CDC-ის დელეგაცია ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ მხარდაჭერილ სოფლის ამბულატორიებს ეწვია
24. თებერვალი 2022 ახალი ამბები

CDC-ის დელეგაცია ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ მხარდაჭერილ სოფლის ამბულატორიებს ეწვია

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) რეგიონული დირექტორი ჩარლს ვიტეკი დუშეთის მუნიციპალიტეტის ამბულატორიებს ეწვია და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ ჯანდაცვის პირველადი რგოლის მხარდასაჭერად გაწეული მუშაობის შედეგებს გაეცნო. ცენტრის დელეგაცია პროექტის კლინიკური ექსპერტების მუშაობასა და სუპერვიზიის მიმდინარეობას დაესწრო და ადგილზე ნახა, თუ როგორ იყენებენ პრაქტიკაში სოფლის ექიმები კარიტასის მიერ დანერგილ ელექტრონულ საინფორმაციო სისტემებს.

CDC საქართველოს პირველადი ჯანდაცვის რგოლისთვის გაწეული მუშაობის შედეგებით ინტერესდება

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მუშაობს. პროექტის აქტივობები მოიცავს ოჯახის ექიმებისთვის განახლებული კლინიკური პროტოკოლების გაცნობას და მათ პრაქტიკაში დანერგვას, ყოვლისმომცველი საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემების შექმნასა და ქვეყნის მასშტაბით დანერგვას, პირველადი ჯანდაცვის პერსონალის კვალიფიკაციის სტანდარტების და მოთხოვნების განახლებასა და უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ჩამოყალიბებას. ხსენებული აქტივობების შედეგებით აშშ-ს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების რეგიონული წარმომადგენლობა დაინტერესდა და ჩვენ მიერ მხარდაჭერილ სოფლის ამბულატორიებში მიმდინარე სამუშაო პროცესსა და  სამედიცინო  პრაქტიკას ადგილზე გაეცნო.

IMG_9352

ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა დუშეთის მუნიციპალიტეტის ამბულატორიებს გლუკომეტრები და განახლებული სამედიცინო პროტოკოლები გადასცა. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დელეგაციას დუშეთში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა იან ბლინკამ და პროექტის სამედიცინო ექსპერტებმა — მარინა შიხაშვილმა და ნატო შენგელიამ უმასპინძლეს.

ექიმები და ექთნები ჩვენს ტექნიკურ და მატერიალურ მხარდაჭერას განსაკუთრებით აფასებენ. მათი დიდი ნაწილი ათ წელზე მეტია არ გადამზადებულა. შედეგად, მათთვის რთულია ფეხი აუწყონ თანამედროვე ცოდნასა და კლინიკურ მიდგომებს,“ განაცხადა იან ბლინკამ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის როლი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაში

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოს ჯანდაცვის სისტემას რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით უჭერს მხარს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მუშაობა მიმდინარეობს განახლებული კლინიკური პროტოკოლების სამიზნე მუნიციპალიტეტებში დანერგვაზე, პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და  მართვის ელექტრონული საინფორმაციო სისტემის შექმნასა და დანერგვაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

2021 წლის ივლისში ჩეხეთის კარიტასმა, ხსენებულ ელექტრონულ სისტემასთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს „0-6 ბავშვთა ჯანმრთელობის და განვითარებაზე მეთვალყურეობის საინფორმაციო სისტემაც“ წარუდგინა, რომელიც ჩვენი ორგანიზაციისა და UNICEF-ის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი შედეგია. აღნიშნულ პარტნიორობას საფუძველი 2020 წელს ჩაეყარა და მიზნად კოვიდპანდემიის დროს ბავშვთა და დედათა ჯანმრთელობის მხარდასაჭერას ისახავდა. წარმატებით განხორციელებული პირველი პროექტის შემდეგ, 2022 წელს USAID-მა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისა და UNICEF-ის ახალ ინიციატივას დაუჭირა მხარი, რომლის ფარგლებშიც პირველადი ჯანდაცვის დონეზე დედათა და ბავშვთა სამედიცინო სერვისების უწყვეტობა და ხარისხი იქნება უზრუნველყოფილი. ჰოსპიტალური რგოლის ექიმების მხარდასაჭერად კი შესაბამისი კლინიკური პროტოკოლები გაუმჯობესდება და პრაქტიკაში დაინერგება.

2021 წლის აგვისტოში, ჩეხეთის კარიტასმა სლოვაკური მულტიფუნქციური სამედიცინო სადიაგნოსტიკო მოწყობილობის Scase-ის პილოტირება დაიწყო, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემას პაციენტის სასიცოცხლო ნიშნულების გაზომვასა და სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მართვაში დაეხმარება. ოთხთვიანმა აქტივობებმა ცხადყო, რომ ხსენებული მოწყობილობა ეფექტიანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის მუშაობისთვის, განსაკუთრებით კი სოფლად.

Scase piloting 3_August 2021

სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ხელი შეუწყო ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარებას, ასევე, აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის  შესაბამისი სერვისებისა და რეგულაციების/სტანდარტების გაუმჯობესებას. ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს კიბოს პრევენციასა და სკრინინგის ფართოდ დანერგვაზე, რისი ნათელი მაგალითიცაა დასავლეთ საქართველოში მიმდინარე 10-წლიანი ცნობიერების ამაღლების კამპანია, 2019 წელს აშენებული ზუგდიდის სკრინინგცენტრი და მიმდინარე აქტივობები ონკოგინეკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.