ჩეხი სენატორი საქართველოსთან თანამშრომლობას ეფექტურსა და მნიშვნელოვანს უწოდებს
4. ნოემბერი 2021 სიახლეები

ჩეხი სენატორი საქართველოსთან თანამშრომლობას ეფექტურსა და მნიშვნელოვანს უწოდებს

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ჩეხმა სენატორებმა მილუშე ჰორსკამ და მიროსლავ ადამეკმა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტები მოინახულეს. ჩეხ სტუმრებს ჩვენს ქვეყანაში ხსენებული პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციის – ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. სენატორები ესტუმრნენ პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებს როგორც რეგიონებში, ისე დედაქალაქში; ასევე, ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის განყოფილებას სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის და ახლადაშენებულ საოჯახო ტიპის სახლს შშმ პირებისათვის. ვიზიტის დასასრულს მილუშე ჰორსკას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ ვესაუბრეთ.

ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთვის საქართველო პრიორიტეტული ქვეყნების სიაშია. თქვენი შთაბეჭდილებების გათვალისწინებით, როგორ ხედავთ ორ ქვეყანას შორის განვითარებაზე მიმართულ თანამშრომლობას?

გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან აღელვებული ვარ. უკვე წლებია სენატორი ვარ და კარგად ვიცი, რომ პოლიტიკური გარემო ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად მიმართულ კონფლიქტებზეა ორიენტირებული. თუმცა, საქართველოში მე მუშა და ღირებულ თანამშრომლობას ვხედავ. ეს ძალიან კარგია.

4

როგორ ფიქრობთ, რა არის ეფექტური თანამშრომლობის მიზეზი?

ჩეხეთმა შეარჩია ისეთი ქვეყანა, რომლის ისტორიაც ახლოა მასთან. ორივე ქვეყანა რუსეთის სატელიტები იყვნენ, რის შედეგებსაც დღესდღეობითაც ვიმკით. სწორედ ეს გვაერთიანებს და ამას განვითარებაზე მიმართული თანამშრომლობის ფარგლებშიც ვგრძნობ. ამ ორ ქვეყანას მხოლოდ დონორი და მიმღები არ შეიძლება ეწოდოს, ჩვენ პარტნიორები ვართ. ჩეხებს უამრავი რამის სწავლა შეგვიძლია ქართველებისგან, ხოლო ქართველებმა იციან, რომ ჩვენ იმის სასწავლებლად არ მოვსულვართ, რა როგორ უნდა გააკეთონ მათ.

თქვენ შესაძლებლობა გქონდათ, თავად გენახათ ჩეხეთის კარიტასისა მიერ გაწეული შრომის შედეგები. როგორია თქვენი შთაბეჭდილებები?

კარგად ვიცი, როგორ მუშაობენ ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ასე რომ, საქართველოშიც პოზიტიური ცვლილებების ხილვის მოლოდინი მქონდა. გულწრფელად რომ გითხრათ, აღელვებულიც კი ვარ.

18

როგორ ფიქრობთ, განვითარებაზე მიმართული თანამშრომლობის შესახებ რატომ არ საუბრობს საზოგადოება?

შინ არ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს. ჩვენ მდიდარი ქვეყანა ვართ, თუმცა არ ვმოგზაურობთ ბევრს და შესაბამისად, არ ვიცით, სხვა ადამიანები რა პირობებში ცხოვრობენ. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია უფრო მეტაც ვკონცენტრირდეთ გამოცდილების გაზიარებაზე.

საქართველოში ჩეხეთის მთავრობის და ადგილობრივი სახელმწიფო ინსტიტუციების თანამშრომლობა ძალიან ეფექტურია. მიხარია, განვითარებაზე მიმართული პროექტები რომ ხორციელდება და ადამიანებისა და მთლიანად სოციუმის საცხოვრებელი პირობები უმჯობესდება. ჩეხეთის კარიტასი, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკისთვის კარგ რეპუტაციას ქმნიან.

რისი გაკეთება შეიძლება ამ მიმართულებით?

პირველ რიგში, საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია უნდა მიიღოს ჩეხეთის განვითარებაზე ორიენტირებული დახმარების შესახებ და ამ პროცესში არასამთავრობო სექტორის როლზე.

აქ საუბარი მხოლოდ განვითარებადი ქვეყნებისთვის ჩეხეთის რესპუბლიკის მხრიდან გამოყოფილი დაფინანსების შესახებ არ არის. აქ საუბარია ჩეხეთის რესპუბლიკის რეპუტაციაზე და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობაზე, იმუშაონ ეფექტიანად. ძალიან სასიამოვნოა იმის ხილვა, რომ უცხოურმა განვითარებაზე მიმართულმა ორგანიზაციებმა ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაპარტნიორება გადაწყვიტეს. ისინი ენდობიან მათ და მათთან მუშაობის კარგი გამოცდილება აქვთ.

განვითარებაზე მიმართული დახმარების ეფექტიანად მიწოდება ჩვენი ცოდნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და მე მჯერა, რომ ამაზე უფრო და უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ და კარგი პრაქტიკის ჩვენება უნდა შევძლოთ.

WhatsApp Image 2021-10-22 at 08.21.46 (11)

ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობას როგორ ხედავთ?

ჩემი აზრით, საქართველო ის ქვეყანა არაა, რომელიც ჩვენი მხარდაჭერის დასრულების შემდეგ, დანებდება და ცვლილებებისთვის მისაღწევად მუშაობას არ გააგრძელებს. ქართველებს მართლაც სურთ თავიანთი საზოგადოების შეცვლა და ეს მნიშვნელოვანია.

ჩვენი ერთ-ერთი მიზანი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაა. ორმხრივი ნდობა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ, შესაძლოა, ჩვენ წამყვანი როლი ვითამაშოთ იმაში, რომ პროცესი მაქსიმალურად მარტივი იყოს. უმუშევრობა და სამუშაო ადგილების შექმნა კი ის არეალია, რომელშიც პოტენციური თანამშრომლობის შესაძლებლობებს ვხედავ.

ყველაზე მეტად რა მოგეწონათ საქართველოში, რა ემოციებით ტოვებთ მას?

საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა თავისი ბუნებრივი სილამაზით, მდიდარი ისტორიით, უგემრიელესი კერძებით და უამრავი რამით, რომელზეც ინდუსტრია და ბიზნესი შეიძლება დაშენდეს.

მე ადამიანებს ყოველთვის თვალებში ვუყურებ, აქ კი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებიც კი იღიმიან. ჩემთვის ეს იმის ნიშანია, რომ ქართველები კარგი ადამიანები არიან და ურთიერთობები და ადამიანურობა მათთვის უპირატესია.