„საქართველო ყოველთვის დარჩება ჩემს გულში“ – იან ბლინკა მადლიერი ტოვებს მისიას
14. ივლისი 2022 სიახლეები

„საქართველო ყოველთვის დარჩება ჩემს გულში“ – იან ბლინკა მადლიერი ტოვებს მისიას

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს მისიას იან ბლინკა 2019 წლიდან ხელმძღვანელობს. ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენმა ორგანიზაციამ ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა განახორციელა, მათ შორის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ENPARD ხულო, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტები საქართველოს პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად და ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის აშენება დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის.

_70A2898

აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის პანდემიის დროს, იანმა მისიის აქტივობები დაუყოვნებლივ მიმართა საქართველოს მთავრობის მხარდასაჭერად და ამგვარად, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი გახდა ერთ-ერთი ლიდერი ორგანიზაცია ქვეყანაში კოვიდპანდემიის მართვის პროცესში.

საინტერესო და ღირებული სამწლიანი მუშაობის შემდეგ, იან ბლინკა ქვეყანას ტოვებს ჩვენს გუნდთან ერთად მიღწეული ხელშესახები შედეგებით, კმაყოფილებითა და მადლიერებით თავისი კოლეგების, პარტნიორებისა და მეგობრების მიმართ. ჩვენ ვთხოვეთ მას შეეჯამებინა ის შედეგები, რომლებსაც თავის გუნდთან ერთად 2019 წლიდან მიაღწია და ორიოდე სიტყვით გადმოეცა ის ემოცია, რომლითაც ჩვენს ქვეყანას ტოვებს.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიას თითქმის სამი წელია ხელმძღვანელობდით, ახლა კი თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. როგორია სიტყვები, რომლითაც ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებით კი იმ გუნდს ტოვებთ, რომელთან ერთადაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეთ საქართველოში სხვადასხვა სექტორის განვითარებაში?

საქართველოს მადლიერებით ვტოვებ ლამაზი მოგონებების, საკუთარი პროფესიული და პიროვნული განვითარების, სიხარულისა და იმ კმაყოფილების გამო, რომელიც ამ სამმა წელმა მომანიჭა. ძალიან ვაფასებ, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ასე ხელგაშლილად გამიმანსპინძლდა და მომცა შესაძლებლობა აქ ჩემი მეორე სახლი მეპოვა. საქართველო ყოველთვის დარჩება ჩემს გულში.

იმავეს თქმა შემიძლია ჩემს კოლეგებზე და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მთელ გუნდზე – მათ გარეშე, მათი პროფესიონალიზმის, მეგობრობისა და ღიაობის გარეშე, საქართველოში ჩემი არც პიროვნული და არც პროფესიული ცხოვრება არ იქნებოდა ისეთი წარმატებული და სასიამოვნო, როგორიც იყო. ასე რომ, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემი გუნდის თითოეულ წევრს.

მინდა გთხოვოთ გაიხსენოთ ის პირველი დღეები, როდესაც საქართველოში ჩამოხვედით. როგორია იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილება და შემდეგ, მომდევნო პერიოდმა რამდენად გაამართლა თქვენი მოლოდინები?

საქართველოს 2010 წლიდან ვსტუმრობდი და აქედან გამომდინარე, როდესაც 2019 წელს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობა დავიკავე, ბევრი რამ ვიცოდი აქაურობაზე. საქართველოს მისიის ხელმძღვანელობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ამ ქვეყანას კარგად ვიცნობდი, უკვე მიყვარდა ის და მეგობრებიც მყავდა აქ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისთვის მუშაობა ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო, რადგან უნდა დამემტკიცებინა, რომ ვარ ნიჭიერი მენეჯერი, შემიძლია გრანტების მოზიდვა და საქმიანი ურთიერთობების დამყარება და ვარ ორგანიზაციული ლიდერი – ეს ყველაფერი ნებისმიერი მისიის ხელმძღვანელის სამუშაოს შემადგენელი ნაწილებია.

ცხადია, იმის შეფასება თუ რამდენად წარმატებულად გავართვი თავი ყველა ზემოხსენებულ ამოცანას, სხვების საქმეა. თუმცა, პირადად მე ამ პოზიციას ვტოვებ კმაყოფილებით, რადგან ვხედავ ბევრ წარმატებასა და შედეგს, რომელსაც ამ გუნდმა ჩემი ხელმძღვანელობის პირობებში მიაღწია. რასაკვირველია, ჩვენ ვერ მივაღწევდით ვერაფერს, რომ არა ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომა და ჩემი თითოეული კოლეგის წვლილი საერთო წარმატებაში.

_70A3940

საქართველოში ჩამოსვლამდე განვითარების თანამშრომლობაში წლების განამვლობაში მუშაობდით. თბილისში შესაძლებლობა მოგეცათ პროფესიონალთა გუნდის ხელმძღვანელი გამხდარიყავით, რომელთან ერთადაც იმუშავეთ პირველადი ჯანდაცვის გაძლიებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად, სოფლის განვითარების და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად. რა არის თქვენი და თქვენი გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა?

თქვენ მიერ ხსენებულ თითოეულ სექტორში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიღწევები და შედეგები საკმაოდ შესამჩნევია და ეჭვგარეშეა, რომ აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრებას. პირველად ჯანდაცვაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ კოვიდპანდემიის მართვაში – ჩვენი ინფორმაციული ტექნოლოგიების გუნდმა შექმნა პორტალი კოვიდვაქცინის დასაჯავშნად, რომელსაც ვაქცინაციის მსურველი თითოეული მოქალაქე იყენებდა. სოციალური დაცვის მიმართულებით, ჩვენ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ სერვისები აუტისტური სპექტრის მქონე პირთა და პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვთათვის, შევქმენით უფლებებზე დაფუძნებული სერვისები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. სოფლის განვითარების მიმართულებით, ჩვენი პროექტების ფარგლებში საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში შეიქმნა მცირე და საშუალო ბიზნესები. გარემოს დაცვის მიმართულებით კი, ჩვენი ინტერვენციის შედეგად გაუმჯობესდა რამდენიმე მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის პრაქტიკა.

ყოველივე ამას ჩვენი დონორი ორგანიზაციების ნდობისა და მუდმივი მხარდაჭერის გარეშე ვერ შევძლებდით – ჩეხეთის განვითარების სააგენტო, სლოვაკეთის განვითარების სააგენტო, გაეროს ბავშვთა ფონდი, გაეროს მოსახლეობის ფონდი და ევროკავშირი იყვნენ ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის – და მოხარული ვარ, რომ ისინიც ხშირად აღნიშნავენ ჩვენი მუშაობის მაღალ ხარისხს. ხსენებული დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა გვაძლევს საშუალებას დავეხმაროთ მათ, ვისაც სჭირდება, იქნებიან ეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, იზოლირებული სოფლის თემები, მოქალაქეები კიბოს განვითარების რისკით, ქალები თუ სხვა მოწყვლადი ჯგუფები.

ჯანდაცვის მხარდაჭერა ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. როგორ შეაფასებდით საქართველოს ჯანდაცვის სისტემას და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის როლს მის განვითარებაში?

ჯანდაცვის სერვისებზე მისაწვდომობა საზოგადოების თითოეული წევრისთვის თანაბარი არაა – მდიდრებისათვის და დიდ ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე მისაწვდომობა მარტივია, ხოლო სოფლის მოსახლეობისა და საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებისთვის – რთული. ეს გამოწვეულია არა მხოლოდ ფინანსური მისაწვდომობის პრობლემასთან, არამედ გეოგრაფიულ ბარიერებთანაც. ჩვენი პროექტების ფარგლებში, ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს სწორედ ამ უკანასკნელზე ვაკეთებთ. აღნიშნულის საპასუხოდ, წლების განმავლობაში ვახორციელებთ ონლაინ- და ადგილზე ტრენინგსესიებსა და სუპერვიზიას სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე, ვნერგავთ აიტიპროდუქტებს ამბულატორიებისა და მონაცემების ეფექტურად სამართავად.

პროფესიონალურად შესრულებული სამუშაოს წყალობით, ჩვენი ორგანიზაცია გახდა წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის ჯანდაცვას და არის ჯანდაცვის სამინისტროს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშთა ფონდის სანდო პარტნიორი.

IMG_9457

საქართველო აქტიურად მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის უფლებებზე დაფუძნებული კანონმდებლობისა და სერვისების უზრუნველსაყოფად. თქვენ მიერ საქართველოში გატარებული წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტების ფარგლებში, როგორ შეცვალა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა შშმ პირთა ცხოვრება?

მოხარული ვარ, რომ ამ საკითხზე სისტემური ხედვა გვაქვს, რადგან მიზნად ვისახავთ საქართველოს სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესებას, ხელს ვუწყობთ ადილობრივი ორგანიზაციების უფრო ეფექტიან მუშაობასა და ბენეფიციართათვის უფრო ხარისხიანი სერვისების შეთავაზებას.

ხსენებული სამუშაოს ფარგლებში, ჩვენ ბევრი გზამკვლევი და სტრატეგიული დოკუმენტი შევიმუშავეთ, რომელიც შემდგომში დამტკიცდა კიდეც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და გახდა სტანდარტი ყველა ორგანიზაციისთვის. უფრო კონკრეტულად, ჩვენი სამუშაოს წყალობით, მინიმალური სტანდარტები დამტკიცდა აუტისტური სპექტრის მქონე პირთათვის და ხანგრძლივი და პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებისათვის სათანადო სერვისების უზრუნველსაყოფად. ამან გავლენა მოახდინა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებში შემავალი ათასობით ადამიანის ცხოვრებაზე.

7S1A5795

სოფლის განვითარება და გარემოს დაცვა ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში და თქვენი წვლილი ფასდაუდებელი იყო. ამ მხრივ, რას მიიჩნევთ ყველაზე დიდ მიღწევად?

საქართველოში ბევრი ორგანიზაცია მუშაობს სოფლის განვითარებაზე და პროგრესიც აშკარაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ კონკრეტული ნიშა – მაღალმთიანი რეგიონები შეგვერჩია და აქცენტი გაგვეკეთებინა სოფლის განვითარებასა და გარემოს დაცვაზე.

მოხარული ვარ, როცა ვხედავ, რომ ჩვენი პროექტების შედეგად შეიქმნა უამრავი წარმატებული ბიზნესი თუშეთში, რაჭასა და ხულოს მუნიციპალიტეტში, რომლებსაც მოაქვთ სარგებელი და ცხოვრების უკეთესი პირობები არა მხოლოდ ამ ბიზნესის მფლობელებისთვის, არამედ იქ დასაქმებული ასობით ადამიანისთვის. პირადად მე, მომწონს ხალიჩების სამრეცხაო, ავეჯის საწარმო და სამკერვალო ხულოში, ასევე, ღვინის მცირე მეწარმეები, საცხენოსნო ბიზნესი და ლითონის სახელოსნო ონსა და ამბროლაურში. გარდა ამისა, გამოვყოფდი საოჯახო ტიპის სასტუმროებსა და შალის საწარმოს თუშეთში.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს მისიაში სამუშაოს დაწყებიდან სულ მალე კოვიდპანდემია დაიწყო და თქვენ ორგანიზაციის აქტივობები საქართველოს მთავრობის მხარდასაჭერად მიმართეთ. რა გასწავლათ ამ პერიოდმა ყველაზე ღირებული?

ის, რომ ჩვენ ვართ მოქნილი და პროფესიონალებისგან შემდგარი ორგანიზაცია, რომელსაც სრაფად შეუძლია მოერგოს ახალ სიტუაციას და იმუშაოს ეფექტიანად გამოწვევებით სავსე გარემოში, სრაფად უპასუხოს ახალ საჭიროებებს. და კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა საქმისადმი თავდადებული და პროფესიონალი კოლეგების დაუღალავი მუშაობის, პარტნიორებთან ღია კომუნიკაციისა და დონორების ნდობის გარეშე.

_70A4559

ყველაზე მეტად რამ მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება საქართველოში?

ბევრი რამის თქმა შემიძლია, თუმცა მაინც ადამიანებს და განსხვავებული ეთნიკური, რელიგიური, ეროვნული და სოციალური ჯგუფების თანაცხოვრებას გამოვყოფდი ერთ ტერიტორიაზე. ჩემი სამუშაოს, მოგზაურობისა და თავისუფალი დროის განმავლობაში უამრავ ადამიანს შევხვდი, რომელთათვისაც საქართველო დროებითი ან მუდმივი საცხოვრებელი იყო და მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, არ ვეთანხმებოდე მათ შეხედულებებსა და ღირებულებებს, თითოეული ასეთი შეხვედრა უზომოდ მზრდიდა. ვცდილობდი ყველა ადამიანს გულღია შევხვედროდი, რათა მესწავლა და მათდამი პატივისცემა გამომეხატა. ასეთი განსხვავეულობა უნიკალურია და საქართველო და მისი საზოგადოება უნდა აფასებდეს და ხელის გულზე ატარებდეს ამას, მათ არ უნდა აქციონ აღნიშნული ერთგვაროვნებად, ერთი ძირითადი ხაზის სტანდარტიზებად და მათ სიძულვილად, ვინც ამ ერთიან ხაზში არ ჯდება.

ყველაზე მეტად რა მოგენატრებათ?

ბევრი რამ – ხალხი, ჩემი კოლეგები და მეგობრები, უზომოდ გემრიელი სამზარეულო, ლამაზი და ძველი ბუნება, სიამოვნების მომცემი სამუშაო, რომელსაც, ჩემი აზრით, ძალიან დიდი პოზიტიური გავლენა აქვს საქართველოს საზოგადოების უამრავ სეგმენტზე. და როგორც უკვე ვთქვი, საქართველო ყოველთვის დარჩება ჩემს გულში, ხოლო ჩემი გულის ნაწილი საქართველოში.