რატომ არის პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება მნიშვნელოვანი

რატომ არის პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება მნიშვნელოვანი

დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესების მიზნით ჩატარებული ღონისძიებების მასშტაბის ზრდას – 60 მლნ-მდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, 2030 წლისთვის კი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის 3.7 წლით გაზრდა შეუძლია. ჩეხეთის კარიტასი აქტიურად მუშაობს საქართველოს პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე და მისთვის საინფორმაციო-ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების უზრუნველყოფაზე.

პირველადი ჯანდაცვის როლი ძლიერი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებაში

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ პირველადი ჯანდაცვა არის ყველაზე ეფექტიანი მიდგომა პაციენტების ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის და საზოგადოების სოციალური კეთილდღეობისათვის. საერთაშორისო კვლევის თანახმად, რომელშიც 13 მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანაა განხილული, ძლიერი პირველადი ჯანდაცვის რგოლი უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და დანახარჯების შემცირებას (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია).

ჯანდაცვის პირველად რგოლში შესაბამისი კვალიფიკაციის კადრებისა და მაღალი ხარისხის სისტემების არსებობა ძლიერი ჯანდაცვის სისტემის ქვაკუთხედია. ოჯახის ექიმთან დროული ვიზიტი, რომელიც მოქალაქეებს შემდგომი საფეხურის ძვირადღირებულ სერვისებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებებს აარიდებს თავიდან, ასევე დიდ როლს თამაშობს ხსენებული სისტემის გაუმჯობესებაში.

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის კარიტასი აქტიურად მუშაობს საქართველოს პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაუმჯობესებაზე, მათ შორის: ოჯახის ექიმებისთვის განახლებული კლინიკური პროტოკოლების წარდგენაზე, ქვეყნის მასშტაბით ყოვლისმომცველი საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემების შექმნაზე, კვალიფიკაციის სტანდარტების და მოთხოვნების განახლებასა და უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ჩამოყალიბებაზე.

განახლებული კლინიკური პროტოკოლების მნიშვნელობა

203012540_2142420085897988_1686446481594340236_n

კლინიკური პროტოკოლი სამედიცინო გზამკვლევია, რომელიც მოიცავს კონკრეტული დაავადებების მართვის საუკეთესო პრაქტიკას, მათ შორის, სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მკურნალობის გეგმას.

ჩეხეთის კარიტასის ექსპერტებმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გამოყვეს პრიორიტეტები და დასახელებული თემების შესაბამისად, ათი კლინიკური პროტოკოლის შემუშავება და პირველ ეტაპზე, მათი რამდენიმე მუნიციპალიტეტში (მცხეთა-მთიანეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები) პილოტირება დაისახეს მიზნად.

ამ ეტაპზე, შემუშავებული ათი პროტოკოლიდან, ჯანდაცვის სამინისტრომ ექვსი უკვე დაამტკიცა. ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით, კარიტასის ექსპერტებმა უკვე დაიწყეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ექიმებისა და ექთნების მომზადება.

„მომავალი ორი წლის განმავლობაში, რეგიონის ექიმებს მიეწოდებათ მსოფლიოში არსებული ყველაზე განახლებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული საუკეთესო პრაქტიკა, რაც გარანტიაა იმისა, რომ სოფლის ამბულატორიაში მისული პაციენტი იმავე ხარისხის მომსახურებას მიიღებს, რასაც დედაქალაქის საუკეთესო კლინიკაში მისული მოქალაქე,“ ამბობს ოჯახის ექიმი და ჩეხეთის კარიტასის პროექტის ექსპერტი ნატო შენგელია.

„ახალ პროტოკოლებზე დაყრდნობით ტრენინგების გავლა 2021 წლის ივნისში დავიწყეთ. ამჟამად, ჰიპერტონულ დაავადებებს გავდივართ. ჩემთვის, როგორც ოჯახის ექიმისთვის, რომელსაც სოფლის 3 უბნის 1 600-მდე პაციენტი ჰყავს მიბარებული, რომელთაგან სეზონური წნევის ცვალებადობა უამრავ მათგანში აღინიშნება, ახალი მიდგომების პრაქტიკაში გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია,“ აღნიშნავს ლამარა ფაღავა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭოპორტის ოჯახის ექიმი.

პროექტის ექსპერტები ასევე მუშაობენ პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების სისტემის შექმნაზე, შერჩეულ მუნიციპალიტეტებში ამბულატორიების სამედიცინო პერსონალის ინტენსიური კლინიკური სწავლებისა და მხარდამჭერი მეთვალყურეობის გზით. 

საინფორმაციო-ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები პირველადი ჯანდაცვისთვის

პირველადი ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებისთვის ერთ-ერთი გამოწვევა სერვისების გაციფროვნებაა. ხელით საქმის წარმოებასთან შედარებით, პაციენტის სამედიცინო ბარათის ელექტრონულად წარმოება გაცილებით მეტი სიზუსტითა და ინფორმაციის ნამდვილობის უფრო მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ამასთან, საქმის ელექტრონულად წარმოებას სჭირდება ნაკლები დრო და ფინანსები.

ჩეხეთის კარიტასი საქართველოს პირველადი ჯანდაცვისათვის მუშაობს ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო სისტემის შექმნაზე, რომელიც პირველადი ჯანდაცვის პერსონალს სამედიცინო ჩანაწერების ელექტრონულად წარმოების საშუალებას მისცემს. ამასთან, შეიქმნება რიგების მართვის, ტელემედიცინისა და რეფერალის ერთიანი ელექტრონული სისტემები და სამედიცინო ელექტრონული ჩანაწერების საწყობი პირველადი ჯანდაცვისთვის.

„ერთიანი სამედიცინო ჩანაწერების სისტემა ხელს შეუწყობს პირველადი ჯანდაცვის დონეზე პაციენტზე ინფორმაციის ერთად თავმოყრას და ინფორმირებული სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღებას. ერთიანი რიგების მართვის სისტემა კი მოხერხებული ინსტრუმენტია ერთ სივრცეში სამედიცინო სერვისის მისაღებად. ამავე დროს პროექტის ფარგლებში შექმნილი სტანდარტული საინფორმაციო უნიფიცირებული ელექტრონული სისტემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც არ აქვს შიდა სისტემები მონაცემთა ელექტრონულად რეგისტრაციისათვის, მათ შორის სოფლის ექიმებისათვის,“ ამბობს ექსპერტი საოჯახო მედიცინაში მარინა შიხაშვილი. 

„პირველადი ჯანდაცვა არის ჯანდაცვის სისტემის „კარიბჭე“, რომლის მთავარი დანიშნულებაა, პაციენტების დიდმა ნაწილმა ძირითადი სამედიცინო მომსახურებები პირველად დონეზე მიიღოს და შესაბამისად, ჯანდაცვის მომდევნო რგოლები არ გადაიტვირთოს,“ განმარტავს რუსუდან ჩხუბიანიშვილი, ჩეხეთის კარიტასის პროექტის მენეჯერი.

ჩეხეთის კარიტასი მხარს უჭერს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის კარიტასი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან. პროექტით საბოლოოდ ისარგებლებს მთლიანად ქვეყანა, რადგან ყველა კომპონენტის შედეგი საბოლოო ჯამში გადაეცემა სამინისტროს.

ამ ეტაპზე პროექტის პილოტირება მიმდინარეობს მცხეთა-მთიანეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების შერჩეულ მუნიციპალიტეტებში. ამასთანავე, პროექტი აგრძელებს პირველადი სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების სისტემის სრულყოფას თბილისის 5 საპილოტე სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც პროექტის პირველი ფაზა მიმდინარეობდა. პროექტი მოიცავს 46 სამედიცინო დაწესებულებას, მათ შორის 142 სოფლად დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს დუშეთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან.

ნინა კოპალეიშვილი – ჩეხეთის კარიტასის პიარისა და კომუნიკაციის ოფიცერი, nina.kopaleishvili@caritas.cz

czech aid logo  Logo_of_Ministry_of_Labour,_Health_and_Social_Affairs_of_Georgia._2012   download