ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსსაოჯახო ტიპის სახლები გადასცა
13. მაისი 2022 პრესრელიზი

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსსაოჯახო ტიპის სახლები გადასცა

2022 წლის 18 მაისს, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „გზა შინისაკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარება საქართველოში“, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ორი საოჯახო ტიპის სახლი გადასცა. 

აღნიშნული სახლები განკუთვნილია დიდი ზომის პანსიონატებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების განსათავსებლად და მათთვის თემზე დაფუძნებული სერვისების უზრუნველსაყოფად. პროექტი მიზნად ისახავს დაეხმაროს ბენეფიციარებს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებაში და შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობით მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობას დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში.

ღონისძიებას ესწრებოდა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი იან ბლინკა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის მენეჯერი თამარ კურტანიძე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა ადგილზე მოინახულეს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის შედეგები, რის შემდეგაც მხარეებს შორის სახლების დონაციის აქტი გაფორმდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი 2010-2011 წლებში დაიწყო, მისი კომპლექსურობიდან გამომდინარე, პროცესი ჯერ არ დასრულებულა. 2020 წელს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინიციატივით, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა შეიმუშავა დეინსტიტუციონალიზაციისათვის საჭირო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. სფეროს ექსპერტებმა, ჩეხ კოლეგებთან, სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, განსაზღვრეს ძირითადი სამუშაო მიმართულებები, კომპლექსური მიდგომით შეაფასეს ბენეფიციართა ინდივიდუალური საჭიროებები და მოამზადეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები. შედეგად, ბენეფიციართა ნაწილი, რომელიც ამ დრომდე დუშეთისა და მარტყოფის დიდ პანსიონატებში ცხოვრობდა, ახალ საოჯახო ტიპის სახლებში გადავა საცხოვრებლად და უზრუნველყოფილი იქნება თემზე დაფუძნებული სერვისებით.

მასალა მომზადებულია ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების თანამშრომლობის ოფიციალური დახმარების მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.