სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ჩეხეთის კარიტასის პროექტები მოინახულა
13. ოქტომბერი 2021 ახალი ამბები

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ჩეხეთის კარიტასის პროექტები მოინახულა

ჩეხეთის კარიტასი სლოვაკეთის მთავრობასთან თანამშრომლობას აქტიურად აგრძელებს და სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებს ახორციელებს. ოქტომბერში სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი – ინგრიდ ბროკოვა საქართველოში ოფიციალურ ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც, რაჭაში ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები მოინახულა. ამასთან, ბროკოვამ მონაწილეობა მიიღო ონის მუნიციპალიტეტისთვის ნარჩენების შემგროვებელი მანქანისა და სეპარირებული ნარჩენებისთვის საჭირო პიკაპის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიაში.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს ონში ჩეხეთის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა – იან ბლინკამ და მისმა მოადგილემ – ეკატერინე მესხრიკაძემ უმასპინძლეს და ადგილზე სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტები დაათვალიერებინეს. ინგრიდ ბროკოვა მინანქრისა და მეტალო-პლასტმასის სახელოსნოებსა და სამკერვალოს ესტუმრა, რომლებიც  პროექტის – „კორონავირუსით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შემსუბუქება რაჭაში“ ფარგლებში, ჩეხეთის კარიტასმა სლოვაკურ ორგანიზაცია „სოსნასთან“ ერთად განახორციელა.

7S1A2618

„ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვეწვიე, ჩვენი განვითარების პროგრამის გეგმის წარდგენა და საქართველოს რეგიონების განსავითარებლად ჩვენი ჩართულობის განხილვაა. ჩეხეთის კარიტასის მიერ წარდგენილი პრეზენტაციიდან დავინახე, რომ ძალიან ხშირად მცირე თანხითაც კი ბევრის მიღწევა შეიძლება და ჩეხეთის კარიტასისა და სლოვაკური ორგანიზაციის თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული პროექტები ამის ძალიან კარგი მაგალითია. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 30% რაჭის რეგიონისკენაა მიმართული, რადგან აქ ბევრი საჭიროება არსებობს", განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ინგრიდ ბროკოვამ.

აღნიშნულის შემდეგ, სლოვაკმა სტუმარმა მონაწილეობა მიიღო ონის მუნიციპალიტეტისთვის შვიდი კუბური მეტრის ნარჩენების შემგროვებელი მანქანისა და ნარჩენების სეპარირებისთვის საჭირო პიკაპის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიაში.

„მოხარული ვარ, რომ შესაძლებლლობა გვაქვს, ჩვენი მუშაობის შედეგები ქალბატონ ბროკოვას წარვუდგინოთ. მას შეუძლია არა მხოლოდ რაჭველების ტრადიციული მასპინძლობით ისიამოვნოს, არამედ თავად დარწმუნდეს, თუ როგორ ცვლის სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერილი პროექტები ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას“, განაცხადა ჩეხეთის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა იან ბლინკამ.

სლოვაკეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობის შედეგები

ჩეხეთის კარიტასი სლოვაკეთის განვითარების სააგენტოსთან 2020 წლიდან თანამშრომლობს და ამ პერიოდის განმავლობაში, რაჭაში განვითარებაზე ორიენტირებული ორი პროექტი განახორციელა, რომელთა ჯამური ბიუჯეტი 280 000 ევრომდეა.

პირველი პროექტის ფარგლებში, პანდემიით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შემსუბუქების მიზნით, ჩვენმა ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა 26 მცირე და საშუალო მეწარმეს, შეინარჩუნა 40 სამუშაო ადგილი და ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში ჩაატარა ტრენინგები მარკეტინგსა და გაყიდვებში. ამასთან, დაეხმარა 152 სოციალურად დაუცველ ოჯახს ფრინველით, მათი საკვებითა და ვეტპრეპარატებით.

მეორე პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის კარიტასმა მხარი დაუჭირა ნარჩენების მართვის მდგრადი მოდელების განვითარებას და ონის მუნიციპალიტეტის მთავრობა და ადგილობრივი ნარჩენების მართვის კომპანია შესაბამისი ინფრასტრუქტურით უზრუნველყო. ასევე, გამართა ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები გარემოდაცვით საკითხებზე. ამ ღონისძიებების ფარგლებში, ონის, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს ნარჩენების მართვის მოდელები წარედგინათ. ამასთან, ონის მუნიციპალიტეტს გადაეცა 60 ცალი 1 000-ლიტრიანი მეტალის ნარჩენების ურნა, 135 ცალი 240-ლიტრიანი ნარჩენების ურნა, შვიდი კუბური მეტრის ნარჩენების შემგროვებელი მანქანა და სეპარირებული ნარჩენისთვს საჭირო პიკაპი.