CCR-მა "ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის" მუშაობის შედეგები შეაჯამა
26. ნოემბერი 2021 პრესრელიზი

CCR-მა "ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის" მუშაობის შედეგები შეაჯამა

2021 წლის 25 ნოემბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული „ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის“ ორწლიანი შედეგები შეაჯამა და დამსწრე საზოგადოებას სამომავლო გეგმები წარუდგინა. 

ღონისძიებაზე ცენტრის სამედიცინო პერსონალმა დეტალურად მიმოიხილა ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგისა და პროსტატის კიბოს მართვის სახელმწიფო პროგრამების განხორციელების ეფექტიანობა და შედეგები. აღნიშნულის შემდეგ, ქალაქ ზუგდიდის მერიის წარმომადგენელმა, ნინო სულუხიამ ისაუბრა კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მნიშვნელობაზე „ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში“.

ღონისძიებას დაესწრო ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა, მუნიციპალური მთავრობის წარმომადგენლები, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი იან ბლინკა და ამავე ორგანიზაციის პროექტის მენეჯერი თამარ კურტანიძე. ღონისძიების სტუმრებს „ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის“ დირექტორის, რემა ღვამიჩავას ხელმძღვანელობით, ცენტრის ადმინისტრაციულმა და სამედიცინო პერსონალმა უმასპინძლა.

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი „სამეგრელოში სკრინინგის სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობა“ განხორციელდა ჩეხეთის კარიტასის მიერ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია ონკოპრევენციის ცენტრთან თანამშრომლობით. პროექტის შედეგად, „ზუგდიდის სკრიგნინგ ცენტრი“ ეროვნულ სკრინინგ პროგრამას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით ახორციელებს და საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებულ სკრინინგსერვისებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასოდ უზრუნველყოფს.

„ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი“ 2019 წლის ნოემბერში გაიხსნა და მიზნად სკრინინგ პროგრამაში ჩართულობის გეოგრაფიულ და ფინანსურ ხელმისაწვდომობას ისახავს. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში პროგრამით სარგებლობის საშუალება აფხაზეთში, ე.წ. საზღვრის მიღმა მაცხოვრებელ საქართველოს მოქალაქეებსაც აქვთ.

„ზუგდიდის სკრინინგ ცენტრმა“ მნიშვნელოვნად გაზარდა რეგიონში ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის და პროსტატის კიბოს მართვის სახელმწიფო პროგრამების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ცენტრის გახსნიდან ორი წლის განმავლობაში, უკვე 7000-ზე მეტმა ადგილობრივმა მოსახლემ ისარგებლა ამ პროგრამებით.

კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომლის უწყვეტ განათლებასა და პროფესიულ განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, ისე ცენტრის მენეჯმენტი. „ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში“ არა მხოლოდ კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებია ხელმისაწვდომი, არამედ შესაძლებელია თერაპიული, გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური და სხვა ტიპის გამოკვლევებისა და ანალიზების გაკეთება.