ნარჩენების მართვის ხელშეწყობის მიზნით, ჩეხეთის კარიტასი ევროკავშირისა და KfW-ის პროექტს უერთდება
30. სექტემბერი 2021 ახალი ამბები

ნარჩენების მართვის ხელშეწყობის მიზნით, ჩეხეთის კარიტასი ევროკავშირისა და KfW-ის პროექტს უერთდება

PEM Consult-თან პარტნიორობით, ჩეხეთის კარიტასი რეგიონებში ნარჩენების მდგრადი მართვის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, 2021 წლის აგვისტოდან, ჩვენი ორგანიზაცია ევროკავშირისა და KfW-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ნარჩენების სეპარირებისა და გადამუშავების პრაქტიკის დანერგვას უწყობს ხელს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები

მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმები 2014 წელს იქნა შემუშავებული, საქართველო კვლავ  აღნიშნული გეგმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმართულებით გამოწვევის წინაშე დგას. ეს კი უარყოფითად აისახება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების ხარისხსა და მათ ჯანმრთელობაზე. სწორედ ამიტომ, ჩეხეთის კარიტასი, როგორც PEM Consult-ის კონტრაქტორი ორგანიზაცია, ახორციელებს ახალ პროექტს „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ნარჩენების სეპარირებისა და გადამუშავების პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა“, რომლის საერთო ბიუჯეტი 52 500 ევროა.

პროექტი ეხმიანება სლოვაკეთის განვითარების სააგენტოსა და ლიეტუვის საელჩოს მიერ მხარდაჭერილ ინტერვენციებს რაჭაში, რომლითაც ჩეხეთის კარიტასი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარებას. ახალი პროექტის მიზანია, დავეხმაროთ მუნიციპალიტეტებს შეაფასონ მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების ფარგლებში მიმდინარე პროგრესი და მხარი დაუჭიროს მუნიციპალიტეტებს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები ნარჩენების გადამუშავებისა და მართვის პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით“, ამბობს ჩეხეთის კარიტასის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე და პროექტის მენეჯერი, ეკატერინე მესხრიკაძე.

რეგიონულ დონეზე მუნიციპალიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარების წახალისება და ნარჩენების მართვის მიმართულებით ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის გაზრდა, პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ინოვაციური ნაწილია – ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როდესაც ამგვარი თანამშრომლობის პილოტირება მიმდინარეობს.

ადგილობრივი მოსახლეობის ნარჩენების გადამუშევებაში ჩართვის მიზნით, ნარჩენების სეპარაციისა და გადამუშავებისთვის საჭირო პრომო ყუთები, მათზე დატანილი შესაბამისი ინფორმაციით, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში განთავსდება. ამასთან, გაიმართება საინფორმაციო აქტივობები – პროექტის ექსპერტები გაავრცელებენ საინფორმაციო მასალას და ადგილობრივი მოსახლეობის, სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ჩაატარებენ სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო ღონისძიებას. მნიშვნელოვანია, რომ გარემოს ექსპერტები საოჯახო ფერმებს კომსპოტირებას შეასწავლიან.

ჩვენი აქტივობები ნარჩენების მდგრადი მართვის ხელშესაწყობად

ჩეხეთის კარიტასი აქტიურად მუშაობს ნარჩენების მდგრადი მართვის ხელშეწყობის მიმართულებით და ეხმარება რეგიონებს შესაბამისი პრაქტიკის დანერგვაში. სლოვაკეთის განვითარების სააგენტოსა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად უჭერს მხარს ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარებას რაჭის რეგიონში. სწორედ ამიტომ, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში ნარჩენების გადამუშავების მოდელი შევიმუშავეთ, რომელიც შემდგომში ადგილობრივ მთავრობებს გადაეცათ. გარდა ამისა, ასევე სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს დახმარებით, ჩეხეთის კარიტასმა ონის მუნიციპალიტეტს  7 კუბური მეტრის მოცულობის სეპარირებული ნარჩენის შემგროვებელი მანქანა,  სეპარირებული ნარჩენისთვის საჭირო 240-ლიტრიანი 135 ცალი ურნა და 60 ცალი 1 000-ლიტრიანი ლითონის ურნა გადასცა.

SlovakAid-ის მხარდაჭერით, გასული წლის დეკემბერში ჩეხეთის კარიტასმა ნაგავმზიდი და სანაგვე ურნები დუშეთის მუნიციპალიტეტსაც გადასცა. ამასთან, ჩვენმა ორგანიზაციამ მოამზადა ნარჩენების მართვის გეგმა ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიებისთვის, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმაში ინტეგრირდა. 2021 წლის თებერვალში ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში კარიტასმა ხულოს მუნიციპალიტეტს ასევე გადასცა ნარჩენების შემგროვებელი მანქანა.