დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მხარდასაჭერად ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი UNICEF-თან თანამშრომლობს
16. თებერვალი 2022 სიახლეები

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მხარდასაჭერად ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი UNICEF-თან თანამშრომლობს

COVID-19-ის გავრცელების კვალდაკვალ, 2020 წელს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა და UNICEF საქართველომ განახორციელეს პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების უწყვეტობის უზრუნველყოფას კოვიდპანდემიის დროს. პროექტის განხორციელების შედეგად პირველადი ჯანდაცვის რგოლის სპეციალისტების ცოდნა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა, გარკვეული ხარვეზები კიდევ იყო დარჩენილი. USAID-ის მიერ მხარდაჭერილი ახალი პროექტის ფარგლებში, პრაქტიკის ფასილიტაციისა და ექსპერტების მიერ გაწეული კონსულტაციის გზით, უზრუნველვყოფთ დედათა და ბავშვთა სამედიცინო სერვისების უწყვეტობასა და ხარისხს პირველადი ჯანდაცვის დონეზე. ამასთან, მეორეული ჯანდაცვის რგოლის ექიმების მხარდასაჭერად გაუმჯობესდება და დაინერგება შესაბამისი სამედიცინო პროტოკოლები.

ინტერვენცია ხარისხის გასაუმჯობესებლად

კოვიდპანდემიის პერიოდში დედათა და ბავშვთა საჭიროებების მხარდაჭერის მიზნით, 2021 წელს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა და UNICEF-მა საქართველოს 10 რეგიონის სოფლის ექიმებისთვის ონლაინტრენინგები ჩაატარეს. აღნიშნული აქტივობის პარალელურად, ვიმუშავეთ ზრუნვის სტანდარტების შემუშავებაზე. შედეგად პროექტის ფარგლებში გადამზადებული სოფლის ექიმები დედებსა და ბავშვებს დისტანციურად დაუჭერენ მხარს და გაუწევენ შესაბამის სამედიცინო კონსულტაციას. პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდა ბაშვის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე მეთვალყურეობის საინფორმაციო სისტემა და ინტეგრირდა ინფორმაციის ელექტრონული მართვის სისტემაში (E-MIS), რომელიც ერთ-ერთი მთავარი ხელსაწყოა საქართველოში პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებისათვის.

პირველადი და მეორეული ჯანდაცვის რგოლებზე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად კოვიდპანდემიის დროს, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი UNICEF-თან თანამშრომლობას 2022 წელსაც აგრძელებს. ახალი პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები შემდეგი ორი მიმართულებით განხორციელდება: პირველი – პროექტის მენტორები ჩაუტარებენ ტრენინგებს საქართველოს რეგიონებში შერჩეულ 32 ექიმს (პროექტის ფასილიტატორს), რომლებიც შემდგომში პირველადი ჯანდაცვის რგოლის 1 285 ოჯახის ექიმისა და ექთნისთვის ჩაატარებენ ინდივიდუალურ კონსულტაციებსა და ონლაინ/ადგილზე მხარდამჭერ სუპერვიზიას პედიატრიულ საკითხებზე. მეორე – ექსპერტი-პედიატრების გუნდი იმუშავებს იმ სამედიცინო პროტოკოლების განახლებაზე, რომლებიც საჭიროა COVID-19-ის პრევენციის, დიაგნოსტირებისა და მართვისთვის პედიატრიულ პაციენტებში, ასევე, კოვიდინფექციით გამოწვეული მრავალსისტემური ანთებითი სინდრომის მართვისათვის ბავშვებში. ექსპერტები შესაბამის ტრენინგებს თბილისის, თელავის, მარნეულისა და რუსთავის კლინიკებში ჩაატარებენ.

პროექტის შედეგად, გაუმჯობესდება ბავშვებისათვის განკუთვნილი სერვისები პირველადი ჯანდაცვის რგოლის კლინიკებში  და COVID-19-ის მართვის პროცესი პედიატრიულ ჰოსპიტლებში.

„ბავშვებსა და მოზარდებში COVID-19-ით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებმა 2020 და 2021 წლებში შესაბამისი სამედიცინო პროტოკოლების შემუშავების აუცილებლობა გააჩინა. თუმცა, აღნიშნულ პროტოკოლებს, დაგროვილი ცოდნისა და სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, მუდმივად განახლება სჭირდება. ამასთან, სამედიცინო პედიატრიული სერვისების ხარისხი მუდმივ მონიტორინგსა და გაუმჯობესებას მოითხოვს, განსაკუთრებით კი რეგიონებში. კლინიკების სამედიცინო პერსონალი განახლებული პროტოკოლის შესაბამისად უნდა გადამზადდეს“. – ამბობს რუსუდან ჩხუბიანიშვილი, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის მენეჯერი.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის როლი საქართველოს პირველად ჯანდაცვაში

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოს მთავრობას 2015 წლიდან უჭერს მხარს და მიზნად საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური სისტემების გაუმჯობესებას ისახავს. შესაბამისად, ხსენებულ აქტივობაში ჩვენი ჩართულობა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისათვის გაწეული უფრო ფართო კონტრიბუციის ნაწილია.

2021 წლის ივლისში ჩეხეთის კარიტასმა ჯანდაცვის სამინისტროსთვის „მართვის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო სისტემა“ და „0-6 ბავშვთა ჯანმრთელობის და განვითარებაზე მეთვალყურეობის საინფორმაციო სისტემა“ წარადგინა. ამ სისტემებს ჯანდაცვის სამინისტრო პირველადი ჯანდაცვის ეტაპზე უკეთესი სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიყენებს.

ამასთან, ჩეხეთის კარიტასის ექსპერტებმა შეიმუშავეს კლინიკური გზამკვლევები და პროტოკოლები, რომელთა პილოტირება დუშეთის მუნიციპალიტეტში, პირველადი ჯანდაცვის რგოლში ჩართულ 16 სოფლის ამბულატორიაში მიმდინარეობს. ხსენებული ტრენინგების გარდა, კარიტასის ექსპერტები შერჩეულ მუნიციპალიტეტებში ამბულატორიების სამედიცინო პერსონალის ინტენსიური კლინიკური სწავლებისა და მხარდამჭერი მეთვალყურეობის გზით, მუშაობენ პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების სისტემის შექმნაზე. აღნიშნული მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე, პაციენტების გამოცდილებისა და შედეგების გაუმჯობესებაში, და პირველადი ჯანდაცვის სერვისების პროვაიდერი კლინიკების შესაძლებლობების გაზრდაში.

2021 წლის აგვისტოში, ჩეხეთის კარიტასმა სლოვაკური მულტიფუნქციური სამედიცინო სადიაგნოსტიკო მოწყობილობის Scase-ის პილოტირება დაიწყო, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემას პაციენტის სასიცოცხლო ნიშნულების გაზომვასა და სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მართვაში დაეხმარება. ოთხთვიანმა აქტივობებმა ცხადყო, რომ ხსენებული მოწყობილობა ეფექტიანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის მუშაობისთვის, განსაკუთრებით კი სოფლად.

COVID-19-ის გავრცელების პარალელურად, 2020 წლიდან ჩეხეთის კარიტასმა თავისი აქტივობები პანდემიასთან საბრძოლველად მიმართა და ჩაატარა ონლაინტრენინგები COVID-19-ის მართვის, პოსტკოვიდ გართულებებისა და ვაქცინაციის გვერდითი ეფექტების მართვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ორგანიზაციამ სოფლის ამბულატორიებს 50 კომპიუტერი გადასცა, რათა ამ დაწესებულებებს საშუალება ჰქონოდათ ეფექტიანად წარემართათ თავიანთი კლინიკური პრაქტიკა.

USAID Logo Horizontal_RGB_600  unicef-for-every-child-logo