UNFPA და CCR ერთობლივი ინიციატივის განხორციელებას იწყებენ
15. აპრილი 2022 სიახლეები

UNFPA და CCR ერთობლივი ინიციატივის განხორციელებას იწყებენ

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის უფლებებზე დაფუძნებული ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით, UNFPA საქართველოს ადგილობრივ ოფისთან ერთად, ჩვენმა ორგანიზაციამ წამოიწყო ახალი ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ერთობლივი პროგრამის განორციელებას „ნურავის გამოვტოვებთ – პოლიტიკიდან პრაქტიკისკენ შეზღუდული შესაძლებლობის ინკლუზიური განვითარება საქართველოში“.

პროექტი მიზნად ისახავს საფუძველი დაუდოს სამართლიანი და ინკლუზიური წვდომის უზრუნველსაყოფას ხარისხიან და გენდერის შესაბამისი ჯანდაცვის სერვისებზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, რომელიც შესაბამისობაში იქნება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტთან.

პროექტის მიზანია საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ჯერ კიდევ აწყდებიან სხვადასხვა გამოწვევას ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა ჯანდაცვის სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, საქართველოს კანონმდებლობაში კვლავ რჩება ხარვეზები, რომლებსაც სჭირდება საერთაშორისო გამოცდილებასა და შეზღუდული შესაძლებლობის მოდელთან ჰარმონიზაცია. სწორედ აღნიშნული ცვლილებებისკენაა მიმართული ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისა და UNFPA საქართველოს ერთობლივი ინიციატივა.

პროექტი გაგრძელდება 2 წლის განმავლობაში. 2022 წელს UNFPA საქართველო და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის გუნდი იმუშავებენ შესაბამისი კანონმდებლობის ანალიზზე და საქართველოს პარლამენტს მიაწვდიან რეკომენდაციებს საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე ჯანდაცვის სფეროში, რომელიც შესაბამისობაში იქნება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი პროექტის გუნდი, მათ შორის, წარმოდგენილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებით, რომელთაც აქვთ ექსპერტული ცოდნა ადამიანის უფლებების შესახებ და დაგეგმილი აქტივობების ფარგლებში, შესაბამის რეკომენდაციებს წარადგენენ. ცვლილებები შეეხება კანონს პაციენტის უფლებების შესახებ, კანონს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ და კანონს სამედიცინო საქმიანობის შესახებ.

2023 წელს პროექტი მხარს დაუჭერს ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებას ტრენინგების, საგანმანათლებლო მასალისა და ჯანდაცვის სპეციალისტებისა და პროფესორების კვალიფიკაციის ამაღლების გზით. აღნიშნულის მიზანია სერვისის პროვაიდერებმა უზრუნველყონ გენდერისა და შეზღუდული შესაძლებლობების შესაბამისი ჯანდაცვის სერვისები, მათ შორის, სქესობრივი და რეპროდუქციული სერვისები.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის მენეჯერი თამარ კურტანიძე აღნიშნავს, რომ ჩვენი ორგანიზაცია წლებია მუშაობს შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებულ საკითხებზე სხვადასხვა მიმართულებით. ის რამდენიმე მნიშვნელოვან ინტერვენციას უსვამს ხაზს, მათ შორის, სოციალური სერვისების ჩამოყალიბებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის და საგანმანათლებლო კურსების უზრუნველყოფას დარგის სპეციალისტებისთვის:

„საქართველო გაეროს  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ხელმომწერი ქვეყანაა და შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ამ კონვენციის პრინციპების განხორციელების მხარდაჭერას. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, რეგიონში საკმაოდ პროგრესული კანონმდებლობა ჩამოყალიბდა ჯანდაცვის მიმართულებით, რომელიც ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს. UNFPA-სთან პარტნიორობით ამ კანონმდებლობის გაუმჯობესებისათვის და გაეროს  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პრინციპებთან დაახლოებისათვის რეკომენდაციების შემუშავება მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ჩვენთვის“.

თამარი ამბობს, რომ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების პარტნიორობის მრავალპარტნიორული ნდობის ფონდის მიერ დაფინანსებული ინიციატივით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი გააგრძელებს თავისი წვლილის შეტანას მომხმარებელზე უფრო მეტად მორგებული გარემოს უზრუნველყოფისათვის ჯანდაცვის დაწესებულებებში, კონკრეტულად კი – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი შშმ პირების უფლებების დასაცავად წლებია მუშაობს

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი წლებია მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების მხარდასაჭერად, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისა და მათთვის ხარისხიანი ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების უზრუნველსაყოფად. სხვადასხვა დონორული დაფინანსების ფარგლებში, ჩვენი ინტერვენციები დაკავშირებული იყო ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური სერვისების განვითარებასა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის შესაბამისი რეგულაციების/სტანდარტების ჩამოყალიბებასთან.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ამ ეტაპზე ახორციელებს, მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობას. აღნიშნული გულისხმობს საჭირო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას საქართველოში დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, მათი საოჯახო ტიპის საცხოვრებლითა და შესაბამისი სერვისებით უზრუნველყოფას.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინიციატივით, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის კარიტასმა უკვე შეიმუშავა დეინსტიტუციონალიზაციისათვის საჭირო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. სფეროს ექსპერტებმა, ჩეხ კოლეგებთან, სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, განსაზღვრეს ძირითადი სამუშაო მიმართულებები, კომპლექსური მიდგომით შეაფასეს ბენეფიციართა ინდივიდუალური საჭიროებები და მოამზადეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები. ამჟამად მიმდინარეობს შერჩეული სახლების რეაბილიტაცია, რომელშიც დუშეთისა და მარტყოფის დიდ პანსიონატებში მცხოვრებთა ნაწილი 2022 წელს გადავა საცხოვრებლად.