გზა შინისაკენ: ჩეხეთის კარიტასი დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს უჭერს მხარს
23. სექტემბერი 2021 წარმატებული ისტორიები

გზა შინისაკენ: ჩეხეთის კარიტასი დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს უჭერს მხარს

საქართველოში ზრდასრულ შშმ პირთა დიდი პანსიონატებიდან სათემო საცხოვრისებში გადაყვანის პროცესი 2011 წლიდან დაიწყო, თუმცა ეს პროცესი ამ დრომდე არ დასრულებულა. 2020 წელს ჩეხეთის კარიტასმა, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განსაზღვრა. ამასთან, მიზნად დაისახა ორი დიდი ზომის პანსიონატში მცხოვრები შშმ პირებისთვის თემზე დაფუძნებული სერვისების განვითარება და მათი მცირე საოჯახო ტიპის სახლებით უზრუნველყოფა.

რატომ არის დეინსტიტუციონალიზაცია საჭირო

ნებისმიერი ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, ჰქონდეს ღირსეული საცხოვრებელი პირობები და სრულფასოვნად იყოს სოციუმში ინტეგრირებული. საქართველოში შშმ პირთა დიდი ნაწილი დღემდე ცხოვრობს დიდ ინსტიტუციებში. აქ ხშირად ირღვევა მათი უფლებები, უგულებელყოფილია მათი ინდივიდუალური საჭიროებები და სურვილები, ხშირია ძალადობის ფაქტები.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინიციატივით, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის კარიტასმა შეიმუშავა დეინსტიტუციონალიზაციისათვის საჭირო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. სფეროს ექსპერტებმა, ჩეხ კოლეგებთან, სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, განსაზღვრეს ძირითადი სამუშაო მიმართულებები, კომპლექსური მიდგომით შეაფასეს ბენეფიციართა ინდივიდუალური საჭიროებები და მოამზადეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები. ამჟამად მიმდინარეობს შერჩეული 2 სახლის რეაბილიტაცია, რომელშიც დუშეთისა და მარტყოფის დიდ პანსიონატებში მცხოვრებთა ნაწილი გადავა საცხოვრებლად.

მცირე საოჯახო ტიპის სახლების მნიშვნელობა შშმ პირთათვის

სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაციის „ხელი ხელს“ დამფუძნებელი, მშობელთა ორგანიზაციების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე და ჩეხეთის კარიტასის პროექტის ექსპერტი, მაია შიშნიაშვილი ამბობს, რომ დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში, ალტერნატიული მომსახურებების მიწოდებისას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ე.წ. პერსონა ცენტრულ მიდგომას ენიჭება. ამ მიდგომისთვის ამოსავალია ინდივიდის ინტერესები, სურვილები, პიროვნული მახასიათებლები და მისი შესაძლებლობები. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ სერვისი კი არ კარნახობდეს ადამიანს, თუ რა არის მისთვის უკეთესი, არამედ პირიქით, სერვისის მიმწოდებელმა უზრუნველყოს ის, რაც ინდივიდის სრულფასოვანი ცხოვრებისთვის, მისი უფლებების და ნების გათვალისწინებით, რეალურად არის საჭირო:

წლების წინ, ჩემი შვილის მდგომარეობიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ მის მომავალზე უნდა მეფიქრა, რათა სწორად და ღირსეულად, ჩემ გარეშე ცხოვრების საშუალება მისცემოდა. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი საჭიროების მქონე ადამიანი დარჩეს თემში, სხვა ადამიანების მსგავსად. ეს არის თანამედროვე, ღირსეული და სწორი მიდგომა. სწორედ ამ მომსახურებას შესთავაზებს ბენეფიციარს ჩეხეთის კარიტასის მიერ უზრუნველყოფილი ალტერნატიული საოჯახო ტიპის სახლი, რომელშიც არ ხდება ადამიანის დეპერსონალიზაცია და ის ცხოვრობს თემში, სხვების მსგავსად.“

სახელმწიფოს როლი დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში

სახალხო დამცველი თავის ანგარიშში ხშირად საუბრობს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მნიშვნელობასა და დიდი ზომის დაწესებულებებში, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი შშმ პირების უფლებრივ მდგომარეობაზე. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი ირინე ობოლაძე ამბობს, რომ ამ ადამიანებს არა აქვთ სათანადო წვდომა განათლებასა და დასაქმებაზე. ასევე, უგულებელყოფილია მათი ინდივიდუალური საჭიროებები, ხშირია დაწესებულებების ბენეფიციარებს შორის ძალადობის ფაქტები.

პროექტის ერთ-ერთი პარტნიორის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე ამბობს, რომ მიუხედავად წლების განმავლობაში სააგენტოს მხრიდან გაწეული ძალისხმევისა, ხარისხიანი სერვისი უზრუნველეყო ბენეფიციართათვის, ამის მიღწევა დიდი ზომის დაწესებულებებში ძალიან რთულია:

დიდი ზომის დაწესებულებებში ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობა არ არის. ასეთი ტიპის სახლებში 70-მდე ადამიანი ცხოვრობს ერთად, რაც თითოეული მათგანისთვის დამაზიანებელია. გაზრდილია ძალადობის რისკებიც. ცხადია, სისტემური ცვლილება აუცილებელია, რადგან, სამწუხაროდ, არსებობენ შშმ პირები, რომლებსაც არ აქვთ ოჯახში ცხოვრების შესაძლებლობა და სჭირდებათ ოჯახსა და სახლთან მიახლოებული ზრუნვა. ესაა ამოსავალი წერტილი.“

სააგენტოს წარმომადგენელი ხაზს უსვამს ჩეხეთის კარიტასის მიერ შემუშავებულ ბენეფიციართა საჭიროებების შეფასების ახალი მიდგომის მნიშვნელობას, რომელიც შშმ პირთა არა მხოლოდ სამედიცინო მდგომარეობას, არამედ მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს, სურვილებსა და მოთხოვნილებებს აფასებს. მერი მაღლაფერიძე ამბობს, რომ დუშეთისა და მარტყოფის ბენეფიციართა შეფასების შემდეგ, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ამ მიდგომას უკვე პრაქტიკაში იყენებს. ის მიიჩნევს, რომ ჩეხეთის კარიტასის მიერ პროექტის ფარგლებში შექმნილი მცირე საოჯახო ტიპის სახლები იქნება ერთგვარი მოდელი, თუ რა უნდა შესთავაზოს სახელმწიფომ ადამიანებს, რომელთაც სახელმწიფო ზრუნვაში უწევთ გადასვლა:

ჩვენთვის ჩეხეთის კარიტასი არის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი, ხოლო ეს პროექტი არის უძვირფასესი მონაპოვარი.“

ირინე ობოლაძე კი აღნიშნავს, რომ დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში სახელმწიფოს უალტერნატივო როლი უნდა ჰქონდეს:

„მიუხედავად ჩეხეთის კარიტასის და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფასდაუდებელი მხარდაჭერისა მთელ ამ პროცესში, უმთავრესი თავად სახელმწიფოს როლია, რომელმაც პროექტის დასრულების შემდეგ, თავად უნდა უზრუნველყოს ამ ადამიანების მხარდაჭერა.“

ჩეხეთის კარიტასი შშმ პირების უფლებების დასაცავად

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინიციატივის საპასუხოდ, ჩეხეთის კარიტასი 2020 წლიდან ახორციელებს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტს „გზა შინისაკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარება საქართველოში“.

პროექტი მოიცავს ნორმატიული მარეგულირებელი პაკეტის მომზადებას/განახლებას ზრდასრულთა საოჯახო ტიპის სერვისების ჩამოყალიბებისთვის, ბენეფიციარების ეფექტიან ტრანსფორმაციის პროცესს, ახალი სერვისებისთვის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებას ამ მიმართულებით. პროექტის სარგებელი ეხება დუშეთის საცხოვრისის  47 და მარტყოფის  68 ბენეფიციარს და მზრუნველობის სახლების  115 თანამშრომელს. პროექტის პარტნიორები არიან სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო.

ჩეხეთის კარიტასისთვის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის თანამონაწილეობა ძალიან საპასუხისმგებლო და რთული პროცესია, რაც კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. ჩვენი პროექტი მიზნად ისახავს არა მხოლოდ სახელმწიფოს მხარდაჭერას დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით და ინსტიტუციებში მცხოვრები კონკრეტული ადამიანების ცხოვრების ტრანსფორმაციას, არამედ ეს არის დაკავშირებული მთლიანად სოციალურ ტრანსფორმაციასთან, საზოგადოების მიერ საკითხის და ღირებულებების სწორად გააზრებასთან. ეს კი საჭიროებს დროს, საზოგადოების მზაობას, დამოკიდებულების შეცვლას, კარგად გააზრებას, რომ ყველა ადამიანს აქვს თანაბარი უფლება იყოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, თანაბრად ისარგებლოს საზოგადოებრივი სიკეთეებით და ასევე, თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს დონორს ასეთი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსებისთვის“. აღნიშნავს თამარ კურტანიძე, ჩეხეთის კარიტასის პროექტის მენეჯერი.

ნინა კოპალეიშვილი – ჩეხეთის კარიტასის პიარისა და კომუნიკაციის ოფიცერი, nina.kopaleishvili@caritas.cz

Czech Development Agency - Logo (1)Logo_of_Ministry_of_Labour,_Health_and_Social_Affairs_of_Georgia._2012atipfund logo