ჩეხეთის კარიტასის სათავო ოფისი საქართველოს მისიის მუშაობას დადებითად აფასებს
12. აგვისტო 2021 ახალი ამბები

ჩეხეთის კარიტასის სათავო ოფისი საქართველოს მისიის მუშაობას დადებითად აფასებს

2021 წლის ივლისში ჩეხეთის კარიტასის საქართველოს მისიის გუნდი ორდღიან გასვლით ღონისძიებაზე იმყოფებოდა. აღნიშნული აქტივობის ფარგლებში, გუნდმა გაანალიზა ამ დრომდე არსებული მიღწევები და დაშვებული შეცდომები და შესაბამისად დასახა მისიის სამომავლო სტრატეგიები. ღონისძიებაში ჩართული იყო ორგანიზაციის ჰუმანიტარული დახმარების განყოფილების ხელმძღვანელი ჟირი შკვორიც, რომელმაც ასევე მოინახულა კარიტასის მიერ მხარდაჭერილი პროექტები რეგიონებში და შეხვდა ორგანიზაციის მნიშვნელოვან პარტნიორებს. საქართველოში ვიზიტის დასასრულს, შკვორმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის ქართული მისია „ფუნქციონირებს იდეალურად, მასში მუშაობენ საქმის ერთგული, პროფესიონალი და შესაბამისი კომპეტენციის მქონე ადამიანები“.

შკვორი: „ქართული მისია წარმოდგენილია საქმის ერთგული ადამიანებით“

ბატონო ჟირი, საქართველოს მეორედ სტუმრობთ. ყველაზე მეტად რა მოგწონთ ჩვენს ქვეყანაში და რა ემოციებით ტოვებთ მას?

უამრავი მიზეზია, რომელთა გამოც საქართველოს მისიის სტუმრობა მსიამოვნებს. პირველ რიგში, ეს არის იდეალურად მომუშავე ორგანიზაცია, რომელიც წარმოდგენილია საქმის ერთგული, პროფესიონალი და შესაბამისი კომპეტენციის მქონე ადამიანებით. მეორე, საქართველო ულამაზესი ბუნებისა და სასიამოვნო სულისკვეთების მქონე ქვეყანაა. ამას ემატება თბილისი, რომელიც, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დედაქალაქია მსოფლიოში. აქ თავს ვგრძნობ, როგორც სახლში. ცხადია, ქართული არაორდინალური სამზარეულოც ჩემი პოზიტიური განწყობის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზია.

IMG_9201

ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეთ ორგანიზაციის გასვლით ღონისძიებაში. ასევე, მოინახულეთ ჩვენი აქტივობების შედეგები რეგიონებში. როგორ შეაფასებდით საქართველოს მისიის მთავარ მიღწევებს და ჩვენი პროექტების გავლენას ქვეყნის მოსახლეობაზე?

გასვლით ღონისძიებაში მონაწილეობა, რომელიც ძალიან პროდუქტიული და შთამაგონებელი აღმოჩნდა, უნიკალური შესაძლებლობა იყო ჩემთვის. მე ყოველთვის მხარს ვუჭერ ღია, გულწრფელ და პირდაპირ კომუნიკაციას ორგანიზაციაში და ვცდილობ ასე მოვიქცე ჩეხეთის კარიტასის სათავო ოფისშიც. ვხედავ, რომ ზუსტად იგივე ძალიან კარგად მუშაობს საქართველოშიც.

საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად თანამშრომლობს ჩეხებთან. ორი ქვეყნის საერთო ისტორია და უნარი, იპოვონ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხო გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით დასაფასებელია. ჩეხეთის კარიტასი დიდი ხანია თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან. მაგალითისთვის მოვიყვან ჩვენს სანდო პარტნიორობას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან. ცხადია, დიდი დრო დასჭირდა იმას, რომ ორგანიზაციას დაემტკიცებინა თავისი საქმიანობის ხარისხი, კომპეტენცია და მზაობა, რომლითაც შეძლებდა სამინისტროსთვის სანდო პარტნიორობის გაწევასა და მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას. ზუსტად ასე უნდა გამოიყურებოდეს განვითარებაზე ორიენტირებული თანამშროლობები. ცხადია, ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც მხარდაჭერის მიმღებიც ღიაა და თანამედროვე გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, პოზიტიური ცვლილებების მზაობა აქვს. მიხარია, რომ ამ მხრივ მნიშნველოვანი წვლილი შეგვაქვს საქართველოს განვითარებაში და ჩვენი დახმარება ამ ქვეყნის რეალობის შესაბამისია.

IMG_9102

შკვორი: იმედი მაქვს, რომ მთავარ პარნტიორებთან ურთიერთობებს კიდევ უფრო გავაღრმავებთ

ვიზიტის ფაგრლებში, თქვენ გამართეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩვენს მთავარ პარტნიორებთან ჩეხეთისა და სლოვაკეთის საელჩოებთან საქართველოში. როგორ გესახებათ მათთან პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და რას ელით ამგვარი თანამშრომლობიდან?

ყოველთვის არის გზა საელჩოებთან ურთიერთობების გასაღრმავებლად. ვგეგმავთ, რომ ჩვენი მხრიდან უფრო ინფორმირებულები იყვნენ, ვიდრე აქამდე. მოლოდინები? მოხარულები ვიქნებით, თუ საელჩოები კვლავაც დაგვიჭერენ მხარს და ჩვენს ორგანიზაციასთან ცენტრალურ დონეზე მოხდება კომუნიკაცია შესრულებული სამუშაოს ხარისხის თაობაზე. თუ ჩვენი თანამშრომლობით კმაყოფილები არიან, კარგი იქნება თუ ამას დაგვიმოწმებენ და შესაბამის მესიჯს გააგზავნიან პრაღასა და ბრატისლავაში. თუ ისინი მიიჩნევენ, რომ კიდევ არის რაღაც, რისი გამოსწორებაც შესაძლებელია, ამის შესახებაც სიამოვნებით მოვუსმენთ მათ.

7S1A0274

დარწმუნებული ვარ, რომ ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩეხეთის რესპუბლიკის რეპუტაციის გამყარებაში. ამავდროულად, ვხედავ, რომ ამ ოგრანიზაციებს ჯერ კიდევ არ აღიარებენ სათანადოდ და მათი როლი საგარეო პოლიტიკაში არ არის  დაფასებული. ცხადია, ეს საწყენია და ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო.

რამეს ხომ არ დაამატებთ?

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ორგანიზაციის გუნდს საქართველოში, მათ შორის,  ადგილობრივი მისიის ხელმძღვანელს, იან ბლინკას. სწორედ ჩვენი გამოცდილი კოლეგების წყალობით და მათ მიერ გაწეული სამუშაოს მაღალ ხარისხზე დაყრდნობით შემიძლია ასეთი დადებითი ემოცია გამოვხატო საქართველოს მისიის მიმართ. მჯერა, რომ სამომავლოდ მეტი შესაძლებლობა გვექნება დავანახოთ დონორებს, რომ ჩეხეთის კარიტასი არის თავისი საქმის პროფესიონალი და სანდო პარტნიორი. ასევე, რომ მას შეუძლია გააკეთოს გონივრული, თანამედროვე და მნიშვნელოვანი საქმეები თუნდაც მცირე ბიუჯეტით. და აღნიშნული სრულ შესაბამისობაში იქნება კონკრეტული ქვეყნისა თუ რეგიონის მიზნებთან. სასიხარულოა, რომ საქართველოში ამდენი ადამიანის მხარდაჭერა შეგვიძლია.

_MG_1993

ვიზიტის ფარგლებში, იჟი შკვორი გაეცნო ჩეხეთის კარიტასის მიერ მხარდაჭერილ მცირე და საშუალო მეწარმეებს რაჭაში. ასევე, მონაწილეობა მიიღო ონის მუნიციპალიტეტისთვის სეპარირებული ნარჩენის შემგროვებელი მანქანის გადაცემის ღონისძიებაში. შკვორი ასევე ჩაერთო მონიტორინგის ვიზიტებში „ზუგდიდის სკრინინგ ცენტრსა“ და "ზუგდიდის აუტიზმის ცენტრში“, მოინახულა სოფლის ამბულატორიები და ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორგანიზაციის ქართული მისიის სტუმარი და ჩეხეთის კარიტასის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი იან ბლინკა შეხვდნენ მნიშვნელოვანი დონორებისა და პარტნიორების წარმომადგენლებს, მათ შორის, სლოვაკეთის და ჩეხეთის საელჩოებს, UNICEF-ს, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს. მხარეებმა განიხილეს ორგანიზაციის მიმდინარე აქტივობების ფარგლებში მიღწეული შედეგები და ისაუბრეს საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისია საქართველოში მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. ის მხარს უჭერს საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური სისტემების, ასევე, სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების მართვის განვითარებას. აღნიშნული მიზნით, ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებსა და ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის, საქართველოს მთავრობასთან.

მასალა მოამზადა ნინა კოპალეიშვილმა – ჩეხეთის კარიტასის პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერმა, nina.kopaleishvili@caritas.cz