ჩეხეთის კარიტასი ტელემედიცინისთვის საჭირო სლოვაკური მოწყობილობის პილოტირებას იწყებს
30. აგვისტო 2021 ახალი ამბები

ჩეხეთის კარიტასი ტელემედიცინისთვის საჭირო სლოვაკური მოწყობილობის პილოტირებას იწყებს

პანდემიის გაჩენის შემდეგ ტელემონიტორინგი განსაკუთრებით აქტუალური გახდა, რადგან COVID-19-ით შესაძლო დაინფიცირების გამო, პაციენტები კლინიკებში ვიზიტს თავს არიდებენ. აგვისტოში ჩეხეთის კარიტასმა ინოვაციური სამედიცინო მოწყობილობის პილოტირება დაიწყო, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის პირველად რგოლს მნიშვნელოვნად დაეხმარება. Scase არის პორტატიული სამედიცინო სადიაგნოსტიკო მოწყობილობა, რომელსაც ერთდროულად 4 სასიცოცხლო ნიშნის გაზომვა შეუძლია.

ყველასთვის ხელმისაწვდომი პორტატიული სადიაგნოსტიკო მოწყობილობა

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერის შედეგად, ჩეხეთის კარიტასის ექსპერტებმა და დუშეთის ამბულატორიების სოფლის ექიმებმა მონაწილეობა მიიღეს Scase-ის გუნდის მიერ ჩატარებულ ტრენინგში. Scase არის მულტიფუნქციური სამედიცინო სადიაგნოსტიკო მოწყობილობა, რომლის გამოყენებაც თერმომეტრის, გლუკომეტრის, პულსოქსიმეტრისა და წნევის აპარატის დანიშნულებით არის შესაძლებელი. Scase-ის აერთიანებს პაციენტების ციფრულ მონაცემებს, მათ შორის, კითხვარებს, სასიცოცხლო მაჩვენებლებს, პრეპარატების მიღების გრაფიკსა და მასთან შესაბამისი შეხსენების ფუნქციონალს. მოწყობილობა დაკავშირებულია ციფრულ პლატფორმასთან, რომელიც ორმხრივი კომუნიკაციის, ვიზუალიზაციისა და პაციენტის სასიცოცხლო ნიშნულების გაზიარების საშუალებას იძლევა. აღნიშნული ინფორმაცია თანაბრად ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს ექიმის, პაციენტის ან მისი ოჯახის წევრისთვის.

სამედიცინო სადიაგნოსტიკო მოწყობილობა Scase სლოვაკეთში, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის – მარტინ პეკარჩიკის ხელმძღვანელობით შეიქმნა. მოწყობილობამ პილოტირების ეტაპი უკვე გაიარა სლოვაკეთში, ჩრდილო მაკედონიაში, სერბეთში, მოლდოვასა და ალბანეთში.

Scase piloting 3_August 2021

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მოწყობილობის დუშეთის მუნიციპალიტეტში პილოტირების შესაძლებლობა მოგვეცა. ამგვარი მოწყობილობის საჭიროება მართლაც არსებობს, რადგან ამ გზით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის სერვისები უფრო ხელმისაწვდომი ხდება. ამ ეტაპზე, Scase-ის მოწყობილობას სამედიცინო პერსონალი გამოიყენებს. შედეგად მათ აღარ მოუწევთ პაციენტის შესახებ მონაცემების ფურცელზე გადმოტანა, რადგან მათ ციფრულ პლატფორმაზე შეინახავენ. აღნიშნული მიდგომა უკეთ უპასუხებს სოფლად მცხოვრები პაციენტების მოთხოვნილებებს და მედიკოსებს მათი სამედიცინო მდგომარეობის უკეთესად მონიტორინგში დაეხმარება“ ამბობს Scase-ის პროექტის მენეჯერი ტატიანა სისკოვა.

Scase-ის გუნდმა ინოვაციური მოწყობილობა ჩეხეთის კარიტასის სამედიცინო ექსპერტებსა და სოფლის ექთნებს თბილისში წარუდგინა. აღნიშნულის შემდეგ კი მოწყობილობის დასანერგად დუშეთის ადგილობრივ ამბულატორიებს ესტუმრა. მას შემდეგ, რაც სოფლის ექთნები Scase-ის მუშაობის პრინციპს ადგილზე გაეცნენ, მათ ხუთი ცალი მოწყობილობა პილოტირებისთვის გადაეცათ.

„Scase იქნება ძალიან სასარგებლო მოწყობილობა ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის გაძლიერებისთვის, განსაკუთრებით კი ისეთ გეოგრაფიულ არეალში, სადაც სოფლის ექიმი ხელმისაწვდომი არ არის. აღნიშნული მნიშვნელოვნად დაეხმარება სოფლად ქრონიკული დაავადებების მართვას და გააუმჯობესებს ექთნის როლს ყველაზე ხშირი დაავადებების პრევენციასა და მართვაში“ ამბობს ჩეხეთის კარიტასის პროექტის მენეჯერი რუსუდან ჩხუბიანიშვილი.

Scase piloting 2_August 2021

ჩეხეთის კარიტასის როლი საქართველოს პირველად ჯანდაცვაში

ჩეხეთის კარიტასი საქართველოს მთავრობას 2015 წლიდან უჭერს მხარს და მიზნად ჯანდაცვისა და სოციალური სექტორების გაუმჯობესებას ისახავს. დუშეთის მუნიციპალიტეტში Scase-ის პილოტირება ჩეხეთის კარიტასის მიერ საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისკენ მიმართული აქტივობების მხოლოდ ნაწილია.

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერის შედეგად, 2021 წლის ივლისში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ჯანდაცვის სამინისტროსთვის „მართვის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო სისტემა“ და „0-6 ბავშვთა ჯანმრთელობის და განვითარებაზე მეთვალყურეობის საინფორმაციო სისტემა“ წარადგინა.

ამასთან, ჩეხეთის კარიტასის ექსპერტებმა შეიმუშავეს კლინიკური გზამკვლევები და პროტოკოლები, რომელთა პილოტირება პირველადი ჯანდაცვის რგოლში ჩართულ კლინიკებში მცხეთა-მთიანეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. პროტოკოლებისთვის შერჩეული თემები ჯანდაცვის სამინისტროსა და კარიტასის ექსპერტების მიერ ერთობლივად განისაზღვრა. ძირითადი ყურადღება დაეთმო ყველაზე მეტად გავრცელებულ არაგადამდებ დაავადებებს, მათ შორის: დიაბეტი, ჰიპერტენზია, კარდიო-ვასკულარული დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, დისლიპიდემია. ასევე, გაუმჯობესდა პრევენციული ზრუნვისთვის საჭირო პროტოკოლებიც, როგორებიცაა 0-6 ასაკის ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარების მეთვალყურეობა, 18-65 წლისა და 65 წლის ასაკს ზემოთ მყოფი ადამიანების გამოკვლევები. კლინიკური გზამკვლევების ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი ისაა, რომ ისინი გააუმჯობესებენ როგორც სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და პროცესს, ისე მათი გამოყენება აისახება პაციენტის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე.

ხსენებული ტრენინგების გარდა, კარიტასის ექსპერტები შერჩეულ მუნიციპალიტეტებში ამბულატორიების სამედიცინო პერსონალის ინტენსიური კლინიკური სწავლებისა და მხარდამჭერი მეთვალყურეობის გზით, მუშაობენ პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების სისტემის შექმნაზე. აღნიშნული მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე, პაციენტების გამოცდილებისა და შედეგების გაუმჯობესებაში, და პირველადი ჯანდაცვის სერვისების პროვაიდერი კლინიკების შესაძლებლობების გაზრდაში.

COVID-19-ის გავრცელების პარალელურად, 2020 წლიდან ჩეხეთის კარიტასმა თავისი აქტივობები პანდემიასთან საბრძოლველად მიმართა და ჩაატარა ონლაინ ტრენინგები COVID-19-ის მართვის, პოსტ-კოვიდ გართულებებისა და ვაქცინაციის გვერდითი ეფექტების მართვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ორგანიზაციამ სოფლის ამბულატორიებს 50 კომპიუტერი გადასცა, რათა ამ დაწესებულებებს საშუალება ჰქონოდათ ეფექტიანად წარემართათ თავიანთი კლინიკური პრაქტიკა.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აქტიურად აგრძელებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მხარდაჭერას.

czech aid logo  Logo_of_Ministry_of_Labour,_Health_and_Social_Affairs_of_Georgia._2012  download