის შესახებ.
“გამიმართლა, რომ მომეცა შესაძლებლობა, თვალი მედევნებინა კარიტასის საქმიანობისათვის საქართველოში ხუთი წლის მანძილზე, მისი რეგისტრაციის დღიდან მოყოლებული და უყოყმანოდ შემიძლია განვაცხადო, რომ ის პროგრესი, რისი მიღწევაც ამ ხნის განმავლობაში გახდა შესაძლებელი, უდავოდ დიდია.ერთის მხრივ, ჩვენ შევძელით, საგრძნობლად დიდი მოცულობის სამუშაოს განხორციელება გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარების კუთხით, მეორეს მხრივ ჩვენ მივაღწიეთ დიდ წინსვლას პროფესიონალიზმისა და ეფექტურობის განვითარების კუთხით, რასაც ადასტურებს არა მხოლოდ დონორებისა და პარტნიორი ორგანიზაციების აღიარება, არამედ ის წინსვლა, რაც მიღწეულ იქნა გაცილების სისტემური მუშაობის უზრუნველყოფის მხრივ“, აცხადებს ევჟენ დივიში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის რეგიონული დირექტორი ცენტრალურ აზიაში, საქართველოსა და ბალკანეთში.
მიუხედავად იმისა, რომ CCR-ს საქმიანობის დასაწყისში აქცენტი კეთდებოდა ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროთა განვითარებაზე, რაც ქვეყანაში CCR-ს ინტერვენციების "მოწინავე დარგებს" წარმოადგენდა, ორგანიზაციამ თავისი პროფესიული შესაძლებლობები სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარებისა და გარემოს დაცვის სფეროებშიც განავითარა.
ზრუნვა მოწყვლად ჯგუფებზე
საერთო ჯამში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა 15–მდე პროექტი განახორციელა ონკოლოგიის, აუტისტური სპექტრის აშლილობის, გრძელვადიანი და პალიატიური მოვლისა და პირველადი ჯანდაცვის სფეროებში, ყველაზე მოწყვლად და მარგინალიზებულ ჯგუფთა ცხოვრების პირობების შესამსუბუქებლად. CCR–ის მუშაობის შედეგად გაიხსნა კიბოს სკრინინგ ცენტრი ზუგდიდში, თუშეთის მთებში უზრუნველყოფილი იქნა გადაუდებელი დახმარების ხელმისაწვდომობა, გაუმჯობესდა ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობა შშმ პირებისათვის.
“ჩეხეთის კარიტასის სახელით უდაო პატივია ჩვენი ბენეფიციარებისა და პარტნიორების მოთხოვნილებებზე ორიენტირებული პროექტების განხორციელება, მათივე ჩართულობით. ჩვენი პროექტების წარმატებას დიდად განაპირობებს ამგვარი მიდგომა. ჩვენი წარმატების ერთ – ერთი ისტორიაა ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის დაარსება, რომელიც უკვე მოქმედებს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ცენტრში გაწეული ონკოლოგიური სკრინინგ-მომსახურება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მრავალი ადამიანის ცხოვრების ხარისხს“, ამბობს თამარ კურტანიძე, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტების მეჯენერი.
“საკუთარი მიზნობრივი ინტერვენციებით, CCR– მ ხელი შეუწყო აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთათვის მომსახურების გაუმჯობესებას აუტიზმის სპეციალისტების პროფესიული შესაძლებლობების გაღრმავებისა და მთელი საქართველოს მასშტაბით აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის სერვისებზე გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობის რეკომენდების გზით”, აცხადებს რუსუდან ჩხუბიანიშვილი, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტების მენეჯერი.
CCR-ი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან (MoIDPLHSA), რომელსაც დახმარებას უწევს ჯანმრთელობისა და სოციალური სექტორების რეფორმირებაში, საჭირო პოლიტიკისა და სტანდარტების შემუშავების გზით.
CCR-ის ამჟამინდელი პროექტები მიზნად ისახავს პირველადი ჯანდაცვის სისტემის ხარისხის გაუმჯობესებას, დასავლეთ საქართველოში კიბოს სკრინინგის ეროვნულ პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მძიმე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის გრძელვადიანი ზრუნვის სისტემის ჩამოყალიბებას, რაც სახელმწიფოს მიერ ინიცირებული დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ნაწილს წარმოადგენს და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფას აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის. CCR-ი სამომავლოდაც გააგრძელებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემათა გაუმჯობესების ხელშეწყობას, ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოების გაუმჯობესების, სტანდარტების შექმნის, ახალი სასწავლო სქემების და ინსტრუმენტების დანერგვისა და ინსტიტუციური განვითარების გზით.
მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება
სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარებისა და გარემოს დაცვის სფეროებში CCR–ის მიზანია, ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობაში კლიმატზე ორიენტირებული მეთოდებისა და მომგებიანი ალტერნატიული აქტივობების შემუშავებას, ბუნებრივი რესურსებისა და ნარჩენების ეფექტური მართვის უზრუნველყოფის მიზნით.
”იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის 42% სოფლად ცხოვრობს, სოფლის განვითარებას მნიშვნელოვანი როლი გააჩნია საქართველოს მდგრადი განვითარების საქმეში. საკუთარი საქმიანობით CCR-ი ხელს უწყობს სოფლის მოსახლეობის საარსებო საშუალებების გაუმჯობესებას, ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაციას, ავითარებს ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ზრდის კონკურენტუნარიანობას იმათ შორის, ვინც სოფლის მეურნეობის სექტორში მოღვაწეობს. რაც შეეხება გარემოს დაცვას, ჩვენი ორგანიზაცია ორიენტირებულია ბუნებრივი რესურსების მდგრად მენეჯმენტსა და ნარჩენების მართვაზე", ამბობს ეკატერინე მესხრიკაძე, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ხელმძღვანელის მოადგილე.
ქვეყანაში პროგრამის განხორციელების დაწყების დღიდან, CCR–მ განახორციელა შვიდი პროექტი აღნიშნულ სფეროებში, რომელთა სამიზნე ჯგუფებს ძირითადად თუშეთის, ფსავ-ხევსურეთისა და აჭარის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა წარმოადგენდა.
მჭიდრო თანამშრომლობა დონორებათან
მიღწეული წარმატებები შეუძლებელი იქნებოდა დონორთა მხარდაჭერისა და მათთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე. CCR–ის აქტივობები განვითარების კუთხით საქართველოში დააფინანსა ჩეხეთის განვითარების სააგენტომ, გაეროს განვითარების პროგრამის გამოწვევების ფონდმა და ევროკავშირის ENPARD პროგრამამ. ახლახანს, SlovakAid– მა განაცხადა თანხმობა ორი ახალ პროექტის დაფინანსების შესახებ, რომელთა განხორციელებას CCR–ი რაჭაში გეგმავს.
”მქონდა შესაძლებლობა, დასაწყისიდანვე დავკვირვებოდი ჩეხეთის კარიტასის საქმიანობას საქართველოში. წლების განმავლობაში CCR-მა შეძლო, ჩამოყალიბებულიყო მნიშვნელოვან ორგანიზაციად, განვითარების სფეროში, განსაკუთრებით ისეთ სექტორთან მიმართებაში, როგორიცაა ჯანდაცვა, რაც ერთ-ერთ ურთულეს სექტორს წარმოადგენს. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ CCR–ს სხვა სფეროებშიც აქვს მსგავსი წარმატებული მისიები და საქმიანობა როგორც საქართველოში, აგრეთვე სხვა ქვეყნებში”. იან ჩერნიკი, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი.
“CCR-ი საქართველოში ვერ მიაღწევდა წარმატებას იმ არაჩვეულებრივი გუნდის გარეშე, რომელიც ჩვენ აქ გვყავს. ჩვენ ვმუშაობთ პროფესიონალებთან, ადამიანებთან, რომლებიც თავიანთი საქმის ერთგულები არიან და რომლებიც ცდილობენ, გააუმჯობესონ სიტუაცია ქვეყანაში. რა მინდა ვუსურვო CCR– ს საქართველოში? მინიმუმ ისეთივე წარმატებები, რაც აქამდე გვქონდა და ის, რომ გავაგრძელოთ მარგინალიზებულ ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესება, ვინც ხშირად ავიწყდებათ და რომლებიც დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ საკუთარი მდგომარეობის შემსუბუქებას, ხოლო ჩვენთვის ვისურვებდი, გაგვეგრძელებინოს იმ საქმიანობიდან სიამოვნების მიღება, რასაც ვაკეთებთ“. ამბობს იან ბლინკა, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი.