საქართველოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი ორგანიზაციის პრიორიტეტებზე საუბრობს
15. თებერვალი 2023 სიახლეები

საქართველოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი ორგანიზაციის პრიორიტეტებზე საუბრობს

გსურს შეიტყო მეტი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქმიანობის შესახებ საქართველოში? ცოტა ხნის წინ ინტერვიუების სერიაზე მუშაობა დავიწყეთ, რომელთა მეშვეობითაც უფრო მეტს შეიტყობთ ჩვენი ორგანიზაციის საქართველოს ოფისის საქმიანობაზე. ამჯერად ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს, ისკანდარ მინას ვესაუბრეთ.

თითქმის თხუთმეტი წელია სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილი საგანგებო სიტუაციების დროს ჯანდაცვის ექსპერტად მუშაობთ. 2022 წელს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი გახდით, ორგანიზაციისა, რომელიც ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სერვისების უზრუნველყოფის მიმართულებით ერთ-ერთი უმსხვილესი პროვაიდერია საქართველოში და აქტიურად მუშაობს ჰუმანიტარულ და განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებზე. რა არის ის მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ამ სფეროში მუშაობა გსურთ?

IMG_1560

როგორც იცით, მე პარაპროფესიონალი და პირველადი დახმარების ტრენერი ვარ ლიბანიდან. ლიბანის წითელ ჯვარში მოხალისედ ჩვიდმეტი წლიდან ვმუშაობ და შესაბამისად, ჰუმანიტარული სულისკვეთება საკმაოდ ადრეულ ასაკში ჩამომიყალიბდა.

თავდაპირველად ბავშვთა ონკოლოგიურ ცენტრში მოხალისე ვიყავი. სწორედ აქ ჩამომიყალიბდა მენტალობა, თუ როგორ შეიძლება დაეხმარო მოწყვლად ადამიანებს სხვადასხვა კონტექსტში. ჰუმანიტარულ სექტორში წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების შემდეგ, ახლა მტკიცედ მწამს, რომ ყველას შეუძლია თუნდაც რამდენიმე წუთის გაღება ადამიანების დასახმარებლად და ამ მცირე ძალისხმევით წვლილის შეტანა სხვისი რთული მდგომარეობის შემსუბუქებაში.

პროფესიულ დონეზე პირველად მუშაობა ლიბანში, სირიის კრიზისის საპასუხოდ დავიწყე. შემდეგ ახალი გამოწვევების საძიებლად ერაყში, იემენში, სუდანში, ეთიოპიასა და აზერბაიჯანში წავედი. ჩემი ცოდნის გათვალისწინებით, უფრო მეტად საგანგებო და კრიზისულ სიტუაციებში ვიყავი ჩართული.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის გუნდში გაწევრიანებამდე, ყოველთვის თვალს ვადევნებდი ორგანიზაციის აქტივობებს და მაოცებდა ის შედეგები, რომელსაც ამ ორგანიზაციის გუნდი, როგორც სისტემურ, ისე უშუალოდ თემის დონეზე აღწევდა. ეს იყო მთავარი მოტივაცია, რომლის გამოც ამ ორგანიზაციაში მუშაობა გადავწყვიტე. ამასთან ერთად, მინდოდა ჩემი ცოდნა და გამოცდილება ჰუმანიტარული და განვითარების სექტორში სხვა რაკურსით დამენახა და რადგან ამჟამად საქართველოში ვცხოვრობ, ამ არაჩვეულებრივი ქვეყნის განვითარებაში ჩემი წვლილი შემეტანა.
 
მჯერა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის კვალიფიციურ და გამოცდილ გუნდთან ერთად, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პროექტებზე მუშაობას შევძლებ.
 

საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მუშაობის შედეგები ახსენეთ. ყველაზე მეტად რამ მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება?

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აღიარებულია, როგორც წარმატებული დ გავლენის მქონე ორგანიზაცია საქაართველოში. პირველად როდესაც შევხვდი დიდ დონორ ორგანიზაციებს, რომლებიც ჩვენს პროექტებს აფინანსებენ, სასიამოვნო იყო იმის დანახვა, თუ როგორი ბედნიერები არიან ისინი ჩვენი ორგანიზაციის მუშაობით, აქტივობებითა და პროექტებით. მაგალითისთვის მინდა გავიხსენო გაეროს ბავშვთა ფონდთან ბოლო შეხვედრა, რომელზეც ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან თანამშრომლობა არის წარმატებული პარტნიორობის მოდელი. ცხადია, ასეთი შეფასება მე და ჩემს კოლეგებს გვაძლევს მოტივაციას, კიდევ უფრო გავაფართოვოთ ჩვენი აქტივობები და მეტი გავაკეთოთ ქვეყნის განვითარებაში წვლილის შესატანად.

IMG_5947

2008 წლიდან ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას ჯანდაცვის სექტორის განვითარებაში. ბევრი რამ გაკეთდა პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და პირველადი ჯანდაცვის პროვაიდერებისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და სამედიცინო აღჭურვილობის უზრუნველსაყოფად, შემუშავდა ელექტრონული საინფორმაციო სისტემები და სხვ. რატომ არის პირველადი ჯანდაცვის მხარდაჭერა ასე მნიშვნელოვანი ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქრთველოა?

მე ჯანდაცვის ექსპერტი ვარ და ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერას ვუყურებ, როგორც პირადი, ისე პროფესიული პერსპექტივიდან. ყველამ ვიცით, რომ პირველად ჯანდაცვას აქვს ერთგვარი „კარიბჭის“ ფუნქცია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ზოგადი პოპულაციის ჯანმრთელობა და ჯანდაცვის მეორეული რგოლი დაიცვას გადატვირთვისგან. ამ კონტექსტში არ უნდა დაგვავიწყდეს COVID-19-ის პანდემიაც, რომელმაც კიდევ ერთხელ ცხადყო ექიმების ფასდაუდებელი როლი ჩვენს ცხოვრებაში და მათი გაძლიერებისა და მუდმივი განვითარების საჭიროება. ამგვარად, პირველადი ჯანდაცვის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება, ამბულატორიების ტექნიკური აღჭურვა და საქართველოს მთავრობასთან სისტემურ დონეზე მუშაობა უმნიშვნელოვანესია მთლიანად ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირება და მათი ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული სამუშაო მიმართულებაა. როგორ შეაფასებდით ჩვენს ქვეყანაში არსებულ მოცემულობას ამ მიმართულებით და რა არის ის ძირითადი გამოწვევები, რომელთა საპასუხოდაც უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მუშაობას?

როგორც იცით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გაეროს სააგენტოების მიერ აღიარებულია ერთ-ერთ პრიორიტეტულ ჯგუფად სხვადასხვა ტიპის მოწყვლად თემებს შორის. ამ ადამიანებს აქვთ შეზღუდული წვდომა სხვადასხვა სერვისზე და სამწუხაროდ, ნაკლები შესაძლებლობები.

მოხარული ვარ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, მუშაობს უმნიშვნელოვანეს პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორი დიდი საცხოვრისის (მარტყოფი და დუშეთი) დეინსტიტუციონალიზაციას და ბენეფიციარებისთვის შესაბამისი საოჯახო ტიპის სერვისების განვითარებას. გასული ორ წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის გუნდმა და პროექტის პარტნიორებმა ბევრი იმუშავეს – შემუშავდა შესაბამისი სტრატეგიის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა, ხოლო საოჯახო ტიპის სახლების ნაწილი უკვე გადაეცა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბენეფიციარებისთვის ახალი საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად.

მიუხედავად ამ შედეგებისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ისევ დგას უდიდესი გამოწვევების წინაშე სხვადასხვა მიმართულებით. შესაბამისად, სოციალური დაცვა ისევ რჩება ჩვენი სამუშაოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი გააგრძელებს საქართველოს მთავრობასთან მუშაობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ინკლუზიური და უფლებებზე დაფუძნებული გარემოს შესაქმნელად. ცხადია, მადლიერი დავრჩებით თუ დონორი ორგანიზაციები კვლავ დაგვიჭერენ მხარს ამ მცდელობაში.

_70A3575

ბოლო წლების განმავლობაში ჩვენმა ორგანიზაციამ უდიდესი წვლილი შეიტანა სოფლის განვითარებასა და მაღალმთიან რეგიონებში გარემოს დაცვაში. ამ ეტაპზე ვმუშაობთ ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის მიმართულებით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემოს სვანეთის რეგიონში. რატომ არის ეს სამუშაო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქართველოს რეგიონებისთვის?

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს აქვს ცოდნა და უდიდესი გამოცდილება სხვადასხვა სეტორში, მათ შორის, სოფლის განვითარებაშიც. ჩვენ ნათლად შეგვიძლია დავინახოთ ჩვენი ორგანიზაციის აქტივობების შედეგები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ჩვენი გუნდის მუშაობის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სხვადასხვა სექტორის მუშაობა თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის ტერიტორიაზე, ასევე, ხულოს მუნიციპალიტეტსა და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთი რეგიონში.

რატომ არის ეს სამუშაო მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ რეგიონებში ადამიანებს აქვთ ნაკლები შესაძლებლობები, რის გამოც უფრო და უფრო მეტი ადამიანი ტოვებს საცხოვრებელ ადგილს და მიემართება დედაქალაქსა და სხვა დიდი ქალაქებისკენ. ჩვენი აქტივობებით კი ვცდილობთ სტიმული მივცეთ მათ, რომ დარჩნენ თავიანთ სოფლებში, მივცეთ შესაძლებლობები დაარსონ და განავითარონ მცირე საწარმოები, მიიღონ ცოდნა ჩვენგან და წვლილი შეიტანოთ თავიანთი თემის განვითარებაში.

ამ ეტაპზე ორ უმნიშვნელოვანეს პროექტზე ვმუშაობთ. ერთ-ერთი მათგანი მიზნად ისახავს მდგრადი მესაქონლეობის მხარდაჭერას, ხოლო მეორე ფოკუსირებულია ჩამდინარე წყლების მართვაზე მაღალმთიან რეგიონში. ჩვენი პროექტის მენეჯერები და ექსპერტები თავს არ ზოგავენ, რომ ამ პროექტების განხორციელების შედეგად უკეთესი საცხოვრებელი და სამუშაო პირობები შეიქმნას ფერმერებისთვის, მეწარმეებისა და ზოგადადი პოპულაციისთვის. უამრავი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ რეგიონების განვითარებასა და გარემოზე ზრუნვას მიმდინარე წელსაც.

311127768_8063657450372185_5140662446703145122_n

დასასრულს მინდა გკითხოთ, როგორია ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პრიორიტეტები 2023 წლისთვის?

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის 2023 წლის სტრატეგია მიმდინარე პროექტებზე აქტიურად მუშაობაა – ჩვენ გავაგრძელებთ ჯანდაცვისა და სოციალური სექტორის მხარდაჭერას, ვიმუშავებთ სოფლის განვითარებასა და გარემოს დაცვაზე. ამასთან, ვფიქრობთ, რომ ჩვენი გამოცდილება სხვადასხვა მიმრთულებით შეიძლება უკრაინაში შექმნილი კრიზისისკენაც მივმართოთ.

დასასრულს კი მინდა თურქეთსა და სირიაში მომხდარ ტრაგედიას გამოვეხმაურო და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოვუცხადო. ამასთან, ვისარგებლებ ამ შემთხვევით და თითოეულ თქვენგანს ვთხოვ გაიღოთ დახმარება დაზარალებულთათვის ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ჰუმანიტარული ფონდის მეშვეობით.