პირველადი ჯანდაცვის ხარისხის სისტემის გაუმჯობესება საქართველოში-პირველი ფაზის შედეგების პრეზენტაცია
10. დეკემბერი 2019 ახალი ამბები

პირველადი ჯანდაცვის ხარისხის სისტემის გაუმჯობესება საქართველოში-პირველი ფაზის შედეგების პრეზენტაცია

სამედიცინო მომსახურების ხარისხი და მისი გაუმჯობესება დიდ გამოწვევას წარმოადგენს საქართველოსთვის. პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.

2019 წლის 10 დეკემბერს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „პირველადი ჯანდაცვის ხარისხის სისტემის გაუმჯობესება საქართველოში“ პირველი ფაზის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია ოფიციალურად გახსნეს ჩეხეთის საელჩოს განვითარების პროგრამების ხელმძღვანელმა იან ჩერნიკმა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა იან ბლინკამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე 5 საპილოტე სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელები, პარტნიორი ორგანიზაციების (WHO, Unicef, British Medical Journal) წარმომადგენლები, საინფორმაციო სისტემის სპეციალისტები და ჩეხეთის კარიტასის პროექტის ექსპერტები.

მოწვეული სტუმრები გაეცნენ პროექტის პირველი ფაზის შედეგებს, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებების მიერ პროექტის ფარგლებში შექმნილი საინფორმაციო სისტემის გამოყენების შედეგებს კლინიკური მონაცემების შეგროვების, გაცვლისა და ანალიზის თვალსაზრისით შერჩეული ეროვნული ინდიკატორების მიხედით.

შეხვედრაზე შეფასდა დაწესებულებებთან თანამშრომლობის მიღწევები და გამოწვევები. ბოლოს პროექტის საინფორმაციო სისტემის წამყვანმა ექსპერტმა წარმოადგინა უნიფიცირებული საინფორმაციო სისტემის კონცეფცია, რომლის შექმნაც იგეგმება ჩეხეთის მთავრობის ხელშეწყობით.