პროექტის "ქცევის ფაქტორების ზეგავლენა აივტესტირების დაბალ მაჩვენებელზე საქართველოში" დახურვა
24. ნოემბერი 2022 პრესრელიზი

პროექტის "ქცევის ფაქტორების ზეგავლენა აივტესტირების დაბალ მაჩვენებელზე საქართველოში" დახურვა

2022 წლის 25 ნოემბერს, პროექტის "ქცევის ფაქტორების ზეგავლენა აივტესტირების დაბალ მაჩვენებელზე საქართველოში" დახურვისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს პროექტში ჩართულმა მხარეებმა ინიციატივის ფარგლებში ჩატარებული შერჩევითი პრინციპით (რანდომიზირებული) კონტროლირებული კვლევის შედეგები წარუდგინეს და მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს.

ღონისძიება გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) საქართველოს ოფისისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინოვაციური პროექტის ნაწილი იყო, რომლის ფარგლებშიც მკვლევრებმა აივტესტირების დაბალი მაჩვენებლის ძირითადი გამომწვევი ფაქტორები ქცევითი მეცნიერების გამოყენებით შეისწავლეს და 18-34 წლის ახალგაზრდებში გამოსცადეს.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC), საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრ „თანადგომასა“ და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან ერთად, შეიმუშავა და მოგვიანებით გაავრცელა გზავნილები, რომლებიც დაეხმარა სამიზნე ჯგუფებს  აივ-თვითტესტირებაზე გადაწყვეტილების მიღებაში. კვლევამ აჩვენა, რომ ძვირად ღირებული მობილური ტელეფონის გათამაშება და მოკლედ მიწოდებული ინფორმაცია ტესტირების შესაძლებლობასთან დაკავშირებით ყველაზე მეტად უწყობს ხელს ახალგაზრდების ჩართულობას აივ-თვითტესტირების პროცესში.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის სამსახურის ხელმძღვანელი იანა ზელინგეროვა, ჩეხეთისა და გაეროს განვითარების პროგრამის პარტნიორობა გაეროს განვითარების მიზნებისთვის პროექტის უფროსი სპეციალისტი პაველ ფაუზი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანა ჩერნიშოვა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ეკატერინე მესხრიკაძე.

„ეს ღონისძიება არის უდიდესი შესაძლებლობა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან საზოგადოებრივ ჯანდაცვაში იმისთვის, რომ აღმოაჩინონ და განიხილონ ჯანმრთელობის გაუმჯობესების ის შესაძლებლობები, რომლებიც აივ-თვითტესტირებას შეუძლია მოიტანოს. დღევანდელი ღონისძიების ხანგრძლივობა სულ რამდენიმე საათი იყო, თუმცა ამ პროექტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბოლოო შედეგები ცხადყოფს, რომ თვითტესტირების წახალისება სამიზნე ჯგუფებში შესაძლებელია საკმაოდ პირდაპირი გზით და ამას მოაქვს შედეგი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტს ვუჭერდით მხარს, რომლის ფარგლებშიც გაერთანდა პარტნიორთა ძალისხმევა და მოუთმენლად ველით თუ როგორ აისახება დღეს წარმოდგენილი მიგნებები საქართველოში აივტესტირების მომავალზე.“ – განაცხადა ჩეხეთისა და გაეროს განვითარების პროგრამის პარტნიორობა გაეროს განვითარების მიზნებისთვის პროექტის უფროსმა სპეციალისტმა პაველ ფაუზიმ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აივინფექციის გავრცელების მაჩვენებელი დაბალია და სულ უფრო ნაკლებად გვხვდება ინფიცირების ახალი შემთხვევები, ე.წ. MSM პოპულაციასა და ახალგაზრდებში დაავადების გადაცემის ბოლო დროს გაზრდილი მაჩვენებელი მიუთითებს სიტუაციის გაუარესების პოტენციურ რისკზე. საყურადღებოა საზოგადოების მხრიდან აივთან დაკავშირებული სტიგმა, რაც ჯერ კიდევ აივტესტირებაზე მიმართვის უმთავრესს ბარიერს წარმოადგენს.

ამ პრობლემის საპასუხოდ, 2022 წლიდან ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი UNDP საქართველოსთან, UNFPA საქართველოსთან, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრსა (CRRC) და საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრ „თანადგომასთან“ ერთად, ინოვაციურ პროექტში ჩაერთო. პროექტის ფარგლებში მომზადდა სხვადასხვა ტიპის ქცევითი გზავნილები, რომლებსაც ახალგაზრდები აივ-თვითტესტირებაში უნდა დაერწმუნებინა. აღნიშნული გზავნილების ეფექტიანობაზე დაყრდნობით, შემუშავდა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრს (NCDC), ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრსა და აივმკვლევრებს გადაეცათ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დოკუმენტი. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ასევე იმუშავა შერჩეული სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე იმისთვის, რომ მათ უზრუნველყონ ახალგაზრდები კონფიდენციალური და სანდო სამედიცინო კონსულტაციით, ყოველგვარი სტიგმის გარეშე.

ინიციატივა დაფინანსებულია ჩეხეთისა და გაეროს განვითარების პროგრამა პარტნიორობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისთვის მიერ.