CCR აუტიზმის სპექტრის მქონე პირების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტი შეაჯამა
1. დეკემბერი 2021 პრესრელიზი

CCR აუტიზმის სპექტრის მქონე პირების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტი შეაჯამა

2021 წლის 3 დეკემბერს,  ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტმა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში“ შემაჯამებელი კონფერენცია გამართეს.

პროექტი მიზნად ისახავდა აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისების უზრუნველყოფას, ასევე, სფეროს სპეციალისტების პროფესიულ გაძლიერებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს საქართველოს პროგრამის  ხელმძღვანელმა – პეტრა მოჟიჩევამ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა – იან ბლინკამ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა – პროფესორმა გიგა ზედანიამ.

კონფერენციაზე ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის მენეჯერმა რუსუდან ჩხუბიანიშვილმა დამსწრე საზოგადოებას პროექტის ფარგლებში 2015-2021 წლებში მიღწეული შედეგები და მუშაობის პროცესში არსებული გამოწვევები გააცნო. ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ნინო ცინცაძემ კი, ექვსწლიანი პარტნიორობის შედეგად სფეროს მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობაზე, ასევე, სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და გამრავალფეროვნებაზე ისაუბრა.

კონფერენციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის – „აუტიზმის სპექტრის აშლილობების პრევალენტობა, კლინიკური თავისებურებები და რისკ-ფაქტორები საქართველოში“ წინასწარი შედეგების წარდგენა იყო, რომლის ფარგლებშიც გამოკვეთილ ტენდენციებზე ბავშვთა ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების აკადემიის თავმჯდომარემ და პროექტის ექსპერტმა, მაია გაბუნიამ ისაუბრა. ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის მოქმედმა თავმჯდომარემ გვანცა ჩვამანიამ კი ქცევის გამოყენებითი ანალიზის კუთხით ანგარიში წარადგინა და დამსწრე საზოგადოებას ასოციაციის საკანონმდებლო ინიციატივის მნიშვნელობის შესახებ უამბო, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, ქცევის ანალიტიკოსთა საქმიანობის რეგულირებას გამოიწვევს.

ღონისძიების დასასრულს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თინათინ ჭინჭარაულმა ქცევის გამოყენებით ანალიზში უნივერსიტეტის საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავდა აუტიზმის სპექტრის მქონე პირების სერვისების გაფართოებასა და გაუმჯობესებას, ასევე, სფეროს სპეციალისტების პროფესიულ გაძლიერებას. ჩეხეთის კარიტასმა პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით (255 000 ევრო) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტსა და ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა აკადემიასთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელა. პროექტი შემუშავდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, აღნიშნულ სფეროში მთავრობის პრიორიტეტების გათვალისწინებით.

პროექტის შედეგად განხორციელებული ძირითადი მიღწევები:

  • ქვეყნის მასშტაბით ოჯახის ექიმები და ჯანდაცვის სპეციალისტები მომზადნენ აუტიზმის სპექტრის რისკის გამოვლენაში.
  • საქართველოს ხუთ რეგიონს აუტიზმის სპექტრის გამოვლენისათვის საჭირო, დიაგნოსტიკის „ოქროს სტანდარტად“ მიჩნეული, ე.წ. ADOS ინსტრუმენტი გადაეცა და შესაბამისი სპეციალისტები მის გამოყენებაში გადამზადნენ.
  • ABA სპეციალისტებმა გაიარეს ტრენინგები ბავშვთა შეფასების ინსტრუმენტების (ABLLS-R and EFL) გამოყენებაში, რომლებიც აუცილებელია ABA თერაპიის სრულფასოვანი განხორციელებისათვის.
  • დაფინანსდა 15 სპეციალისტი, რომელმაც ქცევის თერაპიის სუპერვიზორის კვალიფიკაციის მოსაპოვებლად საჭირო საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსი გაიარა.
  • ABA-ის პარალელურად აუტიზმის ჩარევის ორი ალტერნატიული მიდგომა – დენვერის ადრეული ჩარევის მოდელი და SCERTS-ის (სოციალური კომუნიკაცია, ემოციური რეგულაცია, ტრანსაქციული მხარდაჭერა) მოდელი დაინერგა, გადამზადნენ სპეციალისტები.
  • საქართველოს სამ საპილოტე საბავშვო ბაღს წარედგინა ინკლუზიური განათლების მოდელი, გადამზადნენ სპეციალური მასწავლებლები და საბავშვო ბაღის აღმზრდელები.
  • სხვადასხვა მუნიციპალიტეტს წარედგინა აუტიზმის პროგრამის განფასების მოდელი. შესაბამისად, ზოგიერთმა მათგანმა ამ პროგრამისთვის საჭირო ბიუეჯეტი გამოყო, ზოგმა კი გაზარდა, როგორც პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების, ისე თერაპიისთვის საჭირო საათების რაოდენობა.
  • 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ „აუტიზმის გამოვლენის, დიაგნოსტიკის და მართვის“ ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცა.
  • 2020 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ „აუტიზმის მქონე პირთა მომსახურების მინიმალური სტანდარტები“ დაამტკიცა.
  • ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციამ შეიმუშავა და პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, ქცევის ანალიტიკოსთა საქმიანობის რეგულირებას გამოიწვევს.

ვრცლად პროექტის შესახებ: https://bit.ly/3cBPGdl