ზაფხულის პირველი დღე - 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.
1. ივნისი 2020 სიახლეები

ზაფხულის პირველი დღე - 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.

ზაფხულის პირველი დღე - 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თითოეულ ბავშვს აქვს  უფლება „ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების დონეზე“. ამასთან, ბავშვი, რომელიც დროებით ან მუდმივად მოკლებულია თავის ოჯახურ გარემოცვას, აქვს დახმარების და დაცვის უფლება სახელმწიფოს მხრიდან (უნისეფის კონვენცია  ბავშვის უფლებების შესახებ, მუხლი 27, მუხლი 20).

„საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა ვიზრუნოთ ბავშვების კეთილდღეობაზე ყოველ დღე, ყოველი ბავშვისთვის. განსაკუთრებით მათზე, ვინც უფრო მეტად საჭიროებს ზრუნვას. ეს ღირებულებები არ უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა არც ერთ დროს, მათ შორის პანდემიის პირობებში, როდესაც ყველას შეგვეცვალა ცხოვრების სტილი“ - თამარ კურტანიძე, პროექტების მენეჯერი.

მიუხედავად კოვიდ-19 პანდემიისა, გასულ თვეში დისტანციურად დავიწყეთ სასწავლო კურსის „ბავშვზე ორიენტირებული ზრუნვა“ ჩატარება პროექტის პარტნიორის თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის პერსონალისთვის, რათა ხელი შევუწყოთ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი შშმ ბავშვების არსებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას, ოჯახთან მიახლოვებული გარემოს შექმნის ხელშეწყობას და სოციალურ ინკლუზიას.

მადლობას ვუხდით გაეროს ბავშვთა ფონდს - უნისეფის სასწავლო კურსის მნიშვნელოვანი მასალის გაზიარებისთვის, რომელიც შექმნილია უნისეფის კონსულტანტების მიერ.

დღეს კი სიმბოლურად ვეწვიეთ ჩვილ ბავშვთა სახლს, რათა შევხვედროდით და გავსაუბრებოდით ტრენინგის მონაწილეებს. შემდგომ კი შევხვდით პროექტის პარტნიორს გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიულ აკადემიურ კლინიკის დირექტორს და გავეცანით კლინიკის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის პროცესს, სადაც მალე ხელმისაწვდომი იქნება ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის განყოფილება „სამედიცინიო-სოციალური სახლი“.

საქმიანობა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის "ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარება საქართველოში” ნაწილია, რომელიც ინიცირებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს ჩვილ ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის თანამონაწილეობას შესაბამისი ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის სერვისის შექმნის გზით.